Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო VS ფრონტერა - დაპირისპირების 6 ძირითადი მიზეზი


დაპირისპირების 6 ძირითადი მიზეზი

საქართველოს მთავრობის მიმართ ვაშინგტონის მწვავე კრიტიკის ნაწილი ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“ უკავშირდება. ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას უცხოური ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ. საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს და მიუთითებს, რომ კონგრესმენები შეცდომაში კომპანიის ლობისტებს შეჰყავთ. ამერიკიდან კრიტიკის პარალელურად “ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

“ფრონტერა” საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობს. ქართულ საზოგადოებას კომპანია მოულოდნელი განცხადებით ახსოვს. „ფრონტერა“ ამტკიცებს, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის იმდენად დიდი მარაგები აქვს, რომ ენერგორესურსების ექსპორტის დაწყებაც კი შეუძლია.

ამ ეტაპზე კომპანიასა და სახელმწიფოს შორის საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს, რომელიც შესაძლოა გაზაფხულზე დასრულდეს. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა არგუმენტები აქვთ დავაში დაპირისპირებულ მხარეებს და ინტერვიუ ჩაწერა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან, გოგა ტატიშვილთან და „ფრონტერა რისორსის კორპორეიშენის“ პრეზიდენტთან, ზაზა მამულაიშვილთან.

აი როგორია დაპირისპირების ძირითადი მიზეზები და არგუმენტები:

დავის საფუძველი

დავის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სალიცენზიო ტერიტორიაა - სახელმწიფო ამბობს, რომ “ფრონტერამ”, კონტრაქტის შესაბამისად, მისი 99 პროცენტი უნდა დათმოს, ამერიკული კომპანია კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება მას რესურსებით მდიდარ ტერიტორიას ართმევს.

გოგა ტატიშვილი
გოგა ტატიშვილი

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გოგა ტატიშვილი:

„ფრონტერას“, კონტრაქტის მიხედვით, 2017 წელს უწევდა თავისი სალიცენზიო ტერიტორიის იმ ნაწილის დაბრუნება, სადაც არ მიმდინარეობდა მოპოვება. როდესაც ეს ვადა დადგა, „ფრონტერამ“, ჩვენთვის გაუგებარი და კონტრაქტის საწინააღმდეგო პირობებით, უარი განაცხადა ტერიტორიის დაბრუნებაზე. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ მოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ, კონტრაქტის მიხედვით, დავების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის არბიტრაჟისთვის მიმართვა.”

ზაზა მამულაიშვილი
ზაზა მამულაიშვილი

„ფრონტერას“ პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი:

„2013 წლის შემდეგ ცდილობენ, რომ ხელშეკრულება დროზე ადრე შეგვიწყვიტონ. განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ძალიან დიდ მარაგს მივაგენით, რომლის მსგავსი საქართველოს არ ჰქონია და არც იცოდა, რომ ასეთი პოტენციალი აქვს. კონტრაქტში არ გვქონია ვალდებულება დაგვებრუნებინა ეს ტერიტორია“.

ინვესტიციების მოცულობა

„ფრონტერას“ ვერსიით, 1997 წლიდან საქართველოში განხორციელებულიინვესტიციის მოცულობა 580 მილიონ დოლარს აღწევს, სახელმწიფო კი ამტკიცებს, რომ თანხა რამდენიმე ასეული მილიონით ნაკლებია.

„ფრონტერას“ პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი:

„ნავთობისა და გაზის კორპორაცია ყოველ წელს ამოწმებს - რა ინვესტიცია შემოვიდა, რა საქმიანობაში იყო დახარჯული. თანამშრომელთა სატელეფონო ზარებიც კი აღრიცხულია აუდიტის საბოლოო დასკვნაში. ჩვენ რაც წარდგენილი გვაქვს, ეს თანხა შეადგენს დაახლოებით 580 მილიონ დოლარს“

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გოგა ტატიშვილი:

„ჩვენს ვერსიასა და „ფრონტერას“ ვერსიას შორის საკმაოდ შთამბეჭდავი სხვაობაა. ჩვენი მონაცემებით, მათ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით ნაკლები თანხა აქვთ ინვესტირებული“.

საქმიანობაში ხელის შეშლა

სახელმწიფო უსაფუძვლოდ მიიჩნევს „ფრონტერას“ ბრალდებებს საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებით. კომპანია კი ამის კონკრეტულ მაგალითზე მიუთითებს.

„ფრონტერას“ პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი:

"მაგალითად, მივმართეთ სახელმწიფოს დაემტკიცებინათ გაზსადენის პროექტი, რომლითაც ერთ-ერთ საბადოზე მოპოვებული გაზის ტრანსპორტირებას მოვახდენდით სადისტრიბუციო ქსელში შემდგომი რეალიზაციისთვის. დაახლოებით 1-1.5 წელი არც კი განიხილავდნენ ამ პროექტს. მხოლოდ ვაშინგტონიდან ძალიან სამართლიანი ჩარევის შემდეგ მოგვცეს გაზსადენის მშენებლობის უფლება. შემდეგ აღარ გვაძლევდნენ ლიცენზიას, რომ ჩვენსავე აშენებულ გაზსადენში ჩვენსავე მოპოვებული გაზი გაგვეტარებინა".

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გოგა ტატიშვილი:

"როდესაც გაზსადენი გაჰყავდა, კომპანიას ჰქონდა დავა მიწის მესაკუთრესთან. ჩვენ „ფრონტერას“ სახელით სასამართლოშიც კი შევედით, რომ მას მოეპოვებინა ამ მიწაზე გავლის უფლება და ეს უფლება მოიპოვა. რაც შეეხება ტრანსპორტირების ლიცენზიას, როგორც კი საბუთები ჩააბარა, დადგენილ ვადაში, თუ არ ვცდები ერთ თვეში, ლიცენზია მიიღო და ახლაც აქვს ეს ლიცენზია".

ჭაბურღილების რაოდენობა

სახელმწიფო ამბობს, რომ საძიებო ტერიტორიაზე “ფრონტერამ” მხოლოდ ერთი ჭაბურღილი გაბურღა, “ფრონტერა” კი 56 ჭაბურღილზე მიუთითებს.

„ფრონტერას“ პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი:

"56 საძიებო ჭაბურღილი გვაქვს გაბურღული, საიდანაც აღმოჩნდა ნავთობის ისეთი ბუდობები და ისეთი დაგროვება, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა სახელმწიფო კომპანიას. სხვადასხვა სიღრმეზე, სხვადასხვა ქანსა და გეოლოგიურ სტრუქტურაზე. სწორედ ამის შედეგად შევისწავლეთ და დავასკვენით ის, რაც აისახა საერთაშორისო კომპანიების დასკვნებში.“

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გოგა ტატიშვილი:

“ყველა ჭაბურღილი კომპანიას აქვს გაბურღული უკვე საბჭოთა პერიოდში აღმოჩენილ საბადოებზე. საძიებო ფართობზე კი გაიბურღა მხოლოდ ერთი ჭაბურღილი, რომელიც, სამწუხაროდ, წარუმატებელი იყო“.

ნავთობისა და გაზის მარაგების მოცულობა

„ფრონტერას“ ინფორმაციით, საქართველოში ნავთობისა და გაზის უზარმაზარი რესურსების არსებობას სამი მსხვილი საერთაშორისო კომპანია ადასტურებს. ნავთობისა და გაზის სააგენტოს ცნობით კი, ეს მხოლოდ ჰიპოთეტური ციფრებია და „ფრონტერა“ ტერმინებით სპეკულირებს.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გოგა ტატიშვილი:

„არსებობს ნახშირწყალბადების ორი კატეგორია - რესურსები და მარაგები. რესურსები - დაუდასტურებელი, სავარაუდო ციფრებია, რომელიც უნდა დადასტურდეს კონკრეტული ძებნა-ძიების სამუშაობის შემდეგ. მარაგები კი უკვე დადასტურებულია ბურღვით და მათი კომერციალიზაციაა შესაძლებელი. „ფრონტერას“ აქვს საერთაშორისო კომპანიის მიერ შეფასებული რესურსების ანგარიში, სადაც საუბარია ჰიპოთეზურ ციფრებზე. ანგარიშშიც წერია, რომ ეს არ არის დადასტურებული ციფრები. ამ ციფრებს კომპანია ასაღებს, როგორც აღმოჩენილ, დადასტურებულ, ხელმისაწვდომ მარაგებს“.

„ფრონტერას“ პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი:

„იქ ყველანაირი კატეგორია არის მარაგების - დადასტურებული, პოტენციური, სავარაუდო და ა.შ. ეს არის დაახლოებით 300 მილიარდი კუბური მეტრი გაზი [საქართველოს წლიური მოხმარება დაახლოებით 2.5 მილიარდია - რადიო თავისუფლება]. რაც შეეხება ნავთობს, მთლიანად ჩვენს სალიცენზიო ბლოკში 10 მილიარდი ბარელის პოტენციალია, საიდანაც ერთი მილიარდი ბარელი არის ამოსაღები მარაგი“.

თანამშრომელთა დავალიანება

ნავთობისა და გაზის სააგენტოს ცნობით, „ფრონტერამ“ ნავთობის მოპოვება თანამშრომელთა გაფიცვის გამო შეწყვიტა. კომპანიის პრეზიდენტი სახელმწიფოს თანამშრომელთა წაქეზებაში ადანაშაულებს.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გოგა ტატიშვილი:

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოქტომბრის მონაცემებით, თანამშრომლების წინაშე იყო 11 თვის სახელფასო დავალიანება. თანამშრომლებმა გამოაცხადეს გაფიცვა, რის გამოც 90 კაცამდე გაანთავისუფლეს სამსახურიდან“.

„ფრონტერას“ პრეზიდენტი ზაზა მამულაიშვილი:

„არ შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს არსებობს 8 ან 11 თვის დავალიანებები. ეს ხალხი წაქეზებულია ეკონომიკის სამინისტროს და ბატონი ტატიშვილის ორგანიზაციით. ჩვენ არც კი ვიცით უმეტესობა იმ ადამიანების, რომელიც ჩანს ტელეეკრანზე და რაღაც მოთხოვნებს აყენებს. რამდენიმე ადამიანი ჩვენი ყოფილი თანამშრომელია. რაღაცა პერიოდის უკან ზოგმა ნებით, ზოგმა კომპანიის თხოვნით დატოვა დაკავებული პოზიციები. არ მუშაობენ კომპანიაში, როგორ შეიძლება იყვნენ გაფიცულები”. ​

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG