Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: განყოფილებაში შექმნილი იყო მტრული გარემო, რაც შეიძლება ჩაითვალოს ზეწოლად


საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სკოლის მოხატვასთან დაკავშირებული გამოკითხვის დროს, ბავშვები პოლიციის განყოფილებაში თავს ვერ გრძნობდნენ დაცულად, რაც, ომბუდსმენის შეფასებით, შეიძლება ზეწოლად შეფასდეს:

„მიუხედავად იმისა, იქ განხორციელდა თუ არა პირდაპირი ზეწოლა თუ იძულება - რაზეც მე ამ წუთას არ მაქვს ინფორმაცია - ფაქტია, რომ იქ არსებული გარემო ქმნიდა მტრულ გარემოს ბავშვისთვის, რაც უკვე შეიძლება ჩავთვალოთ ბავშვის მიმართ განხორციელებულ ზეწოლად და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დარღვევად“.

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, ასევე, აინტერესებს, იცოდნენ თუ არა არასრულწლოვნებმა, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია:

„ფაქტია, რომ იქ იყო იძულება ჩვენების მიცემისა და ეს ჩვენება შეიძლება ამ ბავშვის საწინააღმდეგო ყოფილიყო. მას სთხოვდნენ, რომ იძულებით მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც მას ჰქონდა უფლება, საერთოდ არ მიეცა ჩვენება“.

ლომჯარიას თქმით, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან და ეს ტრაგიკული შემთხვევა უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ მომავალში სისტემა გამოსწორდეს.

15 წლის ლუკა სირაძემ სკოლაში კედლებზე გაკეთებულ წარწერებზე გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მოზარდი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახი და მათი უფლებადამცველები სამართალდამცველებს ბავშვის აღიარებითი ჩვენების იძულებით მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ.

საქმეზე დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების ერთი გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით. იგი ბრალდებას უარყოფს.

გამოძიების დასრულებამდე, საკუთარი ინიციატივით, უფლებამოსილება შეუჩერდათ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG