Accessibility links

სამუდამო პატიმრობა - ყველაფერი სმითების მკვლელობაზე


უვადო პატიმრობა მიესაჯა ხადის ხეობაში სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს.

ის 25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმაც ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნეს და გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

ბრალდებულის ადვოკატების სურვილი კი იყო სასჯელის შეფარდებაზე არა მოსამართლეს, არამედ ნაფიც მსაჯულებს ემსჯელათ.

ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ საქმე პროცესუალური დარღვევებით წარიმართა.

რა მოხდა ხადაში

ოფიციალური განცხადება ხადის ხეობაში მომხდარი დანაშაულის შესახებ პირველად შსს-მ გაავრცელა გასული წლის 7 ივლისს.

„6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა... სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენი ორის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო. სამუშაოები დღეს, დილიდან განახლდა. ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი - გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

შსს-ს 9 ივლისის განცხადების თანახმად, დაკავებული იყო 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური, რომელსაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისთვის ედებოდა ბრალი. ამავე განცხადების თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის ცხედრები ხეობაში 6, 7 და 8 ივლისს იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ 7 ივლისს შსს ოფიციალურ განცხადებაში წერდა, რომ პირველადი დათვალიერებით, ცოლ-ქმარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, 9 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაიან სმითი და მისი 4 წლის შვილი მოკლულები არიან.

​„თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული“, - წერია შსს-ს 9 ივლისის განცხადებაში.

11 ივლისს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მალხაზ კობაურმა დედის მიმართვის შემდეგ „გთხოვ, სიმართლე თქვი, მახო“. მხოლოდ ერთი ფრაზა წარმოთქვა, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია, „ისინი მე არ დამიხოცია, ისინი ორი, უცხო ორი მამაკაცი იყო და იმეებმა დახოცეს და დამემუქრნენ, რომ დედმამიშვილებს დამიხოცავდნენ და მაგიტო დავმალე“.

იმავე დღეს, პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა რომ „გამოძიების ამ ეტაპზე სხვა ბრალდებულთა ვინაობა არ იკვეთება“. პროკურორის მტკიცებით, ბრალდებული ჯერ პოლიციისთვის კვალის არევას ცდილობდა, შემდეგ თავად უჩვენა, სად იყო დამალული მოკლული ბავშვის ცხედარი და დანაშაულის იარაღი, შემდეგ კი პოზიცია შეცვალა და ბრალს არ აღიარებს.

პროკურორი განმარტავდა, რომ მალხაზ კობაურმა რაიან სმითის მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სმითმა იარაღის დაუდევრად გამოყენების გამო შენიშვნა მისცა. პროკურორის ინფორმაციით, კობაურმა ჯერ რაიან სმითი მოკლა, შემდეგ თავის არეში ესროლა მის მცირეწლოვან შვილს, შემდეგ კი რაიან სმითის ცოლს დაედევნა მოსაკლავად.

უცხო ხალხის ვერსია საქმეში

5 სექტემბერს რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, თუ სმითები სხვა, უცხო პირმა ან პირებმა მოკლეს, რატომ დატოვეს ერთადერთი მოწმე, კობაური ცოცხალი, ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა ასე უპასუხა:

„ჩვენ ზუსტ ვერსიაზე, რატომ დატოვეს მოწმე, ამაზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა გარკვეული ვერსიები არსებობს და თუ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, ეს ნიუანსები შეიძლება დაგეგმილი იყო შესაბამისი პირების ან სამსახურების მიერ. ეს შესაძლოა, იყო კვალის ასარევად“, - აღნიშნა მამულაშვილმა.

მალხაზ კობაურისთვის ბრალის დამძიმება

მოგვიანებით ჩატარებული რამდენიმე სახის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გასული წლის 9 ნოემბერს, მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. კობაურს ბრალად ედებოდა არა მხოლოდ მამა-შვილი სმითების მკვლელობა, არამედ სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმითის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მალხაზ კობაურის ადვოკატების გამოძიებას ედავებოდნენ კობაურზე ზეწოლაში და რომ მიღებული ჩვენებები მალხაზ კობაურისგან მასზე ზეწოლის შედეგად იყო მოპოვებული და რომ არ არსებობდა მოწმე, რომელიც კობაურს ბრალეულობას დაადასტურებდა.

გასული წლის 13 ნოემბერს მალხაზ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ​ სმითების ოჯახის მკვლელობის საქმეში ნაფიცი მსაჯულების ჩართვა მოითხოვა. ის ირწმუნებოდა, რომ პროკურატურას ბრალის დასამძიმებლად არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.

პროცესის დასასრული

ბრალდების მხარის 18 მარტის განცხადებით, პროკურატურამ დაასრულა ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა და სასამართლო პროცესზე დაკითხა 40-მდე მოწმე, რომ საქმის განხილვა გაგრძელდებოდა ადვოკატების მტკიცებულებების გამოკვლევით. პროკურატურის განცხადებით, დაცვის მხარემ დამოუკიდებლად ჩაატარა მხოლოდ ორი საგამოძიებო მოქმედება და მიუხედავად ამისა, ადვოკატების მხრიდან იგეგმება ბრალდების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე იმ პირების გამოკითხვა, რომელთა უმეტესობას საგამოძიებო პროცესში უმნიშვნელო ფუნქციები აქვთ შესრულებული.

25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად ცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.

27 მარტს მოსამართლემ მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუ შემდეგი ინსტანციის სასამართლო ძალაში დატოვებს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მალხაზ კობაური 73-ე უვადო პატიმარი იქნება საქართველოში.

ვინ იყვნენ მოკლული სმითები

ხადის ხეობაში მოკლული რაიან და ლორა სმითები საქართველოში წლების წინ ჩამოვიდნენ და მარნეულში დასახლდნენ. ლორა ინგლისურს ასწავლიდა, რაიანს კი ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა. იმ სოფლებში, სადაც ორნამენტებიან ხალიჩებს ტრადიციული მეთოდით ქსოვენ, პერიოდულად ტურისტებიც დაჰყავდა, რომლებსაც უფრო ახლოს აცნობდა ქართულ და აზერბაიჯანულ ტრადიციებს.

ოჯახის ახლობლები ჰყვებოდნენ, რომ საქართველოში სმითების დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახის ტრაგედია იყო - მათ არ სურდათ დაეტოვებინათ პირველი შვილის საფლავი, რომელიც საქართველოში ცხოვრების პირველ წლებში შეეძინათ და აქ იყო დაკრძალული. 2012 წლიდან ლორა და რაიან სმითებმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, ისინი ორმაგი მოქალაქეები იყვნენ. ოჯახი ღრმად მორწმუნე იყო. რაიანი მარნეულის ცენტრში საბავშვო მოედნის მოწყობას გეგმავდა, მისი სურვილი იყო რომ მოედანი ქრისტეს სახელობის ყოფილიყო. ადგილობრივი გამგეობა სმითს საბავშო მოედნის მოსაწყობად ნებართვას არ აძლევდა.ადგილობრივების განცხადებით მიზეზი შესაძლოა რელიგიური მოტივი ყოფილიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG