Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „იბერია“ მოითხოვს საქმე აღიძრას მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე


ტელეკომპანიის თანამშრომელთა საპროტესტო მსვლელობა
ტელეკომპანიის თანამშრომელთა საპროტესტო მსვლელობა

ტელეკომპანია „იბერია“ მოითხოვს სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმ აუდიოჩანაწერის საფუძველზე, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" მფლობელს და ტელეკომპანია "იბერიის" დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს სატელეფონო საუბრისას ბიზნესში პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ტელეკომპანიის დათმობას სთხოვს.

ტელეკომპანია „იბერიის“ შესახებ

  • "იბერია" 1996 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელები თავდაპირველად იყვნენ კერძო პირები დ ა, ასევე, სს “საქართველოს საფოსტო ბანკი”.
  • მოგვიანებით ტელევიზიის მფლობელთა შორის შპს “ომეგა-მოტორსი” ჩნდება, უფრო მოგვიანებით კი - „ომეგა ჯგუფი“.
  • 2004 წელს ტელეკომპანიის საერთო ლიცენზიის სხვა კომპანიისთვის გადაცემა გამოძიების საგანი გახდა. პარალელურად, ფინანსური პრეტენზიები წაუყენეს მფლობელ კომპანიას. არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა.
  • 2015 წელს ტელესივრცეში განახლებული ეთერით დაბრუნდა.
  • „ომეგა ჯგუფი“, რომელიც თამბაქოს ბიზნესს, ასევე, სხვა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, „იბერიის“ დაფინანსების ძირითადი წყაროა.
  • ფინანსთა სამინისტრო „ომეგა ჯგუფს“ დაახლოებით 51 მილიონ ლარს ედავება.
  • კომპანია ვალს აღიარებს და მის რესტრუქტურიზაციას ითხოვს.

სატელეფონო საუბრისას ლევან ყიფიანი მოსაუბრეს მიუთითებს, რომ ხელისუფლებას აღიზიანებს “იბერიის“ სარედაქციო პოლიტიკა

„აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ამ წუთამდე არ აღძრულა და კითხვებს ბადებს ხელისუფლების მისამართით“, თქვა არჩილ გამზარდიამ, „იბერიის“ „ახალი ამბების“ წამყვანმა 10 სექტემბერს მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ტელეკომპანიის 40-მდე თანამშრომელი საპროტესტო მსვლელობით მივიდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ქართულ და ინგლისურენოვანი პლაკატები: „სიმართლეს ვამბობთ“, „მე ვიცავ ‘იბერიას’“, „ვერ გაგვაჩუმებთ“ და სხვა.

არჩილ გამზარდიას თქმით, „არა მხოლოდ ცალკეული პირები, ვისი ხმაც ისმის და ვისი ვინაობაც დადგინდა [აუდიოჩანაწერში], არამედ სრული სახელისუფლებო სივრცეა ჩართული იმ პროცესში, რაც კანონის მიღმაა და არის მავნებლური და დანაშაულებრივი ქმედება“.

„სამწუხაროა, რომ დღეს, როგორც პოლიტოლოგს და ჟურნალისტს, მიწევს იმის თქმა, რომ„ქართული ოცნება“ [მმართველი პარტია], რომლის მხარდამჭერიც ვიყავი, არის სიტყვის თავისუფლების მტერი და ცდილობს კიდევ უფრო მძიმე ფორმებით, რომლის გამოცდილებაც გვქონდა წინა წლებში, „აახიოს“ საზოგადოებას თავისი ეროვნული წარმოება და კრიტიკული მედია“, განაცხადა „იბერიის“ „ახალი ამბების“ წამყვანმა.

10 სექტემბერს დილიდან, საპროტესტო მსვლელობის განმავლობაში, ტელეკომპანია გათიშული იყო. სოფო ხუციშვილმა, ტელეკომპანია „იბერიის“ პროდიუსერმა, მთავრობის კანცელარიის წინრადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტელევიზია აღადგენს მაუწყებლობას და ყველა გადაცემა „საგანგებო რეჟიმში“ გააგრძელებს მუშაობას.

„ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როცა ტელეკომპანია წყვეტს მაუწყებლობას და გადის ქუჩაში. ეს არის პროტესტის ფორმა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ იმ ფარული ჩანაწერის შემდეგ”, თქვა ხუციშვილმა, რომელმაც შენიშნა, რომ მთავრობის კანცელარიიდან მათთან სასაუბროდ არავინ გამოსულა.

აქციის შემდეგ „იბერიაში“ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები მივიდნენ ვითარების გასაცნობად და უშუალოდ ტელევიზიის თანამშრომლებისგან ინფორმაციის მისაღებად. „იბერიის“ პროდიუსერის სოფო ხუციშვილის თქმით, 11 სექტემბერს ისინი შეხვდებიან პრეზიდენტს, რომელსაც „საინტერესო ინფორმაციას“ მიაწვდიან.

"იბერია" 1996 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელები თავდაპირველად იყვნენ კერძო პირები დ ა, ასევე, სს “საქართველოს საფოსტო ბანკი”. მოგვიანებით ტელევიზიის მფლობელთა შორის შპს “ომეგა-მოტორსი” ჩნდება, უფრო მოგვიანებით კი - „ომეგა ჯგუფი“. 2004 წელს ტელეკომპანიის საერთო ლიცენზიის სხვა კომპანიისთვის გადაცემა გამოძიების საგანი გახდა. პარალელურად, ფინანსური პრეტენზიები წაუყენეს მფლობელ კომპანიას. არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა 2015 წელს ტელესივრცეში განახლებული ეთერით დაბრუნდა. „ომეგა ჯგუფი“, რომელიც თამბაქოს ბიზნესს, ასევე, სხვა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, „იბერიის“ დაფინანსების ძირითადი წყაროა.

ფინანსთა სამინისტრო „ომეგა ჯგუფს“ დაახლოებით 51 მილიონ ლარს ედავება. კომპანია ვალს აღიარებს და მის რესტრუქტურიზაციას ითხოვს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება „ომეგა ჯგუფის“ მიერ შეთავაზებულ საგადასახადო პირობებს. კომპანიათა ჯგუფის მთავარმა მეწილემ და „იბერიის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა თავისივე ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება ფინანსურ ზეწოლას ახორციელებს და ეს პირდაპირ აისახება ტელევიზიის მუშაობაზე. მან თქვა, რომ ზეწოლის მიზეზი „იბერიაა“, რომლის გადაცემათა შინაარსით უკმაყოფილონი არიან მმართველი წრეები.

"იბერიის" თანამშრომლების აქცია
"იბერიის" თანამშრომლების აქცია

10 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უარყო მთავრობის ზეწოლა „ომეგა ჯგუფსა“ და, შესაბამისად, მის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანია „იბერიაზე“. მისი სიტყვებით, მიუღებელი და სამარცხვინოა, როდესაც მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი თავისსავე მედიას შანტაჟის იარაღად იყენებს და ცდილობს გადასახადებს თავი აარიდოს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG