Accessibility links

სოცმუშაკები: ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს


სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს და უწყება ამ პროცესის გვერდის ავლით ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრების სოციალურ მუშაკებს დაესწრონ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან.

სოციალურმა მუშაკებმა 20 მარტს საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

„სოციალურ მუშაკებსა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის მედიაციის ფარგლებში, თვენახევრიანი ლოდინის შემდეგ, სოციალურ მუშაკებს პირველად მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით ორმხრივ შეხვედრას, რომელზეც სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი იქნება მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია. ეს შეხვედრა დანიშნულია დღეს, 20 მარტს, 17:00 საათზე. თუმცა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მედიაციის პროცესის გვერდის ავლით, სამინისტრო ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრებიდან სოციალურ მუშაკებს, დაესწრონ სავალდებულო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, ზუსტად იმავე დროს - მედიაციის შეხვედრის პარალელურად“, - წერია სოციალური მუშაკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სოციალური მუშაკები ამბობენ, მათთვის უცნობია სავალდებულო შეხვედრის მიზანი.

„აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ეს ქმედება წარმოადგენს მედიაციის პროცესისადმი და პროცესში ჩართული სოცმუშაკებისადმი უპატივცემულობას და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მედიაციის შეხვედრის პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრთან სავალდებულო შეხვედრის დანიშვნა წინასაგაფიცვო პროცესში მყოფ სოცმუშაკებზე ზეწოლას ემსახურება“.

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა მძიმე სამუშაო პირობების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებისა და ბენეფიციარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შრომითი პირობების გაუმჯობესების და სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი მომსახურებების შექმნის მიზნით, შრომითი დავა წამოიწყეს და 2019 წლის 8 თებერვალს სამინისტროს მიმართეს.

როგორც სოცმუშაკები აცხადებენ, 2019 წლის 18 თებერვალს დაიწყო მედიაციის პროცესი, თუმცა, ის უშედეგოდ დასრულდა, მოდავე მხარეს არ მიუღია არავითარი რეალური დაპირება, არ შემდგარა არცერთი ორმხრივი შეხვედრა. სწორედ ამ პროცესის შემდეგ მოიპოვეს სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლება, რომელსაც ისინი 25 მარტიდან გეგმავენ:

„თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ კარგად ვიაზრებთ სოციალური მუშაკის როლს, პასუხისმგებლობასა და მნიშვნელობას ბენეფიციარების დაცვის საკითხში, არ გვსურდა გაფიცვის უფლების პირდაპირ გამოყენება და ამას განვიხილავდით როგორც უკიდურეს ზომას, რის გამოც კიდევ ერთხელ მივმართეთ დამსაქმებელს მედიაციის გაგრძელების თხოვნით. ჩვენ ვითხოვდით, ჩატარებულიყო ორმხრივი შეხვედრა. ახლაც, მიუხედავად სამინისტროს არაკეთილსინდისიერი ქმედებისა, დღეს ვაპირებთ შევხვდეთ მინისტრის მოადგილეს შევხვდეთ და მოვუსმინოთ, თუ როგორ აპირებს სამინისტრო სოციალური სამსახურის პრობლემების გადაწყვეტას“.

სოციალური მუშაკების განცხადებით, სწორედ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება გაიფიცებიან თუ არა სოცმუშაკები 25 მარტს.

სოციალური მუშაკები მოითხოვენ:

  • გაიზარდოს ყველა სერვის-ცენტრში სოციალური მუშაკების რაოდენობა. გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ფსიქოლოგების რაოდენობა და თითოეულ მომსახურების ცენტრს და რაიონულ განყოფილებას ჰყავდეს საკუთარი ფსიქოლოგი;
  • გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იურისტების რაოდენობა.
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით თითოეულ სოციალურ მუშაკს უნდა ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შესანახი დაცული სივრცე;
  • თითოეულ ცენტრში გამოიყოს სპეციალური ადგილი, სადაც დაცული და დაარქივებული იქნება მეურვეობა/მზრუნველობის და სოციალური პროგრამების მიმართულებით წარმოებული საქმეები;
  • ყველა ცენტრი ადაპტირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
  • სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილი ვიყოთ სამედიცინო დაზღვევით და გვქონდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სარგებლობის უფლება;
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაქსიმალურად იქნას დაცული ჩვენი პირადი უსაფრთხოება.
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები აღიჭურვოს უსაფრთხოების სისტემებით.

პირველი ტალღა, რის გამოც სოციალური მუშაკები ხმამაღლა ალაპარაკდნენ, იანვრის ბოლოს 4 წლის გოგონას გარდაცვალებას მოჰყვა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაათავისუფლებს ოთხი სოციალური მუშაკი და თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი წერეთელმა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოიკვეთა "ბავშვის მართვის მენეჯმენტთან“ დაკავშირებული ხარვეზები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG