Accessibility links

საქართველოში COVID-19-ის უცნობი წყაროები მრავლდება


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც 10 ივნისს COVID19 დაუდასტურდა, თსუ-ს კანცლერის ლაშა საღინაძის ცნობით, საპენსიო ასაკის ქალია. კანცლერი ზუსტ ასაკს არ აკონკრეტებს, თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქალი 80 წლისაა. მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

ლაშა საღინაძის თქმით, ამ ეტაპზე, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან მას სხვა თანმდევი დაავადებებიც აქვს.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, დამლაგებელი ქალი, რომელიც თსუ-ს მეათე კორპუსს, ე.წ. მაღლივ კორპუსს ასუფთავებდა, სამსახურში ბოლოს ცხრა დღის წინ იყო.

თსუ-ს კანცლერის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტი 23 მარტიდან დისტანციური სწავლებისა და მუშაობის რეჟიმზეა გადასული, მცირეა იმ კონტაქტების რაოდენობა, რომლებსაც ინფიცირებულთან პირდაპირი თუ ირიბი შეხება ჰქონდა. ლაშა საღინაძის თქმით, თსუ-ში არსებული ყველა კონტაქტი დადგენილია და მიმდინარეობს მათი PCR ტესტირება:

„დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისათვის თავიდანვე შედგა მუშაობის სქემა. ისინი კვირაში ერთხელ, მხოლოდ 2-3 საათით მოდიოდნენ სამსახურში. ინფიცირებულს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა მხოლოდ ორ თანამშრომელთან. ირიბი კონტაქტი კი დაფიქსირდა 10 პირთან. ყველა მათგანი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები არიან. ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მიმდინარეობს მათი კვლევა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნივერსიტეტის მასშტაბით კონტაქტების კვლევა დასრულებულია“.

თსუ-ს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო, ამ დრომდე მიკვლეული არ არის. ანუ, უცნობია, სად დაინფიცირდა საპენსიო ასაკის ქალი, რომელიც სამსახურში მხოლოდ კვირაში ერთხელ გადიოდა და იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ, ვირუსი ამ ეტაპზე, არ დადასტურებია.

რადიო თავისუფლების კითხვას, სამსახურში მისასვლელად რა ტიპის ტრანსპორტს იყენებდა ქალი, თსუ-ს კანცლერი პასუხობს, რომ მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს და სამსახურში მისასვლელად ის, სავარაუდოდ, ტრანსპორტით არ სარგებლობდა.

კიდევ ერთი ინფიცირებული, რომლის პირველწყაროც ჯერჯერობით დაუდგენელია, 12 ივნისს, გორში გამოვლინდა. კორონავირუსი Embawood-ის გორის ფილიალის თანამშრომელს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულთა კონტაქტში მყოფი 8 ადამიანი, რომელთა შორის უმეტესობა Embawood-ის თანამშრომელია, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი. მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს მოძიება.

უცნობი წყაროები და ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი

ბოლო ორი დღის განმავლობაში, საქართველოში მოიმატა იმ ინფიცირებულების რაოდენობამ, რომელთა ინფიცირების პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება. 10-12 ივნისის მონაცემებით, ასეთი ინფიცირებულების რაოდენობა სულ ხუთია. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ შესაძლოა ეს სიტუაცია მიანიშნებდეს ქვეყანაში კორონავირუსის „მეორე ტალღის“ წარმოშობაზე.

ინფიცირებულებს, რომელთა პირველწყაროც დაუდგენელია, არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ არც ერთმანეთთან და არც უკვე არსებულ კლასტერებთან.

ე.წ. „უცნობი“ წყაროების გაჩენამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია. ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 11 ივნისს განაცხადა, რომ ეს შემთხვევები მიანიშნებს, რომ „საზოგადოებაში ინფექცია ცირკულირებს“ და ეპიდემიოლოგები ამ სიტუაციამ „ცოტა შეაშფოთა“.

რას შეცვლის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით უცნობი წყაროების მატება, ამ სურათს მომდევნო ორი კვირაში, ანუ ვირუსის საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში დავინახავთ.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, როგორია დღეის მდგომარეობით საქართველოში ვირუსის რეპროდუქციული რიცხვი. ანუ ერთ ადამიანს რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ეს რიცხვი ცვალებადია და მას განაპირობებს ნაწილობრივ ვირუსის ბუნება და ნაწილობრივ კი საზოგადოების ქცევისა და ჩვევების თავისებურებები.

ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ თუკი ერთი ინფიცირებული ერთზე ნაკლებ ადამიანს აავადებს, ეს ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელება ნაკლებსავარაუდოა. თუმცა, თუკი ერთ ადამიანს ერთზე მეტი ადამიანის, მაგალითად, ერთი და ნახევარი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია, მაშინ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის გავრცელებამ შესაძლოა სახიფათო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ექიმი გიორგი გოცაძე, ჯანდაცვის სისტემების სფეროს პრაქტიკოსი და საერთაშორისო სპეციალისტი, ფონდ „კურაციოს“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 0,58-ია. ანუ, ერთ ადამიანს, ნახევარი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ ეს რიცხვი არ შეიცვლება და რეპროდუქციული ანუ, ვირუსის გადადების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი არ იქნება:

„ეს მონაცემი მუდმივად ცვალებადია. სრულიად სხვა ვითარება იყო, როდესაც ეპიდემია დაიწყო, სხვა მონაცემი იყო მაშინ, როდესაც კარანტინში ვიყავით და ახლა სულ სხვაა. დღევანდელი მდგომარეობით, რეპროდუქციის რიცხვი საქართველოში 0,58. ანუ, ერთი ადამიანი ნახევარ ადამიანს აინფიცირებს. თუმცა, ხვალ რომ 20 შემთხვევა გამოჩნდეს, ეს რიცხვი სულ სხვა იქნება და ამიტომ ამ რიცხვმა არანაირად არ უნდა შეიყვანოს საზოგადოება კომფორტის ზონაში. ერთი და სამი დღის მაჩვენებელი ამ მონაცემის გამოყვანაში არ დაგვეხმარება. ჩვენ ტენდენციას უნდა დავაკვირდეთ, როგორ იცვლება ეს მაჩვენებელი დროის განმავლობაში“.

ფონდ „კურაციოს“ მიერ, 22 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, 1,68 იყო. და ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა, ე.წ. კომენდანტის საათი და არაერთი მკაცრი შეზღუდვა.

„კურაციოს“ მკვლევრების მიერ უკვე 18 მაისს გამოქვეყნებულ ანალოგიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ვირუსის გავრცელების დინამიკა კლებადია და მან ერთზე ქვევით ჩამოიწია. თუმცა მკვლევრები იმასაც ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ინფექციის გავრცელების შენელების ეს დინამიკა საყოველთაო ჩაკეტვის შედეგად არის მიღწეული: „ვინაიდან, ჯერჯერობით, არ ვიცით, რა ტენდენცია გვექნება შეზღუდვების შესუსტების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ეპიდემიის ტალღა გადავიარეთ“, - წერენ მკვლევრები.

გიორგი გოცაძის თქმით, დაუდგენელი წყაროების გაჩენით შექმნილი რეალურ ვითარების შესახებ ლაპარაკი, სავარაუდოდ, მომდევნო 10-14 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ვირუსის საინკუბაციო პერიოდი გავა:

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლოა, ხვალ ვირუსის რეპროდუქციული რიცხვი იყოს სულ სხვა ამიტომ ამ ტექნიკურ დეტალებზე ლაპარაკს, აჯობებს ადამიანებს ისევ მივაწოდოთ მესიჯი, რომ დაიცვან სოციალური დისტანცია, გააგრძელონ ჰიგიენური წესების დაცვა“.

უცნობი წყარო, ანუ მეოთხეული გადაცემა, როდესაც ვეღარ დგინდება ვირუსის პირველწყაროს დადგენა და ვირუსის უკონტროლო გავრცელების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ეტაპად ითვლება, საქართველოში პირველად 23 მარტს, მარნეულში დაფიქსირდა. ერთ თვეზე მეტია, რაც ეპიდემიოლოგთა მიერ აღარ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ინფიცირების შემთხვევაში, პირველწყარო უცნობია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სულ 843 პირს დაუდასტურდა, მათგან 697 განიკურნა, 13 კი გარდაიცვალა. დილის მონაცემებით, ინფიცირებულთაგან 5 შემთხვევაში ვირუსის გადადების წყარო ვერ დგინდებოდა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პირველი ივნისის შემდეგ ეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG