Accessibility links

„უთხარით მაინც, რომ რადიაციული საფრთხე არ არსებობს“


რუსეთის ჩრდილოეთში, არხანგელსკის ოლქში მდებარე ნავსადგურ სევეროდვინსკის მცხოვრებლები შეშფოთებული იყვნენ ზღვაში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე ორიოდე დღის წინ მომხდარი ავარიის გამო. ინციდენტის შედეგად არა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არამედ მცირედ გაიზარდა რადიაციის დონე.

ეს ინფორმაცია ხელისუფლებამ თავიდან დაადასტურა, მაგრამ მოგვიანებით თავის საიტზე გამოქვეყნებული ცნობა წაშალა. შეშფოთებულმა მოქალაქეებმა აფთიაქებს მიაკითხეს და იოდი მოიმარაგეს. რამდენიმე საათში გაიყიდა იოდისა და მისი შემცველი მედიკამენტების მთელი მარაგი. სუფთა იოდი ხელს უშლის რადიოაქტიური იოდის ფარისებრ ჯირკვალში დალექვას. თუ დასხივებული იოდი მოხვდა ფარისებრ ჯირკვალში, დროთა განმალობაში ის კიბოს ალბათობას აძლიერებს. სევეროდვინსკელებმა იციან ჩერნობილის კატასტროფის შესახებ და გაუგონიათ, რომ გავრცელებულმა რადიაციამ მაშინ უდიდესი ზიანი მიაყენა ადამიანებს.

სევეროდვინსკი
სევეროდვინსკი

„როსატომმა“ შაბათს განაცხადა, რომ აფეთქების დროს მისი ხუთი თანამშრომელი დაიღუპა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. უწყების ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა დაღუპული კოლეგების დასაფლავებაზე, საროვში, გასაიდუმლოებულ ქალაქში, თქვა, რომ ისინი ტრაგიკულად დაიხოცნენ ახალი სპეციალური აგრეგატის გამოცდისას. ვიაჩესლავ სოლოვიოვმა, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა სამეცნიერო სფეროში, ადგილობრივი ტელევიზიით განაცხადა, რომ დაღუპულები „როსატომს“ დასაქმებული ჰყავდა თავდაცვის სამინისტროსთვის ენერგიის დაბალი სიმძლავრის ისეთი წყაროების განვითარებაში, რომლებიც რადიოაქტიურ მასალებს მოიხმარენ. სოლოვიოვის თქმით, მომხდარ ფაქტს დეტალურად იკვლევენ, რათა დადგინდეს ავარიის მიზეზი.

იგივე „როსატომი“ იტყობინებოდა, რომ აფეთქება მოხდა რაკეტის ბირთვული იზოტოპის ენერგიის წყაროზე მომუშავე ძრავის საცდელი გაშვებისას. საცდელი პოლიგონი, სადაც ატომური წყალქვეშა ნავების რაკეტებს ცდიან და სადაც წარუმატებელი გამოცდა ჩატარდა, სანავსადგურო ქალაქ სევეროდვინსკიდან 40 კილომეტრშია, თეთრ ზღვაში.

საფიქრებელია, რომ ცდიდნენ ახალი ტიპის რაკეტას, რომელზეც პუტინმა ილაპარაკა შარშან, მარტში, პარლამენტისადმი მიმართვაში. მან თქვა, რომ რუსეთი ავითარებს ფრთოსან რაკეტას, რომელსაც ბირთვული ძრავა ექნება. ეს იქნება პატარა, მაგრამ მძლავრი ბირთვული ძრავა, რომელიც შესაძლებელი იქნება დამაგრდეს რაკეტაზეო, განაცხადა მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც დაიტრაბახა, რაკეტები 2017 წელს გამოიცადა, შეუზღუდავი მოქმედების სიშორე აქვთ და სარაკეტო თავდაცვის ვერც ერთი სისტემა მათ ვერ მისწვდებაო.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 12 აგვისტოს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთში რაკეტის წარუმატებელმა გამოცდამ შესაძლებლობა მისცა ამერიკელ სპეციალისტებს ახალი, არცთუ მცირე ინფორმაცია მიეღოთ. ტრამპი წერს ტვიტერით და იტყობინება:

„ჩვენც გვაქვს მსგავსი ტექნოლოგია, მაგრამ უფრო დახვეწილი. რუსეთის „Skyfall-ის“ აფეთქებამ ხალხი შეაშფოთა ჰაერის დაბინძურების გამო არა მხოლოდ პოლიგონის მახლობლად, არამედ მისგან მოშორებითო“.

ნატო „SSC-X-9 Skyfall-ს“ უწოდებს რუსეთში წარმოებულ ფრთოსან რაკეტას, სახელწოდებით „9M730 Burevestnik”“, რომელიც, სავარაუდოდ, ბირთვული ძრავით არის აღჭურვილი და უნარი აქვს გადაიტანოს ბირთვული მუხტი. ტრამპის კომენტარი პირველი რეაქცია იყო აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ წერდა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ინკოგნიტო წარმომადგენელზე დაყრდნობით, რუსეთმა შესაძლოა გამოსცადა ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტაო. იგივე წყარო ვარაუდობს, რომ აფეთქება ჩერნობილის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბირთვული ავარია იყო.

პრესა იტყობინება, რომ ამერიკელ ექსპერტებს არა აქვთ იმის დასტური, რომ რუსეთმა შეძლო შეექმნა მოქმედი სარაკეტო ბირთვული ძრავა. მათ ხელთ არსებული ინფორმაცია წარუმატებელ გამოცდაზე მიუთითებს. 10 აგვისტოს, აფეთქებიდან ორ დღეში, „როსატომმმა“ აღიარა, რომ ინციდენტში ბირთვული ელემენტები იყო გარეული.


თავდაცვის სამინისტრომ თავიდანვე უარყო მავნე ნივთიერებების გაჟონვა. ქალაქის მმართველობამ დაადგინა რადიაციის დონის გაზრდა და გაავრცელა კიდეც ცნობა, მაგრამ ის მალევე - პარასკევს, 9 აგვისტოს - გააქრეს მთავრობის ვებსაიტიდან.

რუსეთის ხელისუფლება, საბჭოთა ტრადიციის შესაბამისად, მსგავსი ინციდენტების თაობაზე ინფორმაციას ან საერთოდ არ ავრცელებს, ან იძლევა ძალიან მწირ ცნობას. ასე იყო ადრეც, 1986 წელს, როცა უკრაინაში - ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე - მომხდარი კატასტროფული აფეთქების შესახებ მოსახლეობამ დღეების შემდეგ შეიტყო.

რუსეთის მეორე ქალაქის, ვლადიმირ პუტინის ქალაქის, სანკტ-პეტერბურგის, ქალაქის საბჭოს წევრმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა, ათეულობით ადამიანი რეკავს და გვეკითხება რადიაციული საფრთხის თაობაზეო. ხალხს სჭირდება სანდო ინფორმაცია და თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ საფრთხე არ არსებობს და არაფრის გაკეთება საჭირო არ არის, გამოაცხადონ ეს ოფიციალურად, რომ ხალხი დამშვიდდესო.

დასავლეთის წყაროები იტყობინებოდნენ, რომ იმ არეალში, თეთრი ზღვის სანაპიროზე, სოფელ ნიონოქსის მახლობლად, სადაც 8 აგვიტოს აფეთქება მოხდა, შენიშნეს ტანკერი „სერებრიანკა“, რომელიც თხევადი რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვებითა და შენახვით არის დაკავებული. ტანკერს უწევს გამოცდის შემდეგ გატყორცნილი რაკეტის ნაწილების შეგროვება.

ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა მონტერეიში მოქმედი მიდლბერის საერთაშორისო კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ აზიაში გაუვრცელებლობის პროგრამის დირექტორმა, ბირთვული იარაღის ექსპერტმა ჯეფრი ლუისმა, რომელმაც ტანკერს მიაკვლია პროექტ „პლანეტის თანამგზავრის“ ფოტოსურათზე. სტატიაში, რომელიც Foreign Policy-ში დაიბეჭდა, წაიკითხავთ, რომ ახალი გამალებული შეიარაღება, ალბათ, მოიტანს მეტ ავარიას გამოცდების დროს. ფრთოსანი რაკეტები ბირთვული ძრავით აღმაშფოთებელი იდეაა, რომელიც აშშ-მა დიდი ხნის წინ უარყო, როგორც ტექნიკური, სტრატეგიული და ეკოლოგიური კოშმარი, მაგრამ პუტინის რუსეთში სხვაგვარად ფიქრობენო, განაგრძობს ლუისი, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად ხსენებულ კვლევით ცენტრში მეთვალყურეობას უწევს მთელ მსოფლიოში ბირთვული იარაღის გავრცელებას.

ლუისსა და მის კოლეგებს ამ არეალის მეთვალყურეობის დროს გაუჩნდათ შეკითხვა, ხომ არ მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი Skyfall-ის გამოცდისას. “მალევე დავადგინეთ, რომ გვაქს საკმარისი საფუძველი, ასე გვეფიქრაო“, წერს ბირთვული იარაღის მკვლევარი და ეს, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაადასტურა „როსატომმა“ უკვე შაბათ-კვირას, მომხდარიდან ორ დღეში, როცა განაცხადა, რომ ხუთი თანამშრომელი დაეღუპა ავარიის შედეგად.

„რაკეტის გამოცდა მოხდა ზღვაში მდებარე პლატფორმაზე“, წერდა „როსატომი“ და ძუნწად აღწერდა მომხდარს. „გამოცდის დასრულების შემდეგ აალდა რაკეტის საწვავი, რასაც მოჰყვა აფეთქება. აფეთქებისას რამდენიმე თანამშრომელი ტალღამ ზღვაში გადაისროლა“, იტყობინებოდა უწყება, რომელსაც არ უხსენებია, რა გამოსცადეს ან რამ გამოიწვია ავარია, მხოლოდ წაიკითხავდით: „მოხდა ფაქტორების თანხვედრა, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების გამოცდისას წარმოიქმნება ხოლმე“.

ჯეფრი ლუისი წერს, რომ გამალებული შეიარაღების საფრთხეზე როცა ვფიქრობთ, ვფიქრობთ კატასტროფის შესაძლებლობაზე, კატასტროფისა, რომელიც ბოლოს მოუღებს ცივილიზაციას. მართალია, ცივი ომი არ დასრულებულა დიდი მასშტაბის კატასტროფით, მაგრამ მან ბევრს მოუტანა პატარა კატასტროფების მთელი წყება. ჰკითხეთ გარემოს დამცველებს რუსეთში, ან ჰკითხეთ მათ, ვინც როკი ფლეტის ან ჰენფორდის (რადიოაქტიური მასალების საწარმოები აშშ-ში - რ.თ.), ან სხვა უამრავი დასახლებული პუნქტის მახლობლად ცხოვრობდა აშშ-ში, რის ხარჯზე ხდება ბირთვული გამალებული შეიარაღება, წერს ლუისი და აღნიშნავს, რომ ხანდახან იმდენად ძლიერად ვამახვილებთ ყურადღებას საშინელ ამბებზე, რომ გვავიწყდება ის საშინელი ამბები, რომლებიც სინამდვილეში მოხდა ცივი ომის დროს. ეს ის ამბებია, რომლებიც ხშირად ხდება, როგორც „როსატომმა“ მშრალად დაწერა, „ტექნოლოგიების გამოცდისას“.

დაწერეთ კომენტარი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG