Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წერილი დედას


დედა, გამარჯობა!

მინდა გკითხო, რა შეიცვალა ჩემში ან შეიცვალა კი რამე ?

ვფიქრობ, რომ არა. რაც ვიყავი 14 წლამდე, ისა ვარ ახლაც.

#2 - წერილი დედას
please wait

No media source currently available

0:00 0:04:07 0:00
გადმოწერა

ერთადერთი რამ შეიცვალა - ის, რომ აღარ გატყუებ.

სანამ ჩემი ორიენტაციის შესახებ გაგიმხელდი, მანამდეც იგივე გრძნობები მქონდა, იგივე განცდები, შეგრძნებები და იგივე აზროვნება.

თუმცა მაშინ ხომ გიყვარდი, მაშინ ხომ მოგწონდა ჩემი გრძნობები. მაშინ კარგი შვილი ვიყავი?

არაფერი შეცვლილა.

მე ისევ ისეთი ადამიანი ვარ, ზუსტად იმავე გრძნობებით და იმავე ფასეულობებით.

დედა, მე მუდამ გოგო ვიყავი და შენ სწორედ ასეთი გიყვარდი. სწორედაც რომ შენი ქალიშვილი გიყვარდა, იმიტომ რომ მე და შენ საუკეთესო დედა-შვილი ვართ და გვესმოდა ერთმანეთის ისე, როგორც ნამდვილ ქალებს.

შენ ბავშვობიდან მამჩნევდი, რომ მე გოგო ვიყავი, მაგრამ, უბრალოდ, ამის აღიარება არ გინდოდა ან ამის დაჯერება არ გინდოდა.

მახსოვს, როგორ ცდილობდი ჩემი ქალური ქცევები რაიმე სხვა მიზეზით აგეხსნა ნაცვლად იმისა, მიგეღო, რომ მე გოგო ვარ.

ყოველთვის ვცდილობდი უფრო პატარა ასაკში მეთქვა შენთვის ეს, თუმცა შეუძლებელი იყო. იმის შიში, რომ შენი ფიქრები გამართლდებოდა და მართლაც გეტყოდი, რომ მე გოგო ვარ, საუბრის საშუალებას არც შენ და არც მე არ მაძლევდა.

მე მესმის შენი. მე გიცნობ შენ. მე ხომ შენი სხეულის ნაწილი ვარ. როგორ შეიძლება არ მესმოდეს შენი, როგორც შვილს და როგორც ქალს, როგორც დას და როგორც მომავალ დედას?

მესმის და მზად ვარ იქამდე დაგელოდო თბილი გულით, სანამ ამ ამბავს არ გადახარშავ და არ მიხვდები, რომ ჩემით უნდა იამაყო.

მე მხოლოდ განსხვავებული ორიენტაციის კი არა, სხვა მხრივაც განსხვავებული ვარ.

მე მხოლოდ ტრანსგენდერი არ ვარ. მე ამ ულამაზესი სამყაროს ნაწილი ვარ, ისევე როგორც შენ და სხვა ყველა, მიუხედავად იმისა, რაოდენ განსხვავებულებიც არ უნდა ვიყოთ ჩვენ.

ერთი მიწიდან მოსულები ვართ და სწორედ ამ ერთ მიწაში დავბრუნდებით. ამიტომ ჩვენ ერთნი ვართ, ერთი მთლიანობა, ერთი სიყვარული, ერთი სამყაროს ნაწილი, ერთი გრძნობის შემოქმედება.

იამაყე იმით, რომ ტრანსგენდერი შვილი გყავს, ისევე როგორც მე ვამაყობ, რომ ტრანსგენდერი ვარ. იამაყე იმით, რომ მე, შენი შვილი, არავის დავჩაგრავ და არავის მივაყენებ ზიანს. იამაყე იმით, რომ მე, ტრანსგენდერი, შენი გაჩენილი ვარ.

1 წლისაც არ ვიყავი, როცა რეანიმაციაში მოვხვდი და დიდხანს გრძელდებოდა ჩემი მკურნალობა. მაშინ ჯერ კიდევ არსენა მერქვა. ეს სახელი მამამ დამარქვა.

როდესაც რეანიმაციაში მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, დედაჩემმა ბოლო კაპიკებით სანთლები იყიდა და საავადმყოფოს სამლოცველო კუთხეში ლოცვა დაიწყო. ლოცვისას ჩაეძინა და სიზმარში უცნობი ნახა, რომელმაც უთხრა, რომ თუ გიორგის დამარქმევდა, გადავრჩებოდი, და ასეც მოიქცა: დედაჩემმა დამარქვა გიორგი.

დედა, მე მჯერა, რომ ღმერთს უნდოდა ჩემი გადარჩენა, მიუხედავად იმისა, როგორი ვიყავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG