Accessibility links

„სახელმწიფომ კეთილი ინებოს და თუ თვითონ არ შეუძლია, აღიაროს და მოუწოდოს თანამოქალაქეებს, მოსახლეობას ძალების კონსოლიდაციისკენ"


კონსტანტინე პოზოვი, ფსიქოლოგი

საქართველოს მოქალაქე, ფსიქოლოგი კონსტანტინე პოზოვი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ვერ ახერხებს იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას. მისი თქმით, იტალიაში საქართველოს საელჩოს „ცხელ ხაზზეც“ დარეკა და წერილობითაც მიმართა დიპლომატიურ წარმომადგენლობას, თუმცა, პასუხი ვერაფერზე მიიღო და სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივით იძულებით რჩება იტალიაში, COVID-19-ის გავრცელების მხრივ ევროპაში ყველაზე სარისკო და მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფ ქვეყანაში:

„პასუხი საელჩოდან ჯერ არ მიმიღია. „ცხელ ხაზზე“ რამდენჯერმე დავრეკე და მუშაობს 24 საათის განმავლობაში, თუმცა თუ ერთსა და იმავე ინფორმაციას გებულობ, რა აზრი აქვს? ძალიან მარტივ, აქტუალურ საკითხებზე: როდის იქნება რეისი ან რით ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს? მარტო მწუხარების ნოტი ისმის საელჩოს მხრიდან. ეს ცხელ ხაზს რაც შეეხება და ჩემს გაგზავნილ წერილზე ჯერ პასუხი არ მოსულა და ამიტომ ვაპირებ კიდევ მიწერას.

ბევრს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს იტალიის სახელმწიფო აბრკოლებს ყველაფერს და ჩვენი მოქალაქეები არიან ჩარჩენილი იტალიის ტერიტორიაზე იტალიის მთავრობის გამო. საქმე მთლად ასე არ არის. ლაპარაკია იმაზე, რომ თვითონ საქართველო არ ახორციელებს ფრენებს.

...საელჩოს თანამშრომელმა სახელი და გვარი არ მითხრა ცოცხალი თავით. მე ეს სახელი და გვარი იმისთვის მინდოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში დამეფიქსირებინა, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ დროს დავრეკე და ვესაუბრე ამა და ამ თანამშრომელს. მხოლოდ ამ მიზნით.

...მარტივი კითხვები დავუსვი, აი, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია? ვმუშაობთ, მაგრამ ამჟამად არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია-ო. კარგით. მიმთავრდება ფული, გამომელევა პროდუქტი, რა უნდა ვქნა? რომელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ, რომ შეიძლებოდეს მივმართო მათ თავშესაფრის ძიებაში? სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდითო. ცხელ ხაზზე მივიღე ასეთი პასუხი.

...ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება მთავრობის მიერ, აუცილებლად უნდა გადამოწმდეს და შეფასედეს, რადგან არ შეიძლება ზოგადი განცხადებებით პასუხისმგებლობის არიდება. დარწმუნებული ვარ, იტალიის სახელმწიფო ბედნიერი იქნება, თუ მას გარკვეული ტვირთი მხრებიდან მოცილდება".

კონსტანტინე პოზოვი საქართველოდან 12 თებერვალს გაემგზავრა და მარტის დასაწყისში აპირებდა დაბრუნებას, თუმცა COVID-19-ის გავრცელების ფონზე საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ეს ვეღარ მოახერხა. ის ახლა ქალაქ რიმინიში იმყოფება და მეგობრების დახმარებით ახერხებს სასტუმროში დარჩენას და კვების ხარჯების დაფარვას. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გაგზავნილი ფულის გამოტანასაც ვეღარ ახერხებს, რადგან ყველაფერი დაკეტილია.

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს აქვს ეჭვი, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილს სახელმწიფო განგებ არ აძლევს დაბრუნების შესაძლებლობას, იმის შიშით, რომ ძალიან ბევრის მოთავსება მოუწევთ კარანტინში და ამის საშუალება არ არის:

„კითხვა ჩნდება - ხელოვნური დაბრკოლება ხომ არ არის? არ შეგვიძლია მოქალაქეების გადმოყვანა, თუ შიშია იმის, რომ მოქალაქეები ინფიცირებულები აღმოჩნდებიან და შემოიტანენ დაავადებას? მგონი, უფრო ამასთან გვაქვს საქმე. სახელმწიფო ამბობს - „ეტაპობრივად“, ვინაიდან საავადმყოფოები არ გვაქვს მზად ამისთვის. მაშინ, თქვით უარი ჩემზე ოფიციალურად. გვითხარით, რომ აღარ ვაღიარებთ ამ ადამიანებს მოქალაქეებად და თვითონ იზრუნონ საკუთარ თავზე, რაც ისედაც ხდება“.

კონსტანტინე პოზოვი შექმნილ ვითარებაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოქალაქეებს შორის სოლიდარობას და რიგი საკითხების მთავრობის გარეშე მოგვარების მცდელობას. ის მადლობას უხდის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მხარში დაუდგა.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG