Accessibility links

"ეს მთავრდება ძალიან ცუდად - დიდი მარცხის ფასად, ძალაუფლების დაკარგვის ფასადაც კი!"


სულხან სალაძე, საია-ს თავმჯდომარე

“ძალიან ცუდია ის თამაში, რასაც ახლა ვხედავთ და ეს ალბათ უფრო ხელისუფლების და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან მედიის კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკის ნაწილია. ეს მთავრდება ძალიან ცუდად - დიდი მარცხის ფასად, ძალაუფლების დაკარგვის ფასადაც კი!“, - აცხადებს სულხან სალაძე, საია-ს თავმჯდომარე რადიო თავისუფლების ეთერში:

„თუ ახლა ვინმე ფიქრობს, რომ მედიის კონტროლით შეძლებენ ყველაფრის კონტროლს, ცხადია - ვერა და არა! რადგან უფრო მეტი საშუალება არსებობს დღეს ინფორმაციის გავრცელების, ვიდრე წლების წინ იყო. მათ შორის, იზრდება ონლაინ მედია“.

ბევრის მსგავსად, სულხან სალაძისთვისაც არ იყო მოულოდნელი, რომ ახალი მენეჯმენტის დღის წესრიგის ნაწილი ჟურნალისტების გათავისუფლება იქნებოდა და რომ პირვანდელი განცხადება სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის შესახებ არაფერს ნიშნავდა. სულხან სალაძე ამბობს, რომ სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად ახალმა მენეჯმენტმა ყველაზე მარტივი გზა - საინფორმაციო სამსახურის შეცვლა აირჩია:

„ეს მოსალოდნელი პროცესი იყო ჩემთვის. უბრალოდ, ქიბარ ხალვაშის დაწერილი სცენარი არ არის ეს. არც რეჟისორია ქიბარ ხალვაში, თავისთავად და ძალიან ცუდად ასრულებს როლს, რაც ყველაზე კარგად ჩანს ამ პროცესში“.

სულხან სალაძე ლაპარაკობს „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესის მედიაგარემოზე ეფექტის შესახებ:

„მედიის მრავალფეროვნება, თუნდაც ის სუბიექტური, განსხვავებული პოზიციონირება, არის ის, რაც სჭირდება ამ ქვეყანას. ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, ვისაც მედია გვაინტერესებს, რომ აღფრთოვანებული ყოველთვის არც არავინ ყოფილა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკით, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ის, რისი გაქრობის შიშიც მაქვს, რომ უამრავი კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ უამრავი ინფორმაცია არცერთ სხვა სატელევიზიო მედიაში არ ხვდებოდა, თუ არა „რუსთავი 2“-ში. ამიტომაც იყო ეს მნიშვნელოვანი ჩემთვის“.

საია-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ „წითელი ხაზი გადაკვეთილია“:

„როცა ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ტოვებენ არხს, ეს იმას ნიშნავს, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია“.

სულხან სალაძე ამბობს, რომ „ეს პროცესები და სცენარები ნაცნობია ჩვენთვის“ და შეგვახსენებს წარსული წლების არაერთ ამბავს, რომელიც სხვადასხვა ტელეკომპანიას შეხებია.

საია უკვე ესაუბრა „რუსთავი 2“-დან გათავისუფლებულ რამდენიმე ადამიანს და კვლავაც მზად არის ნებისმიერს, ვისაც ამის სურვილი ექნება, აღმოუჩინოს სამართლებრივი მხარდაჭერა:

„საია გათავისუფლებამდეც და მერეც მზად არის დახმარებისთვის. რიგ თანამშრომლებთან ძალიან საინტერესო კონტრაქტებია გაფორმებული. ერთი, რაც გარედან რჩება, არის სამართლებრივი დახმარების შეთავაზება. ჩვენ მაშინვე გვქონდა ამ თემაზე საუბარი, როცა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და შეიცვალა არხის მენეჯმენი. აქტიურად ვეხმარებოდით „რუსთავი 2“-ს პროფკავშირების დაფუძნების ნაწილში. ეს არის ერთგვარი გარანტი, რომ უფრო მეტი ადამიანის უფლებების დაცვა მოხდეს კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე და კონკრეტულმა ადამიანებმა ილაპარკონ ბევრი ადამიანის სახელით“.

ამასთან, საია-ს თავმჯდომარე აცხადებს:

„არ მაქვს დიდი წარმოდგენა, რომ პოლიტიკურ დისკრიმინაციას დაადგენს სასამართლო. გვქონია ასეთი საქმეები წარმოებაში: [ეკა] მიშველაძის საქმეს გავიხსენებ. ძალიან ცალსახა იყო ეს ნაწილი. სასამართლომ დაადგინა, რომ უკანონოდ იყო გათავისუფლებული, თუმცა, ძალიან ერიდებიან, პოლიტიკურ კომპონენტზე ნაკლები მგრძნობელობა აქვს სასამართლოს, ვიდრე დისკრიმინაციის სხვა ფორმებზე“.

რაც შეეხება რეალობას „წითელ ხაზს“ მიღმა:

„წითელი ხაზის იქით ჩვენ დავინახავთ უკვე სხვა რეალობას, სხვა მოცემულობას და სხვა განრიგს სიუჟეტებისა, რაც „რუსთავი 2“-ის აქამდე არსებული განრიგისგან იქნება რადიკალურად განსხვავებული“.

სულხან სალაძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:30:39 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG