Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქტიკური აზრთა სხვადასხვაობა „უდასავლეთობაზე“


ტრანსატლანტიკური კავშირები ის აღარაა, რაც ადრე იყო. ევროპის უუნარობა, მის გარშემო ააგოს მსოფლიო, არ შეცვლილა. მაგრამ დასავლეთ ბალკანეთსა და კავკასიაში უფრო იმედისმომცემი ნიშნები ჩანდა. ეს მოიტანა მიუნხენის უსაფრთხოების წლევანდელმა კონფერენციამ.

კონფერენციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ წლევანდელი თემა იქნებოდა „დასავლეთის გარეშე“. ამით მათ იგულისხმეს „დანაწევრებული და ზოგ ნაწილში სულ უფრო მეტად არალიბერალური დასავლეთი, რომელიც, როგორც ჩანს, უკან იხევს გლობალური სცენიდან“.

ამერიკის მხარემ, რომელსაც სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხელმძღვანელობდა, ეს მოსაზრება გვერდზე გაწია და განაცხადა, რომ დასავლეთი იმარჯვებს და რომ ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის მხოლოდ „ტაქტიკური სხვაობებია“ ირანის საკითხში. მაგრამ ევროპულ კუთხეში უხერხულობა სუფევდა.

ისე გამოიყურებოდა, რომ ირანზე მათი თვალსაზრისი არა მხოლოდ განსხვავებულია აშშ-ის ხედვისგან (ევროპელები ჯერაც ცდილობენ გადაარჩინონ ირანის ბირთვული შეთანხმება, რომელიც ამერიკელებმა დატოვეს), არამედ უსიამოვნება იყო იმის თაობაზე, რომ აშშ კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან გავიდა, და იმაზე, თუ როგორ ზეწოლას ახორციელებს ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს წევრებზე, რათა მეტი გაიღონ თავდაცვისთვის.

მაგრამ ისე გამოიყურება, რომ ევროპელები ყველაზე მეტად ჩინეთის საკითხზე ღელავენ. ამერიკელთა უმრავლესობა პეკინს წარმოადგენდა, როგორც რეალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევას და გაფრთხილებებს გამოთქვამდნენ Huawei-სა და ჩინური 5G-ის ქსელის შესახებ. რასაც ევროპელთაგან ცოტა თუ დაეთანხმა. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სულ უფრო მეტი მათგანი მიესალმება მეტ ჩინურ ინვესტიციებს და არა მხოლოდ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში.

მერე, რა თქმა უნდა, იყო ჩივილი იმაზე, რომ ევროკავშირი არ არის გეოპოლიტიკური მოთამაშე და მეტიც, რომ კლუბის შიგნით არაა ერთიანობა უმეტესი საკითხების თაობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა უფრო მეტი ევროპული აზროვნების მორიგი ელეგანტური მოწოდებით. როგორც ჩანს, ამას რამდენიმე გერმანელი პოლიტიკოსი დაეთანხმა, მაგრამ ანგელა მერკელი იქ არ იყო და არ არის იმის ნიშანი, რომ ის დაინტერესებულია მაკრონის იდეით ევროპის უფრო მეტი პოლიტიკური ინტეგრაციის თაობაზე.

კიდევ უფრო მეტად სიმბოლური ისაა, რომ მიუნხენის სხდომებს არ ესწრებოდნენ მაღალი რანგის ბრიტანელი პოლიტიკოსები. სამაგიეროდ დამსწრეთა შორის ისხდნენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყოფილი ლიდერი კეთრინ ეშტონი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დევიდ მილიბანდი. ბრიტანელებმა დატოვეს ევროკავშირი და, როგორც ჩანს, ევროპის პოლიტიკური დებატების მაღალი სალონებიც. ისე გამოიყურება, რომ ევროპული კონცეფცია კი არ მატულობს, არამედ მცირდება.

და სანამ ევროპა საკუთარ უძლურებაზე წუხს, აშშ-მა მის უკანა ეზოში ხელი შეუწყო სერბეთსა და კოსოვოს შორის შეთანხმებების ხელმოწერას ორი სახელმწიფოს დამაკავშირებელი ავტობანების შესახებ. ევროკავშირი არსად ჩანდა, თუმცა მისი საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა მთელი უიკენდი მიუნხენში გაატარა, ისევე როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა. ამ უკანასკნელს დასავლეთ ბალკანეთში ევროკავშირის შუამავლად მიიჩნევენ. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ეს პოზიცია არაუადრეს მარტისა არ იქნება ოფიციალურად დაკავებული, აჩვენებს, რომ ამჟამად ინიციატივა მყარად უპყრიათ ხელთ ამერიკელებს და ენერგეტიკის საკითხებში მათ საგანგებო წარმომადგენელს კოსოვოსა და სერბეთში, რიჩარდ გრენელს.

მართალია, მაკრონმა თქვა, რომ მზად არის, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის მწვანე შუქი აუნთოს ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელი ოცი თვის განმავლობაში პარიზმა, სულ მცირე, სამჯერ მაინც დაბლოკა ეს ნაბიჯი, უნდა ველოდოთ, რომ ევროკავშირი მომავალ წლებშიც თავშეკავებული იქნება დასავლეთ ბალკანეთთან დაახლოების საკითხში.

დაბოლოს, გამომაცოცხლებელი იყო იმის ნახვა, რომ სცენა, მართალია, არა მთავარი, დაეთმოთ, ერთი მხრივ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და, მეორე მხრივ, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს - ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს.

ზელენსკი მოკლე სიტყვით გამოვიდა და შემდეგ მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან ინტერვიუში CNN-ის ჟურნალისტ კრისტიან ამანპურთან. მართალია, სულ უფრო მეტად გაღიზიანებული ჩანდა ამანპურის გამუდმებულ შეკითხვებზე ტრამპთან მისი ცნობილი სატელეფონო საუბრის შესახებ, მაგრამ ხალხი მაინც მოხიბლა თავისი კომიკური სტილით და ხუმრობებით თავისი დამტვრეული ინგლისურით. მისი ოპტიმიზმი უკრაინის მომავლისა და საკუთარი პიროვნების შესახებ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმაში, რომ დავიწყებას მიეცეს მისი ქვეყნის, როგორც კორუფციით მოცული და შეუმდგარი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს იმიჯი. მაგრამ განაჩენი ჯერ კიდევ გამოსატანია, შეძლებს თუ არა ის რამის შეცვლას.

მიუნხენში შეკრებილები მხარს უჭერდნენ მას. ჯერჯერობით. მათ ასევე მოეწონათ ფაშინიანისა და ალიევის სპარინგი. ისინი ცოტა რამეზე შეთანხმდნენ და უფრო და უფრო ღრმად მიდიოდნენ ისტორიული ფაქტებისა და ინტერპრეტაციების მოსახმობად შეკითხვების ყოველი რაუნდისას, მაგრამ ერთი-ორჯერ იყო იმის მინიშნება, რომ თვითონაც მოსწონდათ ერთმანეთთან ყოფნა. მათ სახეზე რამდენჯერმე ღიმილი შევნიშნე.

დასავლეთის გარეშეა თუ არა, მსოფლიო გზას განაგრძობს.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG