Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო


უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ "თბილისის განვითარების ფონდიდან" თანხები გაფლანგა.

ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 28 თებერვალს დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 1 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შთანთქა უგულავას მიმართ სისხლის სამართლის სხვა საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა და მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.

პროკურატურა გიგი უგულავას ბრალს სდებდა „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში, რაც საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა და განაჩენი გამოიტანა შედარებით მსუბუქი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბრალის დამძიმება მოითხოვა. 2018 წელს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ 2019 წლის იანვარში ამჯერად საკასაციოში გაასაჩივრა. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა ერთი წლის თავზე, 2020 წელს დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG