Accessibility links

საერთაშორისო პრესა სომხეთის მოვლენების მიმოხილვას განაგრძობს. სხვა კითხვებს შორის, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ ჩაერია რუსეთი თავისი მოკავშირის, აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სახალხო პროტესტით დამხობილი სერჟ სარგსიანის დასაცავად.

უკრაინული ვებსაიტი „უნიანი“ 24 აპრილს აქვეყნებს პოლიტიკის ანალიტიკოს მაკსიმ როზუმნის სტატიას სომხეთთან მიმართებით რუსეთის პოზიციაზე: „სარგსიანის გადადგომა რუსეთისთვის, დიდი ალბათობით, მოულოდნელობა იყო. იმის გამო, რომ ვითარება ამ დრომდე რთული გასაგებია და ასევე ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა მოხდება ახლა, მოსკოვის პოზიციაა, უბრალოდ, დაელოდოს მოვლენების განვითარებას. ამ ეტაპზე სომხეთში საკუთარ გავლენას ის საფრთხის ქვეშ არ აღიქვამს და არ თვლის, რომ სომხეთი ამ მოვლენებით უფრო დამოუკიდებელი და უფრო ძლიერი გახდება. პირიქით, მოსკოვი ფიქრობს, რომ შიდა კრიზისი სომხეთს დაასუსტებს და, ამდენად, ქვეყნის კონტროლისთვის მისი შესაძლებლობები უცვლელი დარჩება“.

განახლებული აქცია ერევანში
განახლებული აქცია ერევანში

რუსეთში რადიო Kommersant FM-ი 24 აპრილს თავის ვებსაიტზე აქვეყნებს წერილს, სადაც მოსკოვის თავშეკავება სხვა მიზეზითაა ახსნილი: „ჩვენ ვცხოვრობთ ახალ რეალობაში, რომელშიც რუსეთის ჩარევაზე პატარა მინიშნებაც კი - მით უმეტეს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე - დასავლეთის მიერ აღქმული იქნება დარტყმად დემოკრატიის მარადიულ ღირებულებაზე. და ვიცით, რომ ამას შედეგად სანქციები მოსდევს ხოლმე. ასეთ ვითარებაში უკეთესია არ გააღიზიანო პარტნიორები. ეჭვგარეშეა, რომ მოსკოვი ისედაც არ აპირებდა ჩარევას. მხოლოდ შიდა სივრცისთვის მიმართული რიტორიკაც კი, რომელიც მწვავედ დაუპირისპირდებოდა ‘ფერად რევოლუციებს’, მიიპყრობდა მნიშვნელოვან ყურადღებას და შექმნიდა საფუძველს ბრალდებებისთვის. ჩვენ კი ამის გარეშეც საკმარისად გვაქვს პრობლემები“.

განახლებული აქცია ერევანში
განახლებული აქცია ერევანში

უნგრული ვებსაიტი 24.hu თვლის, რომ რუსეთი სომხეთთან მიმართებით თავდაჭერილად თურქეთის ფაქტორის გამო იქცევა. 24 აპრილს გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ: „სომხეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობამ ,შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს სირიის შეთანხმებას. რუსეთს და თურქეთს სურთ ირანს უბიძგონ ამ შეთანხმების ხელმოწერისკენ. ... აპრილის დასაწყისში ანკარაში გაიმართა საჩვენებელი შეხვედრა პუტინს, ერდოანსა და როჰანის შორის. რუსეთ-თურქეთის კავშირები, ალბათ, საუკუნეების განმავლობაში არ ყოფილა ისეთი ახლობლური, როგორიც ახლაა. ერდოანის წინააღმდეგ 2016 წელს არშემდგარი გადატრიალების შემდეგ ეს კავშირები თანდათან უმჯობესდებოდა. ეს რუსულ-თურქული მეგობრობა მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია. ... სომხურ-თურქულმა კონფლიქტმა, შესაძლოა, ეს კავშირები დააზიანოს. ... ამდენად, სომხეთში მშვიდობიანობა კრემლის ინტერესში შედის“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG