Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი 4 ავტომობილს 300 000 ლარად ტენდერის გარეშე შეიძენს


საქართველოს პარლამენტმა შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს წერილით მიმართა და 7-10 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ანსამბლეის სესიისთვის ორი მსუბუქი მანქანის, ორი ერთეული ტოიოტა „ქემრის“ და ორი ერთეული შკოდა „ოქტავიას“ შეძენა სთხოვა. შესყიდვა ტენდერის გარეშე იგეგმება და 4 ავტომობილის ფასი 300 ათასი ლარი იქნება.

პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები საქართველოს ფარგლებში სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციის მიღება/მასპინძლობა [ღონისძიებაზე მოწვეულ პირთა სავარაუდო რაოდენობაა 250 პერსონა].

კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი, პარლამენტის პასუხი შემდეგია:

„ვინაიდან საქართველოს პარლამენტის დელეგაციების მიღების ორგანიზების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებიდან 4 (ოთხი) ავტომანქანა მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან და მათი შეკეთება დიდ და არაგონივრულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხოლო უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეხვედრებისა და ღონისძიებები, მათ შორის 2019 წლის 7-10 დეკემბერს - აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარება, რომელთა ფარგლებში გვესაჭიროება სწორედ აღნიშნული კლასის და რანგის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სატრანსპორტო მომსახურების შეუფერხებლად და ხარისხიანად მიღება, შესაბამისად სახეზეა შეზღუდული ვადები.

მსგავსი ტიპის ღონისძიებების განხორციელების წინასწარი (გონივრული ვადით ადრე) დასტურისა თუ გარანტიების მიღება კიდევ შეუძლებელია, ვინაიდან ღონისძიების ჩატარება მრავალმხრივ თანხმობას საჭიროებს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა რანგის წარმომადგენლებთან და მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული.

ყურადსაღებია ის გარემოება, რომ პარლამენტის აპარატის მიერ ელექტრონული ტენდერის (SPA190000521) გზით დაქირავებული ავტომობილებისთვის სატენდერო პირობების შესაბამისად გათვალისწინებულია კონკრეტული რეისები და კონკრეტული მიმართულებები, თუმცა რიგი ღონისძიებების ჩატარებისას ხშირია დელეგაციების მიმდინარეობის ფარგლებში წინასწარ დადგენილ/დამტკიცებულ გეგმაში ცვლილებები, რაც ელექტრონული ტენდერის გზით მანქანების დაქირავების შემთხვევაში იწვევს დისკომფორტს, საჭიროებს დამატებითი შეთანხმებების შეტანას, ხელშეკრულების პირობების შეცვლას და ა.შ. ასევე დაქირავებული სატრანსპორტო საშუალების შემოწმება უსაფრთხოების კუთხით გაცილებით დიდ რისკებთან და დროსთანაა დაკავშირებული რაც იწვევს მომსახურების სრულფასოვნად მიღების შეფერხებას, შესაბამისად მსგავსი ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისთვის ყველაზე მოქნილი და უსაფრთხოა საკუთარი შიდა რესურსებით სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოება, იწვევს ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობას, რომლის გათვლა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო წინასწარ შეუძლებელია“.

პროექტის მოსალოდნელ შედეგებში პარლამენტის აპარატი უთითებს, რომ „აღნიშნული ღონისძიების სრულყოფილად განხორციელების შედეგად გაიმართება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საპარლამენტო საქმიანობა და განხორციელდება საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს, ვინაიდან სწორედ მსგავსი შეხვედრების ფარგლებში ხორციელდება საქართველოს პარლამენტისთვის საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებაში ხელის შეწყობა და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა“.

XS
SM
MD
LG