Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელით


ავტორი: მარიამ პირველი

„ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ,

ყოველივეს ვიღონებ, რათა:

- ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას;

- ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს;

- განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით;

- ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;

- პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას!“

ამ ფიცის წარმოსათქმელად და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, ცხელი ზაფხულის მიუხედავად, მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრება დღითიდღე აქტიურ ფაზაში გადადის და სულ მალე, 50 კანდიდატიდან საბჭო 20 კანდიდატს საქართველოს პარლამეტს წარუდგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ საქართველოს პარლამეტი, ანუ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველაზე ნათელი მაგალითი, აირჩევს და გაამწესებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირებს, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა პასუხობდნენ კეთილსინდისირებებისა და მაღალკვალიფიციურობის მოთხოვნებს.

სწორედ აქ იბადება მთავარი შეკითხვა, როგორი უნდა იყოს ადამიანი, პროფესიით იურისტი, რომელიც იმსახურებს ატარებდეს ყოველი იურისტისათვის უმაღლეს სტატუსსა და რაც მთავარია, სახელმწიფოს ემსახუროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსით?

საგულისხმოა, რომ ამ კითხვას საბჭოს წევრები, თითქმის ყველა კანდიდატთან აჟღერებენ და ხშირ შემთხვევაში, პასუხებიც ერთმანეთს ჰგავს. თუმცაღა, იმ სიტყვების მიღმა რასაც პროფესიული - სამოსამართლეო დამოუკიდებლობა, მაღალი პროფესიონალიზმი და ჰუმანური სამართალშემფარდებლობა მოიაზრებს, ძალიან მძიმე, საპასუხისსმგებლო და მთელი ერისათვის მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დგას, და ყოველი ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლისათვის რიგით, ყოველდღიურ, საქმიანობას წარმოადგენდეს, მოქალაქისათვის, ადამიანისათვის, რომელიც სამართლის საძიებლად კარზე სახელმწიფოს უმაღლეს სამართალშემფარდებელს მისდგომია, ხშირ შემთხვევაში, ერთადერთ და უკანასკნელ ხსნად გვევლინება. მაშ, რა გამოდის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიის მიღმა დგას ადამიანის ბედის გამომჭედი უმაღლესი ინსტანციაა? რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება და სიმართლისა და სამართლიანობის მაძიებელი, რიგითი მოქალაქისათვის უკანასკნელი ხსნა და გადარჩენა, სწორედაც, რომ ამ მანტიის მიღმა მყოფი ადამიანია სახელად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე!

და მაინც, რა არის ისეთი განსაკუთრებული ამ სტატუსის მიღმა, რომელმაც მთელი ქვეყნის ყურადღება ტელეეკრანებისაკენ მიაპყრო და ყოველი კითხვის შემდეგ სულგანაბული ველით პასუხებს, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი იმ შემთხვევაში თუკი კანონიერი ან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების დილემის წინაშე აღმოჩნდებიან? როგორია მათი ხედვა სამოსამართლო საქმიანობასა და დამოუკიდებლობასთან მიმართებით? ვინ შეიძლება იყოს მოსამართლისათვის მისაბაძი ან/და ლიდერი? რომელი უფლებები განეკუთვნება ან/და არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას და რატომ? და სხვა მრავალი, რომელთა პასუხიც ხშირად ღრმა და ყოვლისმომცველი შთაბეჭდილებების ქვეშ გვაგდებს და ვაანალიზებთ, რომ ჩვენს წინაშე არიან ადამიანები, რომელთა მხრებზეც მართლმსაჯულების განხორციელების მძიმე და უსაზღვროდ საინტერესო ტვირთი უნდა დავდოთ და ამ ტვირთის უპირობო ტარება მათი უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს, არათუ განსაზღვრული ვადით, არამედ, უვადოდ! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ბედს, ვდებთ სასწორის პინაზე, რომლის შეფასებაც მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და სამართლიანად უნდა შეძლოს არა მხოლოდ იურიდიული დისციპლინებით ღრმად განსწავლულმა პირმა, არამედ ადამიანმა ღრმა და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებით ვინაიდან, ხშირად, შეუძლებელია ამოიკითხო ნებისმიერი სახის ლიტერატურაში ისეთი რთული კაზუსის გადაჭრისა და ამოხსნის მეთოდები, როგორსაც ცხოვრება სთავაზობს ადამიანებს და შესაბამისად, ამ რთული და მრავალწახნაგოვანი ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა, სამართლებრივ ჭრილსა და სინამდვილეში სწორედ მოსამართლის ხელშია. მაშ გამოდის, რომ მოსამართლეს ვანიჭებთ იმ ძვირფას გასაღებს, რომელიც ადამიანური ტკივილების, შეცდომების, სიკეთეებისა თუ, სამწუხაროდ, ბოროტების შედეგად შექმნილ სინამდვილეს განსჯის და მყარად ჩაკეტილ პრობლემურ ლაბირინთს მოარგებს, ისე რომ, როგორც ჩვენში იტყვიან „სამართალმა პური ჭამოს“.

ყოველივე ეს, რაზეც ასე საგულდაგულოდ ვმსჯელობთ, სამართალმცოდნეები თუ უბრალო, რიგითი მოქალაქეები, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხაზს თან სდევს და შესაბამისად, ჩვენც ამ მოვლენების უშუალო მონაწილედ მივიჩნევთ თავს. ეს სინამდვილე კი იმითაა განპირობებული, რომ სახელმწიფოში სამართლებრივ სტანდარტს და რეალობას, უმეტესწილად, სასამართლო და შესაბამისად, თითოეული მოსამართლე ადგენს. მეტიც, სამოსამართლო სამართალი, ანუ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების განმარტება და შესაბამისი მოცემულობისათვის შეფარდება, განაპირობეს იმ სამართლებრივ დღის წესრიგს, რომლის კვალდაკვალ ვცხოვრობთ ჩვენ, ყველა ერთად და ცალ-ცალკე. მარტივი ჭეშმარიტებაა, ადამიანის უფლებების დაცვისა და უზრუნველყოფის, სახელმწიფო ინსტიტუციების თუ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარებისა და სანდოობის ხარისხის ზრდის თვალსაზრისით, სასამართლო ხელისუფლება არის ის ერთდერთი და უალტერნატივო შტო ხელისუფლებისა, რომელიც დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფოს ფასდაუდებელ განძს უსახსოვრებს-დამოუკიდებელ სასამართლოს, რომლისთვის მიმართვის შემთხვევაშიც, ადამიანებში იარსებებს სანდოობისა და რაც მთავარია, დაცულობის განცდა. განცდა იმისა, რომ ქვეყანაში სამართალს ძერწავს პირი, რომელიც საკუთარი სინდისის ხმას უსმენს და არსებულ კანონებთან სინთეზში წყვეტს ყველაზე ძვირფასისა და ღირებულის - ადამიანის ბედს.

ამ თვალსაზრისით უკანასკნელ პერიოდში სოციალური სივრცე მოიცვა ამერიკელი მოსამართლის - ფრენკ კაპ­რი­ოს, მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა - „შენ ხარ ამერიკა“, რომელიც მიუძღვნა პროცესის ერთ-ერთ მხარეს, მოხუც მამაკაცს, რომელსაც ადმინისტრაციული ჯარიმა მოძრაობის წესების გამო გამოუწერეს. ამ მშრალი ფაქტის მიღმა კი მოსამართლემ „მიაგნო“ 96 წლის „სამართალდამრღვევს“, რომელსც 63 წლის, სიმსივნით დაავადებული შვილი ქიმიოთერაპიაზე მიჰყავდა. მაშ რა გამოდის, რომ იმ შემთხვევაში თუ კი მოსამართლე მხოლოდ მშრალ ფაქტებს შეაფასებდა, ადამიანური ტრაგედიისა და გამბედაობის მიღმა მყოფ მოქალაქეს კანონის მთელი სიმკაცრით დასჯიდა, მაშინ როდესაც, მან, სასამართლო დარბაზში, სამოსამართლო სამართალი გამოჭედა, და ჩემი აზრით, ის, სწორედ ის მოსამართლე იყო იმ საოცარ წამებში ამერიკა! მან ამერიკის სახელით კანონი ადამიანის სასარგებლოდ განმარტა, ადამიანის, რომელიც მთავარი ღირებულება და მიზანი არის და უნდა იყოს დემოკრატული ღირებულებების მქონე ნებისმიერ სახელმწიფოში!

და განა ასეთი მოსამართლეები ჩვენს რეალობაში არ არსებობენ? განა საქართველოს სახელით გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაგინახავთ მოსამართლის ღრმა და ფიქრიანი თვალები, დაძაბული გამომეტყველება და მოცახცახე ხელები, მაგრამ მაინც საოცრად მყარი და ამაყი მიმოხვრა მანტიისა, როდესაც მოსამართლე სასამართლო დარბაზს ტოვებს, და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მან საკუთარ სამშობლოს კიდევ ერთი, ღირსეული და სამართლიანი გადაწყვეტილებით გამოუცხადა სიყვარული და მორჩილება, პატივისცემა და მადლობა იმისათვის, რომ ღირსად გახადა წარმოთქვას სიტყვები: „გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სახელით“.

და მაინც, იცით რა მგონია ყველაზე მნიშვნელოვნად იმ სიტყვების წარმოთქმისას, რასაც სამოსამართლო ფიცი ჰქვია? მე გავბედავ და გეტყვით, გაიზიარებთ თუ არა, ცხადია, თქვენთვის მომინდია. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც იგი წარმოთქმულია არა მხოლოდ რელიგიური კუთვნილების მიხედვით განკაცებული ღმერთის წინაშე, არა მხოლოდ კონსტიტუციაში ამოტვიფრული ღირებულებების განცალკევებული მორჩილების მიხედვით, არამედ როდესაცფიცის წარმოთქმის წამებში თითოეული მოსამართლის წინაშე საკუთარი სამშობლოს ხატი იძერწება და ამ ფიცით, მას უანგარო სამსახურს აღუთქვამენ და ეს სამსახური და უკიდეგანო ვალდებულება მუდამ თან სდევთ უფერული აჩრდილივით, მაშინროდესაც მანტიას მოირგებენ და მაშინაც, როდესაც ჩაქუჩის ჩუმი მაგრამ მაინც გამაყრუებული ხმა კედლებსაც გასცდება და სამარადისო სამყოფელს ჰპოვებსიქ, რასაც საკუთარი სინდისის ხმა ჰქვია!

„დაწოლიდან დაძინებამდე არის ერთი პატარა, გარდამავალი წამი,
როდესაც საკუთარი თავი ყველამ კარგად ვიცით“- გურამ დოჩანაშვილი!

სწორედ ეს წამი ღირს იმად, რომ როდესაც ნებისმიერი მოსამართლე საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას ამცნობს სიტყვებით: „საქართველოს სახელით“, ხმაში ბზარი არ არსებობდეს და სინდისის წინაშე ყოველ ჯერზე იყოს იმაზე მართალი და ამაყი, ვიდრე უწინ, ვიდრე ოდესმე და ასე სამარადჟამოდ იმ წუთამდე, ვიდრე განგებამ მათ მოსამართლის მანტიის ტარებისა და გადაწყვეტილების საქართველოს სახელით გამოცხადების ღირსად ყოფნა უსახსოვრა!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG