Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 საყვედური              


იმის მიუხედავად, რომ ვიცით, რატომ, როგორ და როდის ებრძოდა და ებრძვის რუსულ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა იმპერიალიზმი საქართველოს დამოუკიდებლობას, და ვიცით, ვინ დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, პრაქტიკულად, 1991 წლის დეკემბრიდან (ოღონდ, ტრადიციულად, ქართველების "ტრადიციული წამოგებით პროვოკაციებზე"), მაინც რაღაცა არ გვასვენებს, რაღაცნაირი ეჭვი გვღრღნის, როცა 2008 წლის ომზე ვსაუბრობთ... უმეტესად, ჯიბრითა და ნიშნისმოგებით.

რაღაცა არ გვასვენებს, მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანად ვბრაზობთ, როცა საქართველოს მავნებლურად დილეტანტი პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის სიტყვები ემთხვევა ერთმანეთს 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის შეფასების დროს, რადგან არანორმალური და, მეტიც, დანაშაულებრივია, როცა ქვეყნის პრეზიდენტი და მისივე ქვეყნის მტერი ჩინოვნიკი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის "დაუფიქრებლობას" ასახელებენ ამ ომის მთავარ მიზეზად, კრემლის პროპაგანდისტული ფრაზების ციტირების ჩათვლით "მძინარე ცხინვალის დაბომბვის" შესახებ...

ცხადია, 2008 წლის ომი პუტინიზმის სინდისზეა ისტორიულად და ეს ობიექტურად ასეა, მიუხედავად იმისა, რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, თუკი მაინცდამაინც ომი არა, გამარჯვება ჩვენც უთუოდ გვინდოდა 2008 წლამდე, რაც სახელმწიფოს პათეტიკის ნაწილად ქცეულიყო თავისი პატრიოტთა ბანაკებით, სატელევიზიო რეკლამებით, ბიჭი რომ შეყვარებულს აკითხავს რაღაც ტანკისმაგვარით რიგის ქუჩის კუთხეში, რეზერვისტთა თვრამეტდღეულებისას შეძენილი ცოდნით - არავის არაფერში რომ არ წაადგა ოღონდ იმ საშინელ ხუთ დღეში, სახელმწიფოს ფულით ყველაფრის სამღერლად მზადმყოფი, სამხედრო ფორმებში გამოწყობილი საესტრადო მომღერლების მიერ ნაკივლები პოპეროვნული პატრინოტებით და, რაც მთავარია, საკუთარი თავის ამგდებ-თავდაჯერებული რწმენით, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენც უნდა გავიმარჯვოთ რამენაირად...

ცხადია, ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ რაღაცა მაინც ვერ გაგვიგია, რა და რატომ მოხდა ჩვენს თავს, მაინც რა იყო ის აუხსნელი თუ გამოუთქმელი დეტალი (და არა გლობალური, ისტორიული მიზეზი, რომელიც ისედაც ცნობილია), რამაც ჩვენი ცხოვრების სამუდამო ტრავმულ კოშმარად აქცია 2008 წლის აგვისტო (ტრავმულ კოშმარად ცოცხლებისთვის, ფიზიკურ დასასრულად დაღუპულთათვის).

თუ, იქნებ, ყველაფერი გასაგებია და გაუგებარი მხოლოდ ისაა, შეკითხვებს რაღატომ ვსვამთ - ხომ ისედაც ცხადია, კრემლს რა უნდოდა?!

კი, ისედაც ცხადია, მაგრამ ისიც ხომ ბუნებრივია, რომ კატასტროფის შემდეგ პირველი ინსტინქტი სწორედ ამ შეკითხვის დასმაა: სად მოხდა შეცდომა?

და შეკითხვებიც იმიტომ ისმება, რომ ომი არა საქართველოს გამარჯვებით, არამედ თუკი ტოტალური კატასტროფით არა, ერთმნიშვნელოვნად დამარცხებით დასრულდა (დაღუპული ადამიანები, დაკარგული სოფლები და საქართველოს შუაგულში აღმოცენებული ახალი რუსული სამხედრო ბაზები). მართალია, გადარჩა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მაგრამ დაზიანდა რწმენა, რომელიც არც ამ ომამდე იყო მტკიცე: რომ გამარჯვება შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დამარცხებაშიც გამოჩნდა ის, რითაც არცთუ ხშირად, მაგრამ თითქმის გარანტირებულად იმარჯვებდნენ საქართველოში: იშვიათად გამოყენებული ჭკუით, თუნდაც ყველაზე კრიზისულ პირობებში გამოვლენილი ნიჭიერებით და იმ მთავარი იარაღით, რითაც, როგორც წესი, ისტორიულად მარცხდება ხოლმე ტოტალიტარიზმი: სწორ დროს და სწორ ადგილას თქმული სიტყვებით.

შეკითხვის დამსმელი დამარცხებას იკვლევს და არა გამარჯვებას.

და ორივე ტყუის, ვისაც დასკვნა ვერ გამოაქვს ისტორიული გაკვეთილიდან და დამარცხებას გამარჯვებად ასაღებს და ისიც, ვინც მჩაგვრელს უთანაბრებს ჩაგრულს - რუსულ იმპერიალიზმს უთანაბრებს იმპერიალიზმისგან დაღწევის მოსურნე ქვეყანას.

ბევრი ბრაზობს, რატომ ისმის შეკითხვა იმის შესახებ, ვინ დაიწყო ომი, რაც სინამდვილეში ნიშნავს საყვედურს, საყვედურს დამარცხებისთვის, რადგან გამარჯვებულს არსებითად არც შეკითხვებით აწუხებენ დიდად და არც, მით უმეტეს, საყვედურებით.

ჰოდა, ვინც ბრაზობთ, ნუ ბრაზობთ ამ შეკითხვებზე, რადგან ისტორიის ლოგიკა ხშირად სწორედ ასეთი სევდიანი და შეუბრალებელია: არა გამარჯვებულებს, არამედ დამარცხებულებს ასამართლებენ.

ეს შეკითხვა-საყვედური კი მომავალი ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი პარაგრაფის უმნიშვნელოვანესი დანამატია, სადაც ადრე თუ გვიან აუცილებლად გაირკვევა, ვინ სად და როგორ დაუშვა თავისი წილი შეცდომა.

რუსულ შეცდომებზე, და უფრო მეტიც, დანაშაულებზე, ჩვენ (და ისტორია) ისედაც შეთანხმებულები ვართ. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ახლაც და მომავალშიც შეკითხვები ერთმანეთს უნდა დავუსვათ.

XS
SM
MD
LG