Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სილამაზის სალონები აუცილებლად შესასრულებელი წესების დაზუსტებას ითხოვენ


ერთ-ერთი სალონი. ფოტო არქივიდან
ერთ-ერთი სალონი. ფოტო არქივიდან

„არ არიან სალონში ნამყოფი, თუ როგორ შექმნეს ეს რეგულაცია, არ ვიცი. ჩვენ ოთხი სამუშაო ადგილი გვაქვს, ხშირად ყველა სტილისტს ჰყავს მომხმარებელი, რაც ახალი რეგულაციით შეუძლებელია. ახალი წესით, ოთხი სტილისტი ერთ კლიენტს უნდა მოემსახუროს, თუ როგორ იქნება ხუთი ადამიანი ერთ სივრცეში?“ - კითხულობს იზა რევიშვილი, 19 მარტის შემდეგ დახურული სილამაზის სალონ „ლამურის“ ადმინისტრატორი. საქმიანობის 8 ივნისიდან გასაგრძელებლად სალონებმა მთავრობის მიერ დადგენილი წესები უნდა დაიცვან. იზა რევიშვილის ინფორმაციით, მის სალონში მუშაობენ სტილისტები, მანიკიურის ხელოსნები, კოსმეტოლოგი და დამლაგებელი - სულ 10 თანამშრომელი. სალონის ადმინისტრატორი ამბობს, რომ მიუღებელია შეზღუდვა, რომლის თანახმად, ერთ სივრცეში 5-ზე მეტი ადამიანის ყოფნა დაუშვებელია. იზა რევიშვილის თქმით, თუ წესები არ დაზუსტდა და სალონებში მომუშავეთა რაოდენობა ფართის მიხედვით არ განისაზღვრა, საქმიანობას ვერ განაახლებენ. იზა რევიშვილი იმასაც ამბობს, რომ მთავრობის მიერ დადგენილი წესების ნაწილი მისაღებია, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხარჯს გაზრდის:

„ახლა დამატებით უკონტაქტო თერმომეტრი უნდა შევიძინოთ, რომლის საწყისი ფასი 250 ლარიდანაა; პირბადე, ხელთათმანი, ფარები, სადეზინფექციო საშუალებები, დეზობარიერი - ყველაფერი შესაძენია და, რაც ყველაზე მთავარია და ფაქტობრივად შეუძლებელია, ერთი თანამშრომელი კიდევ უნდა ავიყვანო და ხელფასი გადავუხადო, რათა კართან დავაყენო, მან ყველა შემომსვლელს სიცხე გაუზომოს და ჩაინიშნოს“, - ამბობს იზა რევიშვილი.

ახალი წესით, სავარძლებს შორის 2 მეტრი უნდა იყოს დაშორება, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს, თუმცა ბევრი სალონი, სადაც სივრცე პატარაა, ამას ვერ შეძლებს...
ეკატერინე ჩიხლაძე

მთავრობის მიერ შემუშავებული წესების დაზუსტებას აუცილებლად მიიჩნევს სილამაზის სალონ „არტ სტუდიოს“ მფლობელი ეკატერინე ჩიხლაძეც. მისი თქმით, ის აცნობიერებს კორონავირუსის საფრთხეს და სურს, რომ მისმა თანამშრომლებმა მუშაობა წესების დაცვით, უსაფრთხოდ განაახლონ, რისთვისაც უკვე დარეგისტრირდა ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე. ეკატერინე ჩიხლაძე გვეუბნება, რომ რეგისტრაციის შემდეგ სამუშაო ადგილზე სპეციალური სამსახურის ინსპექტორთა ჯგუფი უნდა მივიდეს და რეკომენდაციები მისცენ, თუ როგორ უნდა ადაპტირდეს ახალი სამუშაო გარემო. ეკატერინე ჩიხლაძის ინფორმაციით, მისი სალონის ფართი 80 კვადრატული მეტრია, სადაც ოთხი სტილისტი, მანიკიურის ორი სპეციალისტი და კოსმეტოლოგი მუშაობენ. საყურადღებოა მომხმარებელთა მოსაცდელი სივრცის ორგანიზებაც:

„მოსაცდელის პრობლემაც შეიძლება შეიქმნას - ხომ უნდა დაჯდეს მომხმარებელი. დეტალებია დასაზუსტებელი, რადგან ერთ სივრცეში ერთდროულად 5 ადამიანზე მეტი არ შეიძლება იყოს. ეს რაოდენობა ძალიან ცოტაა. ახალი წესით, სავარძლებს შორის 2 მეტრი უნდა იყოს დაშორება, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს, თუმცა ბევრი სალონი, სადაც სივრცე პატარაა, ამას ვერ შეძლებს“.

ბევრი მირეკავს კიდეც, თუმცა მე არ მინდა სხვის სახლში შესვლა, რადგან რისკი მაღალია. ასევე მეშინია, რომ  ჩემს სახლშიც შემოვუშვა კლიენტი და ამიტომ მირჩევნია რეგულაციები დავიცვა და ჩემს სალონში ვიმუშაო...
დარეჯან ჩაფიძე


ქუთაისში პატარა სალონი აქვს დარეჯან ჩაფიძეს, რომელიც სალონის ერთადერთი თანამშრომელია - ქალების თმის სტილისტიცაა და მანიკიურსაც აკეთებს. ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა 8 ივნისიდან საქმიანობის განახლება სურს. დარეჯან ჩაფიძე, რომელიც თითქმის ორი თვეა უმუშევარია, გვეუბნება, რომ შემოსავლის დაკარგვის გამო ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესრულება და ძვირად ღირებული უკონტაქტო თერმომეტრის შეძენა გაუჭირდება. მისივე თქმით, დამატებით სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების შეძენამ შესაძლოა მომსახურება გააძვიროს. გამორიცხული არც ის არის, რომ სალონების მფლობელთა ნაწილმა წესების დაცვა ვერ შეძლოს და საქმიანობა აღარ განაახლოს. დარეჯან ჩაფიძე ფიქრობს, რომ თუ სტილისტებისა და მანიკიურის სპეციალისტების ნაწილი სალონებში საქმიანობას ვეღარ შეძლებს, ბინაზე მომსახურებას დაიწყებს, ეს კი დამატებითი რისკის შემცველია. დარეჯანი გვეუბნება, რომ კლიენტები ახლაც სთხოვენ ბინაზე მომსახურებას, თუმცა კორონავირუსის საფრთხის გამო უარს ამბობს:

„ბევრი მირეკავს კიდეც, თუმცა მე არ მინდა სხვის სახლში შესვლა, რადგან რისკი მაღალია. ასევე მეშინია, რომ ჩემს სახლშიც შემოვუშვა კლიენტი და ამიტომ მირჩევნია რეგულაციები დავიცვა და ჩემს სალონში ვიმუშაო, სადაც ნივთები ცოტაა და მათ დეზინფექციას იოლად შევძლებ“.

სილამაზის სალონების მფლობელებს იმედი აქვთ, რომ საქმიანობის განახლებამდე დაზუსტდება წესები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG