Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმშვიდის განცდა, თუ უბრალოდ თვითკმაყოფილება?


სიბიუს სამიტი ევროკავშირისათვის უნდა გამხდარიყო თვითგადატვირთის მომენტი „ბრექსიტის“ შემდეგ და იმის საჩვენებლად, რომ შესუსტებული, მაგრამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გაერთიანება განახლებული რწმენით მიაბიჯებს მომავლისკენ.

მაგრამ ასე ნამდვილად არ მოხდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი არ იმყოფებოდა ტრანსილვანიის მშვენიერ ქალაქში, მაშინ როცა მისი ქვეყანა დიდწილად ჯერ კიდევ ბლოკის წევრია და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საერთოდ დატოვებს თუ არა ლონდონი ევროკავშირს.

რაც შეეხება თვითგადატვირთვას, სახელმწიფოთა ლიდერები შეთანხმდნენ დეკლარაციაზე, რომელშიც ხაზგასმულია ერთიანობის აუცილებლობა. ბევრი ვერაფერი დუღაბია, მაგრამ მაინც რაღაცას ნიშნავს იმ ფონზე, როდესაც მოკავშირე ქვეყნები ერთიანობას ბევრ რამეში ვერ აღწევენ, მათ შორის იმაზე, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ევროკავშირის ინსტიტუტებს წლის ბოლომდე.

ამასთან, ევროკავშირის მექანიზმი უახლოეს წლებშიც გააგრძელებს მუშაობას. მსოფლიო, შესაძლოა, მართლაც იმყოფებოდეს ტურბულენტურობის მდგომაროებაში, მაგრამ ბოლო წლებში ევროკავშირს უარესებიც უნახავას, რაც აუცილებლად აისახება მის ნაბიჯებზე მომავალ ათწლეულებში.

ერთხმად მიღებული ევროკავშირის სიბიუს სამიტის დეკლარაცია ერთგვარი პირველი მონახაზია იმ სტრატეგიული დღის წესრიგისა, რომელიც, მომავალ ხუთწლიან პერიოდში კავშირის პრიორიტეტების დეტალური ჩამონათვალით, ივნისში გამოქვეყნდება. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერადაც ბევრი არაფერი გამოსულა. ბლოკის მიერ მიღებული სხვა დოკუმენტების მსგავსად, დეკლარაცია სავსეა საყურადღებო გამონათქვამებით, მაგრამ მოკლებულია კონკრეტიკას.

როგორც ათიდან ერთ-ერთ ვალდებულებაშია ნათქვამი, ევროკავშირის ლიდერები პირობას დებენ, რომ დაიცავენ „ერთიან ევროპას აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე“. მათ სჯერათ, რომ „ევროპა კვლავაც იქნება დიდი და გაერთიანებული დიდი საკითხების გარშემო“. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ვალდებულებას იღებენ, რომ „ევროპას გახდიან მსოფლიოს პასუხისმგებლიან ლიდერად“ და „ყოველთვის გამოინახება ამ ამბიციის შესაბამისი შესაძლებლობები“.

სამაგიეროდ, მხოლოდ მარჩიელობა თუ შეიძლება იმაზე, თუ რა რეფორმები უნდა უძღოდეს წინ ამ ყველაფერს.

სიმართლე ისაა, რომ სიბიუში შეკრებილი ევროკავშირის ლიდერები ძალიან ცოტა რამეზე თუ არიან შეთანხმებულნი.

ბუდაპეშტის, რომისა და ვარშავის ხელისუფლებებში ბრიუსელთან დაპირისპირებული პოპულისტები არიან, ხოლო ევროკომისია, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში აამოქმედებს პროცედურებს ბუქარესტის მიერ კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯებისათვის. და ამას ემატება ისიც, რომ ევროპარლამენტის მომავალი შემადგენლობის მთელი ერთი მესამედი, სავარაუდოდ, თავგადაკლული ევროსკეპტიკოსებით დაკომპლექტდება ამ თვეში დანიშნული არჩევნების შედეგად.

ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ევროკრატებისათვის, რომლებიც კვლავინდებურად ცდილობენ თავი დაიმშვიდონ. დიახ, პოპულისტების მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ შეხედეთ პროევროპული ძალების ამასწინადელ გამარჯვებას სლოვაკეთსა და ესპანეთშიო, -ამბობენ ისინი.

დიახ, დღეისათვის მტკივნეულია ზოგიერთ მთავრობასთან ურთიერთობა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში მატულობს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირისადმიო, - აღნიშნავენ ევროკრატები. ამას გარდა, ლონდონის პოლიტიკურ ცირკად შეფასებულმა „ბრექსიტმაც“ შეუწყო ხელი რეზისტენტულობის გაძლიერებას ევროკავშირის მრავალ ინსაიდერში, ხოლო ბრიუსელის დერეფნებში ასეთი მანტრა წარმოიშვა: „ბრიტანეთის გასვლა მტკივნეული იქნება, მაგრამ ეს მათთვის უფრო ბევრად მტკივნეული იქნება, ვიდრე ჩვენთვის“. ამ ყველაფერს კი ასეთ თვითკმაყოფილების გამომხატველ ფრაზასაც მოაყოლებენ ხოლმე: „თუ გავიხსენებთ მოლაპარაკებებს, ბრიტანული დიპლომატიის „როლს როისს“ ჩვენ დავუპირისპირეთ ევროპული ბიუროკრატიის სპორტული ავტომობილი, რომელიც საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება“.

შესაძლოა, ვინმეს თვითკმაყოფილების განცდა დაუფლებოდა „ბრექსიტის“ გარდა ისეთი გადავლილი შტორმების გამოც, როგორიც ევროზონისა და მიგრანტთა კრიზისები იყო, მაგრამ ყველა ამ დიდ მოვლენასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც ზედაპირზეა და ამის შესახებ კარგად უწყიან პოლიტიკოსებმაც და დიპლომატებმაც.

მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ, რომ ჯერჯერობით არ ღირს განგაშის ატეხა. ბრიუსელელი ინსაიდერებისაგან არაერთხელ მსმენია, რომ ეგზისტენციური საფრთხეებისა და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული ისეთი დიდი პროექტების შემდეგ, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოება და ევროზონის შექმნა, მომავალი წლები იქნება „კონსოლიდაციის“ ხანა. მაშინ როდესაც საფრთხეები სრულიად აშკარაა, ევროპელი ლიდერები, როგორც ჩანს, ესწრაფვიან აკეთონ ის, რაც მათ ყველაზე უკეთ ეხერხებათ: მიაღწიონ კომპრომისებს და გააფორმონ გარიგებები ბრიუსელის სამიტების ჩაბნელებულ კულუარებში.

სულ მალე მათ მოუწევთ ევროკავშირის მრავალწლიანი (2010-2027 წლების) ბიუჯეტის შეთანხმება, რასაც გააფთრებული დაპირისპირებები მოჰყვება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებს შორის. მანამდე კავშირის წევრებმა უნდა აირჩიონ თავიანთი ხელმძღვანელი მომდევნო ხუთი წლის ვადით. სხვადასხვა ვალდებულების გარდა, სიბიუში ლიდერები ორ რამეზე შეთანხმდნენ.

პირველ ყოვლისა, ისინი მაისის ბოლოს კვლავ შეიკრიბებიან ბრიუსელში, რათა დაიწყონ კანდიდატების წარდგენის პროცესი ევროკომისიის მომავალი თავმჯდომარის პოსტზე.

აქ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, იდეას, რომ ევროკომისრის გვირგვინი იმ პოლიტიკური ჯგუფის კანდიდატს უნდა ერგოს, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტ ხმებს მიიღებს, შესაძლოა წინააღმდეგობა მოჰყვეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, მხრიდან, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს სკითხი ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ და არა ევროკავშირის ამომრჩევლებმა.

მერკელი მხარს უჭერს თავის თანამემამულესა და პარტიულ თანამებრძოლს, მანფრედ ვებერს, რომლის პოლიტიკური გაერთიანება, ჩანს, პირველ ადგილს მოიპოვებს ევროპარლამენტის არჩევნებში, მაშინ როცა მაკრონი, სავარაუდოდ, უპირატესობას ანიჭებს ფრანგ პოლიტიკოსს, "ბრექსიტზე“ მომლაპარაკებელ მიშელ ბარნიეს.

სიბიუში მიღებული მეორე გადაწყვეტილება უკავშირდება სამიტების უფრო ხშირად - სასურველია ყოველ მეორე თვეში - ჩატარებას. ყოველ შემთხვევაში, იმაზე მაინც თანხმდება ყველა, რომ საჭიროა ერთმანეთთან ხშირი საუბარი გადაუჭრელი პრობლემების გარშემო.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG