Accessibility links

უგულავა: ხელისუფლებას სურს გაავლოს პარალელი ვარდების რევოლუციასა და 20 ივნისის ღამეს შორის


„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება გაუგებრობაშია“, - განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა გიგი უგულავამ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე.

პოლიტიკური ხელმძღვანელობის, პროკურატურისა და შსს-სგან ვიცით, რომ გამოძიება იძიებს მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. არადა, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობას. ანუ საერთოდ არ იყო ნახსენები გადატრიალება. ჩემი პირველი კითხვაც სწორედ ეს იყო, მინდოდა დამეზუსტებინა, რა მუხლით მიმდინარე საქმეზე ვიყავი დაბარებული. ამიხსნეს, არა ეს ერთი საქმეაო. ფაქტია, რომ საქმე ხელოვნურადაა დაჩეხილი იმისთვის, რომ რაიმეს მოეჭიდონ. თუ ერთი მიმართულებით არ გამოუვათ საქმე, მეორე მიმართლებით წავლენ და ა.შ. ფაქტია, რომ აქვთ სურვილი, რომ ეს პროცესი მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად“.

გიგი უგულავას სიტყვებით, გამოკითხვის პროცესში ნათლად გამოიკვეთა, რომ ხელისუფლებას სურს პარალელი გაავლოს ვარდების რევოლუციასა და 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს შორის:

„სახელისუფლებო პროპაგანდიდან და კითხვებიდანაც იკვეთებოდა, რომ ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია იპოვონ კავშირები ვარდების რევოლუციასთან“.

რაც შეეხება კითხვებს 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, გიგი უგულავა ამბობს, რომ ეს არ იყო დაგეგმილი შეხვედრა და მოლაპარაკება და მთელი პროცესი პირდაპირ ეთერის რეჟიმით გადაიცემოდა:

„ოპოზიციონერთა ნაწილი ერთ აზრს ამბობდა, მეორე კი ამ აზრს აბათილებდა და ა.შ. არანაირი გეგმა პარლამენტში შესვლისა არ ყოფილა. დიახ, ნიკა მელიასთან დაკავშირებით დამისვეს კითხვები. მელიას გამოსვლა ონლაიან არ მომისმენია. მისი გამოსვლის შესახებ გავიგე მეორე დღეს. პირადად მე მისი გამოსვლა არ მომეწონა, მაგრამ სრული პოლიტიკური უტიფრობა, სამართლებრივი თავხედობა და უვიცობაა, რომ მისი გამოსვლა და შემდგომ განვითარებული ჩხუბი პარლამენტის წინ მონათლო სახელმწიფო გადატრიალებად ან ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფად. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი და მინდა გითხრათ, რომ პირად საუბრებშიც გამომძიებლებიც და მოსამართლეებიც ამას აღიარებენ, რომ ეს არის სამართლებრივი პროპაგანდისთვის და არა სამართლის დადგენისთვის წარმოებული გამოძიება“.

გამოცხადებული გაყალბების ქრონიკაა დღეს წარმოებული გამოძიება.

გიგი უგულავას განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,

„ამისთვის მზად არიან გადაწერონ ისტორია. გამოცხადებული გაყალბების ქრონიკაა დღეს წარმოებული გამოძიება. სანამ პროკურატურა და საქართველოს ხელისუფლება არ გასცემს კითხვაზე პასუხს, ვინ ამოთხარა თვალი მაკო გომურს, სხვა დანარჩენს ადამიანებს, ვინ მოტეხა ხელი თამარ ბაღაშვილს. ვინ გამოიყენა და რატომ დათვის ტყვიები, ყველა სხვა დანარჩენი პროცესი არის ისრების გადატანის, გაყალბების და საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობა“.

მას შემდეგ, რაც რუსთაველზე სიტუაცია ჩამცხრალი იყო და მოლაპარაკება უნდა შემდგარიყო, იიღეს გადაწვეტილება, რომ დაერბიათ აქციის მონაწილეები.

შესაძლოა თუ არა, რომ გიგი უგულავას შეეცვალოს მოწმის სტატუსი და ის გამოძიების წინაშე ბრალდებულის სტატუსით წარსდგეს, ამის შესახებ გიგი უგულავა პასუხობს:

„ბრალის წარდგენა არ წარდგენა ივანიშვილის პირობებში პირობითობაა. ამ საქმეში ყველა სახელი და გვარი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკოსი არ მოეწონება, რომელი პოლიტიკოსის განეიტრალება მოუნდება, პროკურატურა ამოსწევს გვარს და ის გახდება ბრალდებული. სიმართლე არის ერთი, რომ მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე სიტუაცია არსებითად ჩამცხრალი იყო და მოლაპარაკება უნდა შემდგარიყო, ამის ნაცვლად ხელისუფლებამ, გახარიამ თუ ივანიშვილმა, მიიღეს გადაწვეტილება, რომ დაერბიათ აქციის მონაწილეები. ეს არის წყალგამყოფი მომენტი, რატომ ჩაიშალა შეთანხმებული მოლაპარაკება? ამაზე გახარიას პასუხია, რომ არ იცის. რას ნიშნავს არ ვიცი. თავად მისი პოლიციელების წინ ვიდექით და ვეუბნებოდით, რომ კორიდორი უნდა გაეკეთებინათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთავარი კითხვა რჩება, რატომ ჩაიშალა ეს მოლაპარაკებები, რომელიც სულ რომ უშედეგოდ დასრულებულიყო, ადამიანის ემოცია იმ რამდენიმე საათში დაცხრებოდა. მაგრამ, შედეგად მივიღეთ არათუ სამწუხარო, არამედ ტრაგედია, რომელიც მოითხოვს პასუხებს“.

10 ივლისს, გიგი უგულავამ გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.

გასულ კვირაში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, გია ბარამიძე. გამოკითხვაზე დაბარებულია ასევე "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი.

27 ივნისს, ამავე საქმეზე, ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თემურ გოგოხიამ, აღმკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 3 ივლისს, ნიკა მელიას არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს.

20 ივნისის, საზოგადოების ნაწილი პარლამენტის წინ მას შემდეგ შეიკრიბა, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა. ღამით რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა, რასაც აქციის დაშლა მოჰყვა.

დემონსტრანტების დაშლისას 240-მდე ადამიანი დაშავდა, ორმა ახალგაზრდამ კი თვალი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG