Accessibility links

"დიდი იმედი გვაქვს, რომ საჯაროდ აღებულ პასუხისმგებლობას შეასრულებენ"


ქეთევან ხუციშვილი და სოფო ხვთისიაშვილი, სოციალური მუშაკები

8 აპრილს სოციალურმა მუშაკებმა თავიანთი დამოუკიდებელი პროფკავშირის - „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ - დამფუძნებელი საერთო კრების ოქმი და წესდება რეგისტრაციისთვის იუსტიციის სახლში მიიტანეს.

სოციალურ მუშაკთა გაფიცვა, რომელიც 25 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა, დასრულდა იმით, რომ საქართველოს პარლამენტი წევრთა ნაწილმა გამოთქვა მზადყოფნა შეასრულოს მედიატორის როლი დამსაქმებელს - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და დასაქმებულებს - სოციალურ მუშაკებს შორის. სოციალური მუშაკი, სოფო ხვთისიაშვილი „დილის საუბრებში“:

„სოცმუშაკებს არ მიუტოვებიათ თავიანთი ბენეფიციარები გაფიცვის პერიოდშიც. სამინისტრო კი ამბობდა, რომ კრიზისს მართავდნენ, მაგრამ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ მხოლოდ ახალი განცხადებების მიღება ხდებოდა და მიმდინარე ათიათასობით საქმეზე ისევ სოციალური მუშაკები უწევდნენ კონსულტაციას ბენეფიციარებს“.

სოციალურ მუშაკთა ჯგუფის წარმომადგენელი ქეთევან ხუციშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„მინისტრმა სერგეენკომ აღიარა, რომ არ ვიცოდი ამ პრობლემების შესახებო. ეს გასამართლებელი არ არის, თუმცა მან ეს აღიარა. ეს შრომითი დავა გაცდა უშუალოდ სააგენტოსა და სოციალურ მუშაკებს შორის დავას. საკითხმა გადაინაცვლა პარლამენტში, მათ გამოგვიცხადეს სრული მხარდაჭერა. 29 მარტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გამოგვიცხადეს მხარდაჭერა და აიღეს პასუხისმგებლობა ჩართულიყვნენ მედიაციის პროცესში. ამის იქით საკითხს საქართველოში ვეღარ წავიღებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ საჯაროდ აღებულ პასუხისმგებლობას შეასრულებენ“.

გაფიცვამ რაც უკვე შეცვალა, არის ის, რომ გამოიყო გარკვეული ოდენობის ავტომანქანები, რომლებითაც რიგ შემთხვევაში გადაუდებელ შემთხვევებზე გასვლას შეძლებენ. სოციალური მუშაკების საქმიანობას ჩაეხსნა ტექნიკური საქმიანობა. სოციალურ მუშაკთა მოთხოვნების უმრავლესობა კვლავაც ძალაშია. ქეთევან ხუციშვილი:

„პირველად მოხდა მთელი ათი წლის განმავლობაში, რომ გადაუდებელი შემთხვევისთვის მანქანები დადგა სოციალური მომსახურების ცენტრებთან და სოციალურ მუშაკს აღარ შეეშინდება, რომ დალომბარდებული ფულით, მამის მანქანით ან ბიძაშვილის მანქანით საჭიროების მქონე ბავშვი სადმე უნდა მიიყვანოს ან გაიქცეს გადაუდებელ შემთხვევაზე. თუმცა, ქუთაისში მყოფი მანქანა გადაუდებელ შემთხვევაში ჭიათურას ნაკლებად მოემსახურება. დაგვპირდნენ მანქანების რაოდენობა მოიმატებსო“.

რაც შეეხება მოთხოვნებს:

„ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან კომპლექსური და სოცმუშაკების უფლებრივი მდგომარეობა გადაჯაჭვულია ბენეფიციარების უფლებრივ მდგომარეობასთან. გვქონდა 22 მოთხოვნა. იშვიათი გამბედაობა და სიმამაცე გამოიჩინეს სოციალურმა მუშაკებმა, როცა საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა ასეთი მასშტაბის აქცია წამოიწყეს“.

სოფო ხვთისიაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ძირეულად არაფერი შეცვლილა:

„დიდი იმედი მაქვს რომ პარლამენტი, რომელმაც უკვე იკისრა მედიაცია სოციალურ მუშაკებსა და სამინისტროს შორის, მოახერხებს იმის დამტკიცებას, რომ სააგენტოს სჭირდება მეტი და მოხდეს ძირეული პრობლემების მოგვარება წელსვე. ვერც ერთი ბავშვი, ხანდაზმული თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვერ დაელოდება 2025 წელს. იგივე მდგომარეობაა ბენეფიციარებისთვის ჯერჯერობით. დღეს თუ ვინმეს რამე არ ემართება, არის გამართლების შედეგი“.

ვინ არის სოლიდარული სოციალური მუშაკების მიმართ სისტემის შიგნით? „დილის საუბრების“ სტუმრები ამბობენ, რომ არავინ. სოფო ხვთისიაშვილი:

„ამ კრიზისამდე ვინც მიგვიყვანა, იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა - დირექტორმა, დეპარტამენტის უფროსმა. ათი წელია მუშაკები ესაუბრებიან დამსაქმებელს. ეს ინფორმაცია ადიოდა, თუ არა ზემოთ, ჩვენთვის ცნობილი არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე სოლიდარულია. ამ ადამიანებმა მიგვიყვანეს ამ მდგომარეობამდე“.

ქეთევან ხუციშვილი:

„სოლიდარობის გამოხატვის მორალური უფლებაც არ აქვთ. შეიძლება უნდოდათ კიდეც, მაგრამ თავს უფლება ვერ მისცეს“.

რატომ არ ანებებენ თავს თავიანთ საქმიანობას სოციალური მუშაკები, რომლებიც წლებია ხედავენ და ლაპარაკობენ სირთულეებზე?

სოფო ხუციშვილი:

„ასე მარტივი არ არის ამ საქმიდან წახვიდე, როცა ეს არის შენი ცხოვრება, შენი ღირებულებები. წასვლა არ იქნებოდა გამოსავალი იმიტომ, რომ სისტემა ისევ ისე დარჩებოდა“.

სოციალური მუშაკი აღიარებს, რომ იმ დატვირთვის და პირობების გათვალისწინებით, რაშიც სოციალური მუშაკები არიან, შეუძლებელია ხარისხიანი დახმარება გაუწიონ ბენეფიციარებს

„ეს არის ძალიან რთული: შედიხარ ოჯახში და რეალურად ვერაფერს უკეთებ. როცა ერთ ვიზიტზე 45 წუთი უნდა დაჰყო, ამ დროს გირეკავენ, რომ კიდევ ერთი გადაუდებელი შემთხვევაა, საპროცესო წარმომადგენლობაა, ფიზიკურად მეტი კადრი არ არის და შენ უნდა წახვიდე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია და ხარისხსა და ეფექტიანობაზე ცუდ გავლენას ახდენს“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG