Accessibility links

ინტერვიუ: საქართველო ვერასოდეს გადაიტანს იმას, რაც იტალიამ გადაიტანა


20 წლის ანი მიქაბერიძე, უკვე მეხუთე წელია, იტალიაში ცხოვრობს. ფლორენციაში ეკონომიკას სწავლობს, თვეზე მეტია კარანტინის წესებს იცავს და ამბობს, რომ ყველაზე მთავარი, რაც მსოფლიოში ახალი ვირუსის გავრცელების შემდეგ შეიძლება დავიმახსოვროთ, ისაა, რომ არადემოკრატიული ქვეყნები, სადაც ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება შეზღუდულია, საფრთხეს წარმოადგენს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე მთელი მსოფლიოსთვის.

იტალია კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელით პირველი ქვეყანაა ევროპაში და მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ; დადასტურებული შემთხვევები 63 ათასს აჭარბებს, დაიღუპა 6000-ზე მეტი ადამიანი.

ანის იტალიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად განხილულ თემებზე ვკითხეთ აზრი - იმის გასაგებად, რას ფიქრობენ იქ არსებულ მდგომარეობაზე არა პოლიტიკოსები, დიპლომატები ან ექიმები, არამედ მოქალაქეები, რომელთა ცხოვრებაც ბოლო ორი თვის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა.
ანის იტალიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად განხილულ თემებზე ვკითხეთ აზრი - იმის გასაგებად, რას ფიქრობენ იქ არსებულ მდგომარეობაზე არა პოლიტიკოსები, დიპლომატები ან ექიმები, არამედ მოქალაქეები, რომელთა ცხოვრებაც ბოლო ორი თვის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა.

ყველაზე გავრცელებულ ფრაზაზე გკითხავ აზრს: რამდენად ახლოს არის რეალობასთან ის, რომ იტალიას ყველაფერი დაუდევრობით დაემართა?

მაინცდამაინც ეგრე არ ვფიქრობ. ცხადი იყო, რომ ის ქვეყნები, რომელთაც ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა, რისკის ქვეშ იქნებოდნენ. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ვითარებამ აჩვენა, არის არადემოკრატიული ქვეყნები, რომლებსაც არაგამჭვირვალე პოლიტიკა აქვთ, ინფორმაციას აკონტროლებენ და სიმართლის ეშინიათ.

ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ იტალიაში, არის ვირუსის გავრცელების რეალური სურათი, რომელიც, მაგალითად, ჩინეთმა და ირანმა დამალა.

რამდენად ეფექტურად ახერხებს იტალია გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, რომლის წინაშეც აღმოჩნდა?

პირველი პაციენტი იყო 21 თებერვალს. კვლევების მიხედვით, ფიქრობენ, რომ მანამდეც გავრცელებული იყო ვირუსი და პირველი შემთხვევის გამოვლენამდე არაერთი ადამიანი იყო ინფიცირებული. იტალიელების ცხოვრების წესმაც ითამაშა როლი: აქ ძალიან უყვართ სიცოცხლე, გარეთ ყოფნა, კომუნიკაცია, მხრიარულება. ბევრ დროს ატარებენ გარეთ, ხალხმრავალ ადგილებში, ბევრს მოგზაურობენ - შეიძლება სწორედ ამიტომაც ვერ გაიაზრეს ის საფრთხე, რის წინაშეც დავდექით.

იტალიური ჯანდაცვის სისტემა ძალიან ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებულია - სახელმწიფო სერვისების დიდ ნაწილს ფარავს, ექიმებიც მაღალი კვალიფიკაციის არიან. იმათაც კი, ვინც აქ არალეგალურად ცხოვრობს და საბუთები წესრიგში არ აქვთ, შეუძლიათ საავადმყოფოში მიიღონ ნებისმიერი სერვისი - ქუჩაში არავინ რჩება.

ახლაც, როცა ასეთი მძიმე მდგომარეობაა, სოლიდარობის განცდა და მოხალისეობის სურვილი ძალიან ბევრს აქვს. რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა მობილიზაცია - ჩრდილოეთის რეგიონებისთვის სჭირდებოდათ 300 ექიმი დამატებით და 3 500-მდე მოთხოვნა შევიდა. ბევრი მოხალისეობრივად ეხმარება მოხუცებს.

სამწუხაროდ, ახლა უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ საწოლები აღარ ყოფნით დაავადებულებისთვის, განსაკუთრებით, ჩრდილოეთში. ცდილობენ ახალი ზონები მოაწყონ ამ დეფიციტის შესავსებად.

ტესტირება ყველას არ უტარდება, რამდენიმე რეგიონში დაიწყეს მხოლოდ აგრესიული ტესტირება. საავადმყოფოშიც მაშინ გადაყავხარ, როცა მძიმე მდგომარეობაა. სახლიდან ბევრი მკურნალობს - საავადმყოფოებში უფრო მოხუცები გადაჰყავთ. სხვა ჩვენების გამო რომ მივიდეს მოხუცი საავადმყოფოში, იმასაც უტარდება ტესტი კოვიდ-9-ზე.

ექიმები მკურნალობენ კორონავირუსის მქონე პაციენტს ინტენსიურ განყოფილებაში.
ექიმები მკურნალობენ კორონავირუსის მქონე პაციენტს ინტენსიურ განყოფილებაში.

ხშირად ისმის კითხვა, რატომ აქვს იტალიას სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?

იტალია, ზოგადად, ძალიან მოხუცი ქვეყანაა. იტალიაში გარდაცვლილთა დიდი ნაწილი 80 წელს გადაცილებულია და მათ სხვა დაავადებებიც ჰქონდათ, რაც შემთხვევების ლეტალურად დასრულების რისკფაქტორს შეადგენდა.

არის მეორეც - დაინფიცირებული რეალურად შეიძლება იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ ვიცით, გამომდინარე იქიდან, რომ ყველას არ უტარდება ტესტირება. და თუ ამ რაოდენობას, ჯამში, დაინფიცირებულებისას და სიკვდილიანობისას შევადარებთ, ვნახავთ, რომ არ არის ძალიან მაღალი რიცხვი. უბრალოდ, აქ ყველაფერი რეალისტურად აღირიცხება, სხვა არადემოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით. იტალია არ მალავს რიცხვებს. ბოლო დღეებში, სხვათა შორის, იკლო გარდაცვლილთა რაოდენობამ.

სიკვდილიანობის სტატისტიკასთან ერთად, სოციალურ ქსელებში აღნიშნავენ ხოლმე, რომ იტალია მარტო დარჩა დიდი უბედურების წინაშე.

იტალია ევროპის ნაწილია. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უზარმაზარი თანხა (750 მილიარდი) გამოყო იმ შედეგებთან გასამკლავებლად, რასაც ეპიდემია მოგვიტანს. გერმანიამ დაიწყო იტალიიდან პაციენტების მიღება.

რა თქმა უნდა, არიან პოპულისტი პოლიტიკოსები, ვინც ამაზე აკეთებს აპელირებას, ნაციონალისტები და ის ხალხი, რომლებიც ევროკავშირის იდეას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა ყველას ესმის, რომ ახლა ამის დრო არ არის და დიდად არც არავინ უსმენს.

ევროპაში იციან, რომ მარტო ვერც ერთი ქვეყანა ამას ვერ გაუმკლავდება და მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა. მე რაც მომწონს, ისაა, რომ ევროპა ამ დროს არ კარგავს იმ მნიშვნელოვან ღირებულებებს, რაც აქვს.

ქალები მილანში ცდილობენ დაიცვან სოციალური დისტანცია
ქალები მილანში ცდილობენ დაიცვან სოციალური დისტანცია


თუ იცი, როგორ არიან მანდ მცხოვრები სხვა ქართველები, განსაკუთრებით, ქალები, რომლებიც ოჯახებში ცხოვრობენ?

შედარებით გაუმართლა მათ, ვისაც 24-საათიანი სამუშაო ჰქონდა. სხვებმა, რომლებიც საათობით მუშაობდნენ, ნაწილმა დაკარგა სამსახური. აქ თუნდაც არალეგალურად მყოფს შეუძლია სამედიცინო სერვისების მიღება საჭიროების შემთხვევაში. იმ ადამიანების უმეტესობას, ვისაც ვიცნობ, საქართველოში დაბრუნებაზე არ უფიქრია. ისევ იმას ცდილობენ, რომ ერთმანეთს დაეხმარონ, ვისაც როგორ შეუძლია.

გარდა პანდემიასთან ბრძოლისა, როგორ უმკლავდება ქვეყანა ამ კრიზისს, თუნდაც ეკონომიკურ გამოწვევებს?

ყველამ ვიცით, რომ მძიმე მდგომარეობა გველოდება წინ და ეს ეკონომიკური შოკი მძიმე დარტყმა იქნება მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ მთავარი ამოცანა, რაც არის, არის ის, რომ ვირუსის გავრცელება შენელდეს და ჯანდაცვის სისტემა ასეთი დიდი დარტყმის ქვეშ არ იყოს. პარალელურად ამუშავდა უკვე ეკონომიკური შეღავათების პაკეტები: გარდა იმისა, რომ ბიზნესს ეხმარებიან, შემოიღეს 600-600 ევროს ოდენობის დახმარება ფრილანსერებისთვის, ვისი შემოსავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ასევე იმ ხალხს, ვინც ახლა ე.წ. “ფრონტის ხაზზეა”, აძლევენ ვაუჩერებს. ეს ზრუნვა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანიკაში არ ჩავარდე.

უნივერსიტეტები და სკოლები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე - სულ რამდენიმე დღე ჰქონდა სისტემას ამისთვის. უმეტესობას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა ონლაინ ლექციების და გაკვეთილების. იყვნენ ისეთები, ვინც ეწინააღმდეგებოდა დისტანციურ სწავლებას. ამის ფონზე, ძალიან კარგად ადაპტირდნენ ამ ახალ მოდელზე.

ანის სამუშაო მაგიდა სახლში და ხედი ფანჯრიდან
ანის სამუშაო მაგიდა სახლში და ხედი ფანჯრიდან

ისიც აღსანიშნავია, რომ იტალიის ეკონომიკა დიდია და, მაგალითად, ტურიზმის წილი მთელ ეკონომიკაში ძალიან დაბალია და ჩაკეტილი საზღვრები ისეთ მნიშვნელოვან ზიანს არ მიაყენებს ეკონომიკას.

რა შეიძლება ისწავლონ სხვა ქვეყნებმა, თუნდაც საქართველომ იტალიის შემთხვევიდან?

საქართველოში ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ექიმების გადამზადება, რისი დროც იტალიას არ ჰქონდა. აქ ძალიან ბევრი ექიმი დაინფიცირდა. რაღაც მიმართულებით რომ კარგი ექიმი ხარ, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ვირუსით ინფიცირებულებს დაეხმარები და უმკურნალებ. რაოდენობა რომ გაიზრდება, გადამზადებული ექიმები ძალიან მნიშვნელოვანი გახდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხალხს ჰქონდეს სახელმწიფოს იმედი - არ ვიცი, ეს საქართველოში რამდენად გამოვა.

როცა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ბუნდოვანი დარჩა, რას გააკეთებს სახელმწიფო ადამიანებისთვის ამ მდგომარეობის ფარგლებში - თუნდაც ის სოციალური პროგრამები, რაც აქ აამუშავეს, ამის მსგავსი მანდ არაფერი მომისმენია.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ახლა არ არის ეგოიზმის დრო - ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. მთავრობებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს დრო არა საკუთარი თავის მოსაწონებლად, არამედ ხალხის სამსახურში ყოფნისთვის უნდა გამოიყენონ.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG