Accessibility links

site logo site logo

სიმღერა მაშველი ქალებისთვის


ამათ ხომ ჭკუა ვერ ისწავლეს! ჯერ იყო და მომაკვდავი კაცის ფოტოს დაათრევდნენ ფეისბუკზე - ნახეთ რა სასაცილოდ გამოიყურებაო. ახლა კი, ღმერთო ჩემო, გადასარევი, ყოჩაღი, საყვარელი მაშველების დაცინვა დაიწყეს - პამელა ანდერსონები არ არიანო.

სუყველაფერს რომ თავი დავანებოთ - რომ, ჯერ ერთი, მაშველებს შესახედაობით რატომ აფასებენ, რომ ან შესახედაობას რას უწუნებენ ან კიდე...

არა, იცით რა, მაგეებს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ელემენტარული ადამიანობა სად წავიდა? ან დედა არა გყავთ, ან და, ან დეიდა?

რთული გასაგებია, რომ ფოტოზე რეალური ადამიანები არიან ასახულნი? აი, ხომ იცით, ნამდვილი ადამიანები - რაღაცეები რომ წყინთ და უხარიათ და არანაირად მზად რომ არ არიან, რომ ნახევარი საქართველო უცებ მაგათზე ილაპარაკებს და გარეგნობას გაურჩევს.

ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არაფერი დაუშავებიათ - არც სისულელე უთქვამთ, არც საკამათო აზრი დაუფიქსირებიათ, არც არაფერი... არც საჯარო პირები არიან, არც პოლიტიკოსები, არც მომღერლები, არ რეალითი შოუს მონაწილეები. არ უთხოვიათ - „მოდით, სასტავ, შეგვაფასეთ რა ვიდზე ვართო“.

უბრალოდ, კურსები დაამთავრეს, თუ რაც ქვია, სხვებს რომ დაეხმარონ. კმაყოფილები იყვნენ საკუთარი თავით (სრულიად დამსახურებულად), რომ რაღაცას მიაღწიეს, ფოტოები გადაიღეს და უცებ მოვარდა უსაქმური დეგენერატების მთელი ზვავი და ღლიცინი მორთეს - ჩვენ 90/60/90 ნაშობა გვინდოდა და აქ ჩვეულებრივი, ნამდვილი ადამიანები დაგვხვდნენო.

და მერე მოთქვამდნენ, პოლიტკორექტულობის გესტაპო ხალისს გვიკრძალავსო.

ერთი წამით რომ წარმოიდგინო, რომ მათ ადგილას შენი შვილია, დაა, მამიდაა ან თავად ხარ. რომ, აი, შენთვის ხარ, რაღაც კურსები დაამთავრე და უცებ მთელი საქართველო გადაწყვეტს - მოდი, აი, ამათ თვითშეფასებას (სრულიად დაუმსახურებლად) დედა ვუტიროთო.

რთული გასაგებია, რომ გოგოებს ზოგადად ისედაც პრობლემები აქვთ თვითშეფასებასთან? (ბიჭებსაც ცხადია, მაგრამ გარეგნობაზე კომენტარები უფრო ქალებს ურტყამთ). ვერ უნდა შეიგნო, რომ ამ „ღადაობით“ მშვენიერ, მამაც, საყვარელ გოგოებს, რომლებიც მხოლოდ სხვის დახმარებას ცდილობენ (პლუს კიდევ მათ მშობლებს, დებს, ძმებს, შეყვარებულებს და ნათესავებს) ალბათ სერიოზულად დიდხნიან და ღრმა ტრავმას აყენებ?

ახსნა ჭირდება ამას? ნუთუ ვიღაც უხეში რომ შენს შვილთან, დასთან, დედასთან, მეზობელთან, კლასელთან, კლასელის ბიძაშვილთან მოვიდეს და „ჰეჰე, რას გავხარ!“ უთხრას, ამას მშვიდად შეხვდები?

თუ რახან ონლაინ აკეთებ, მაშინ მოსულა?

ჰოდა, რავი, მე როცა მიშლიან ნერვებს ამ სიმღერას ვრთავ ხოლმე და ვინძლო მაშველებსაც გაუსწორდეთ - „საუნდგარდენის“ Ty Cobb.

ძირითადად მისამღერის ხათრით - “Hard headed fuck you all” - იმეორებს კრის კორნელი, რაც ქართულად ასე ითარგმნება: „სქელი შუბლი მაქვს, ეშმაკის კერძებო!“. ან ასე: „ვერ გამტეხთ, ჯონბულის ნასხლეტებო!“. ან კიდევ: „მიდით, აზიარეთ რაც გინდათ, უსაქმურო ლუზერებო!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG