Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიონი ლარის ეკვივალენტზე ნაკლებ თანხას უცხოურ ვალუტაში ვეღარ ისესხებთ, თუ შემოსავალი ლარში გაქვთ

ბანკებში იპოთეკური სესხის აღების პირობები კიდევ უფრო მკაცრდება - ზღვარი ამჟამად 750 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა.
ბანკებში იპოთეკური სესხის აღების პირობები კიდევ უფრო მკაცრდება - ზღვარი ამჟამად 750 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში, ლარში, აქვთ, ბანკებში იპოთეკური სესხის აღების პირობები კიდევ უფრო მკაცრდება.

ივლისიდან ამოქმედდება ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შემოსავალი ლარში ერიცხება, ბანკებიდან უცხოურ ვალუტაში ფულს ვერ ისესხებს, თუ 1 000 000 ლარის ეკვივალენტზე ნაკლები თანხა სჭირდება.

„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა“, - წერს ეროვნული ბანკი.

ზღვარი 2017 წლიდან დაწესდა და დროთა განმავლობაში გაიზარდა

2025 წლის 1 აგვისტოდან ასეთი ზღვარი 750 000 ლარის ეკვივალენტით იყო განსაზღვრული. ზღვარი 250 000 ლარით გაიზარდა.

მანამდე, 2025 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, მოქმედებდა 500 000-ლარიანი მინიმალური დანაწესი.

  • უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე შეზღუდვების დაწესება 2017 წლის 20 იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად ლიმიტი 100 000 ლარი იყო;
  • 2019 წლის 23 იანვრიდან 200 000 ლარამდე გაიზარდა;
  • მოგვიანებით ზღვარი 400 000 ლარზე, 2025 წლიდან კი 500 000 ლარზე დაწესდა.

ლარში სესხები უფრო ძვირია

ევროსა და დოლარში გაცემულ სესხებზე ბანკებში, ლართან შედარებით, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთია.

თუკი იპოთეკურ სესხებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში 15 პროცენტიდან იწყება, დოლარის შემთხვევაში ეს რიცხვი 1,5-ჯერ ნაკლებია (10 პროცენტიდან), ევროს შემთხვევაში კი - თითქმის ნახევარი (8 პროცენტიდან).

საბოლოო პირობები ბანკსა და კლიენტს შორის ინდივიდუალური კომუნიკაციით დგინდება.

ეს გადაწყვეტილება მიიღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2026 წლის 6 მაისს ჩატარდა.

იმავე დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (იგივე რეფინანსირების განაკვეთის) მცირედით, 0,25 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

დღემდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ს შეადგენდა.

რით ასაბუთებს სები გადაწყვეტილებას

6 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში სები წერს, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა „მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს“.

  • „გასული წლის განმავლობაში გლობალური ფინანსური პირობები შედარებით სტაბილური და ხელსაყრელი იყო. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია“;
  • „მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები“;
  • ამ გარემოებების გამო, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დააბრუნეს და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირეს.
  • „ეროვნული ბანკი, ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს“, - წერს სები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG