Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „იბერიიდან“ გათავისუფლებული 21 თანამშრომელი სასამართლოში ჩივის


"იბერიის" ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია
"იბერიის" ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია

ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურიდან განთავისუფლებული 21 თანამშრომელი 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს ტელეკომპანია „იბერიის“ წინააღმდეგ, ვისგანაც კომპენსაციისა და განაცდურიდან ასანაზღაურებელი თანხის გადახდას მოითხოვს.

საიას იურისტმა მარიამ გოგოსაშვილმა, რომელიც სასამართლოში ჟურნალისტების ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სარჩელი შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ეყრდნობა.

ტელევიზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თანამშრომლებს უთხრა, რომ ფინანსური პრობლემების გამო მიგვემართა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს იყო ჩვენი დაცინვა. ჟურნალისტებმა არ უნდა მოსთხოვონ ფული ხელისუფლებას, ფული უნდა გადაიხადოს მან, ვინც დაიქირავა ეს ჟურნალისტები...
ვახო ხუზმიაშვილი

„ჟურნალისტებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები ტელეკომპანიის მენეჯმენტისგან სამი დღით ადრე, 19 ოქტომბერს, ჩაბარდათ. შრომის კოდექსის 36-ე მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იყო ერთი თვის ვადაში სამსახურიდან დათხოვილებისთვის კომპენსაცია გადაეხადა, რაც ორი თვის სახელფასო თანხის ოდენობას შეადგენს“, უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ გოგოსაშვილმა და დასძინა: „ჟურნალისტებს კომპენსაცია არ აუღიათ და არც განაცდურიდან ასაღები თანხა. მოპასუხე შპს „იბერია“ იქნება“.

„იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მაკა ჩიხლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სარჩელის ავტორებს შორის არიან „ახალ ამბებზე“ მომუშავე რეგიონალური ჟურნალისტები და ოპერატორები.

„ჩვენ განაცდურის ანაზღაურებას და კომპენსაციას ვითხოვთ, რადგან „იბერიაში“ მუშაობას აღარ ვაპირებთ“, თქვა მაკა ჩიხლაძემ.

„იბერიამ“ მაუწყებლობა 16 ოქტომბერს შეწყვიტა. ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ მაშინ სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია: „გადაუკეტა სასიცოცხლო არტერია და გაჩერდა „იბერია“, მაგრამ... მედიასთან დაპირისპირება ცუდად შეუტრიალდება „ოცნების“ ხელისუფლებას“.

16 ოქტომბერს კამერები და მიკროფონები დაყარეს და უარი თქვეს მუშაობაზე. იძულებულნი გავხდით, ტელეკომპანია დაგვეხურა.
ნატო ჩხეიძე

26 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა არხის მფლობელებს ბრალი დასდო თანამშრომლებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და შრომითი უფლებების დარღვევაში.

„როცა გაჩერდა ტელევიზია, იმ დღეს ჟურნალისტებს არავინ შეხვდა. მეორე დღეს, როცა ეს შეხვედრა გაიმართა, ტელევიზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თანამშრომლებს უთხრა, რომ ფინანსური პრობლემების გამო მიგვემართა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს იყო ჩვენი დაცინვა. ჟურნალისტებმა არ უნდა მოსთხოვონ ფული ხელისუფლებას, ფული უნდა გადაიხადოს მან, ვინც დაიქირავა ეს ჟურნალისტები... ველოდებოდი, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლები აიღებდნენ მორალურ პასუხისმგებლობას და შეასრულებდნენ დანაპირებს ჟურნალისტების მიმართ... რადგან ვითარება ამ მდგომარეობამდე მივიდა, ალბათ, მეც მივიღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მე შედარებით გვიან გამათავისუფლეს, კომპენსაციის მოთხოვნისთვის ერთთვიანი ვადა 27 ნოემბერს მეწურება“, თქვა პრესკონფერენციაზე ვახო ხუმზიაშვილმა, რომელიც იმ 21 მომჩივან ჟურნალისტს შორის არ არის.

გაერთიანებული პროფკავშირების იურისტები ტელევიზიიდან გაშვებული კიდევ 9 ოპერატორის სარჩელზე მუშაობენ.
პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქმე სასამართლომდე მივა.
ოპერატორები განაცდურის ანაზღაურებასა და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.

ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჟურნალისტებს ორკვირიანი მუშაობისთვის - მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით - თანხა სრულად აუნაზღაურდათ.​

„მაგრამ 16 ოქტომბერს კამერები და მიკროფონები დაყარეს და უარი თქვეს მუშაობაზე. იძულებულნი გავხდით, ტელეკომპანია დაგვეხურა“, თქვა ნატო ჩხეიძემ.

რადიო თავისუფლების კითხვას, გადაუხდიან თუ არა კომპენსაციას ტელევიზიიდან გაშვებულ თანამშრომლებს დამფუძნებლები, ნატო ჩხეიძემ უპასუხა, რომ ისინი იმოქმედებენ „კანონის შესაბამისად“. ამასთან, ჩხეიძემ დასძინა, რომ „იბერიის“ სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენა დამოკიდებული იქნება „ომეგა ჯგუფის“ ფინანსურ მდგომარეობაზე - იმ რეკლამებზე, რომლებითაც ეს ჰოლდინგი ტელევიზიას კვებავდა, ასევე სხვა რეკლამების რაოდენობაზე.

ტელეკომპანია „იბერია“ „ომეგა ჯგუფს“ ეკუთვნის, რომლის დამფუძნებლები არიან ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე, ნატო ჩხეიძე.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG