Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bolt: ტაქსი 12%-ით ძვირდება

18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები 12%-ით გაიზრდება - ტაქსის კომპანია Bolt-
18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები 12%-ით გაიზრდება - ტაქსის კომპანია Bolt-

სექტემბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფებს 12%-ით აძვირებს.

მოკლე ტექსტური შეტყობინებები კომპანიისგან Bolt-ის მომხმარებელთა ნაწილსა და „პარტნიორ მძღოლებს“ 17 სექტემბერს, საღამოს საათებში მიუვიდათ.

Bolt-ის საიტზე წერია: „18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში 12%-ით გაიზრდება (ცვლილება არ ეხება მინიმალურ ტარიფებს)“.

ამ ცნობაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ სამომხმარებლო ტარიფის გარდა, იცვლება პარტნიორებისთვის - ანუ მძღოლებისთვის - სერვისზე წვდომის საზღაური.

მომხმარებელთა ნაწილმა კომპანიისგან მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღო
მომხმარებელთა ნაწილმა კომპანიისგან მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღო

მძღოლების „შემოსავლის მხარდაჭერისთვის“

განცხადებაში, - რომელიც, სავარაუდოდ, პარტნიორებს, მძღოლებს მიემართება, - კომპანია წერს:

„ვიცით, რამდენი შრომა, დრო და პასუხისმგებლობა დგას თქვენი ყოველდღიური საქმიანობის უკან. საწვავისა და ავტომობილის მოვლის ხარჯების ზრდა, სხვა ყოველდღიურ ხარჯებთან ერთად, პარტნიორი მძღოლების შემოსავალზეც აისახება.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მონაცემებს და სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღეთ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ ეს თქვენი შემოსავლის მხარდაჭერისთვის აუცილებელი ნაბიჯია“.

„პარტნიორი მძღოლების ღირსეულ შემოსავალზე ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი და მომავალშიც ასე დარჩება“, - წერს Bolt-ი.

საწვავი კვლავ ძვირდება

ბოლო კვირებია, საქართველოში არსებულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ფასი იზრდება.

11 სექტემბერს რადიო თავისუფლება წერდა, რომ ბოლო ერთ თვეში საწვავი კიდევ 20-40 თეთრით გაძვირდა.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“ ფასის მატებას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირებენ.

ზრდას აგრძელებს სამომხმარებლო ფასებიც - 2026 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6%-ი შეადგინა, - წლიური მაჩვენებელი ბოლო 5 თვის განმავლობაში 5%-ზე ზემოთ ნარჩუნდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG