Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერი ადამიანები - ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის


ლგბტქ თემის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ აქვეყნებს გამოკვლევას ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ საქართველოში. გამოკვლევა 2019 წელს ჩატარდა. გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვითაც, ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში კვლავაც რჩებიან ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფად, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში - იქნება ეს უბრალოდ ქუჩაში გადაადგილება თუ მაგალითად, ჯანდაცვის მომსახურების მიღება, არაერთ პრობლემას აწყდებიან და ხშირად, მათი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება.

გამოკვლევის ავტორებმა ჯამში 18 ტრანსგენდერი ადამიანი გამოკითხეს. მათი ასაკი მერყეობს 14-დან 46 წლამდე. რესპონდენტები უმძიმესი გამოცდილებების შესახებ ლაპარაკობენ:

„ერთხელ ცირკის პადზემკაში მომივიდა ჩხუბი. რვანი იყვნენ და დამასისხლიანეს. ბოლოს ერთმა თქვა, მგონი, მოკვდაო და დამაგდეს. არც მახსოვს, როგორ ამოვედი პადზემკიდან“...

ერთ-ერთი გამოკითხული ტრანსგენდერი კაცი კი ყვება, როგორ გახდა „გამოსასწორებელი“ ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი მასკულინური გამოხატვის გამო.

ტრანსგენდერი ადამიანები ლაპარაკობენ ძალადობისას პოლიციის არასათანადო რეაგირებაზე. გამოკითხულთა უმეტესობა მრავალჯერადი ძალადობის მსხვერპლია. მათი თქმით, ძალიან ხშირია პოლიციის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარის გამოცდილება. ტრანსგენდერი ადამიანები ამბობენ, რომ ისინი პოლიციის მხრიდან აწყდებიან დამცინავ და შეურაცხმყოფელ მოპყრობას. როგორც გამოკვლევის ავტორი წერს, პოლიციის მხრიდან ძალადობა და დისკრიმინაცია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას, რადგან მსგავსი შემთხვევები უბიძგებს რესპონდენტებს, აღარ მიმართონ სამართალდამცავებს.

ჯანდაცვა არის ის პრობლემა, რომელიც უმწვავესად აისახება ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებაზე. გამოკვლევის ავტორის თქმით, ტრანსჯანდაცვა ფაქტობრივად გარკვეული კლინიკებისა და ცალკეული სპეციალისტების კეთილ ნებასაა მინდობილი. ტრანსგენდერი ადამიანები ლაპარაკობენ ექიმების მხრიდან დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე. ზოგიერთმა მათგანმა გენდერული იდენტობის გამო ვერ მიიღო სათანადო მომსახურება. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად, აივ-ინფიცირებულნი არიან, აწყდებიან ორმაგ დისკრიმინაციას, როგორც ტრანსგენდერები და როგორც ინფიცირებულები. ერთ-ერთი რესპონდენტი ყვება, როგორც უთხრეს მას უარი ცხვირის ოპერაციაზე იმის გამო, რომ ის აივ-ინფიცირებულია.

გამოკვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხშირად, გინეკოლოგების დამოკიდებულება ტრანსგენდერი კაცების მიმართ არის დისკრიმინაციული. რესპონდენტების უმეტესობას სურს შვილის ყოლა, თუმცა მათ არ სურთ შვილის ჩასახვა/გაჩენა ბუნებრივი გზით, ხოლო ხელოვნური განაყოფიერების საშუალება მათ არ აქვთ. ტრანსგენდერ ადამიანებს მშობლობისა და შვილის ყოლის უფლება პარტნიორების და ქორწინების უფლების არქონის გამო არაპირდაპირ ეზღუდებათ.

როდესაც საქმე ეხება ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს გენდერის სამართლებრივი აღიარება, რაც გულისხმობს ამჟამად საქართველოში არსებული სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის გაუქმებას და დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებას სურვილისამებრ - მდედრობითიდან მამრობითზე ან პირიქით. არასამთავრობო სექტორი ამ საკითხს უკვე რამდენიმე წელია, ლობირებს, თუმცა, უშედეგოდ. სავალდებულო ოპერაციის გაუქმებას ემხრობა ყველა გამოკითხული რესპონდენტი, ვისაც დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილება სურს.

განათლება და დასაქმება - ეს ორი საკითხი ტრანსგენდერი ადამიანების სირთულეების ჩამონათვალში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთაგან მხოლოდ ხუთმა რესპონდენტმა მოახერხა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება და ისიც იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს არ უღიარებია ხმამაღლა მათი გენდერული იდენტობა. ტრანსგენდერი ადამიანების უმეტესობა სკოლის ასაკშივე განიცდის ძალადობას: „განსხვავებული რომ ვიყავი, ისედაც მიჭირდა მორგება და სწავლა ვერ გავაგრძელე. ერთი სული მქონდა სკოლა მორჩენილიყო. უნივერსიტეტში მაგიტომ აღარ გავაგრძელე“.

რაც შეეხება დასაქმებას, ტრანსგენდერი ადამიანების უმეტესობა იძულებულია იმუშაოს სექსმუშაკად. ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებს: „3 თვის წინ პრომო გოგოდ მინდოდა მუშაობა და გასაუბრებაზე დამიბარეს. მისვლამდე დავრეკე, ვუთხარი, ტრანსი ვარ-მეთქი, გამლანძღეს, აქ აღარ გაბედო დარეკვაო“.

საგანგაშოდ დაბალია სექსსამუშაოში ჩართვის ასაკი. გამოკითხულთა ნახევარი სექსსამუშაოში 13-17 წლის ასაკში ჩაერთო. ისინი ლაპარაკობენ ეკონომიკურ იძულებაზე, რადგან სხვაგან ვერ საქმდებიან და მათი თქმით, სექსსამუშაო გადარჩენის ერთადერთი გზაა.

საცხოვრებლის პრობლემა ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება ტრანსთემისთვის. უმრავლესობას არ აქვს სახლი. ყველა, ვისაც არ აქვს საკუთარი სახლი, ლაპარაკობს საცხოვრებლის პოვნის პრობლემაზე: „სხვას ვაქირავებინე, რადგან მე არ მომაქირავებდნენ“, „ქირაობისას ვმალავ, რომ ტრანსი ვარ“, „როცა მეზობლებმა ჩემი ფოტოები ნახეს, დამხვდნენ და სახლში არ მიშვებდნენ“, - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ძალადობრივი გამოცდილებებისა, რომლებსაც ტრანსგენდერი ადამიანები საცხოვრებლის პოვნისას ან შენარჩუნებისას აწყდებიან.

„თანასწორობის მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ მართალია, გამოკვლევის განზოგადება შეუძლებელია, თუმცა, ინფორმაცია იმდენად ხშირად მეორდება, რომ ცალსახად შეიძლება საუბარი გარკვეულ ტენდენციებზე, რომლებიც ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრებას თან სდევს საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG