Accessibility links

15-ტომიანი საქმე ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ


ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ბრალად ედება სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ლაურა ღაჭავამ გააყალბა მთელი რიგი დოკუმენტები - კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც შემდეგ კომპანიების საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები იფარებოდა.

ლაურა ღაჭავა
ლაურა ღაჭავა

„გეგმიური შემოწმება გვქონდა საგადასახადოდან და გამოირკვა, თითქოს ყალბი დღგ ფაქტურებით ნავთობი შემოვიტანე. ახლა ვერაფერს გეტყვი. 15 ტომის საქმე გამოგვატანეს და კიდევ 15 ტომის დისკები. ამას ხომ უნდა გავეცნო?!“ - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსულმა ლაურა ღაჭავამ.

ღაჭავა მომხდარში პოლიტიკურ ქვეტექსტს ვერ ხედავს. მისი თქმით, საგადასახადო სამსახურმა ბევრი სხვადასხვა პირის დღგ დოკუმენტაცია შეამოწმა და მათ შორის მოჰყვა მისი კომპანიაც, LG ჯგუფი.

ის ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია „მთავარი არხი“ მის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში უნდა განთავსებულიყო. ლაურა ღაჭავას თქმით, როდესაც გვარამია ტელევიზიისთვის შენობას ეძებდა, მასაც შეხვდა, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ.

„ყველაფერს ყადაღა ადევს, უზარმაზარი სესხები მაქვს და იძულებული გავხდი რაღაც უძრავი ქონება გამეყიდა. ამის გამო უძრავი ქონების სააგენტოსაც მივმართე. მინდოდა სასტუმროს გაყიდვა, ასევე პატარა ობიექტისა დიღომში. ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასაც შევხვდი, მაგრამ მათ 5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი უნდოდათ“, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

სავარაუდოდ, აღმკვეთ ღონისძიებაზე იქნება საუბარი.
კობა ამბარდნიშვილი

ლაურა ღაჭავას ადვოკატი კობა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ საქმეში არის მასალები, რომლებიც კომპანიის ბოლო 6 წლის საქმიანობას ეხება.

„მასალებს ჯერ მეც არ გავცნობივარ. რაც შეეხება პროცედურებს, სასამართლო გაიმართება და, სავარაუდოდ, აღმკვეთ ღონისძიებაზე იქნება საუბარი“, - განაცხადა მან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG