Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ კორტნი: არსებობს არაპროგნოზირებადი სიტუაციის საფრთხეც


რამდენად რეალისტურია, რომ სინაგაპურის ორმხივ სამიტზე აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ მიაღწიონ ხელშესახებ წარმატებას მრავალმხრივი უსაფრთხოების კუთხით. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს უილიამ კორტნი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რომელიც ამჟამად ანალიტიკურ სტატიებს აქვეყნებს საერთაშორისო პოლიტიკაზე.

უილიამ კორტნი: სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინისა და პრეზიდენტ ტრამპის პირველი შეხვედრა ფართომასშტაბიანი ხელშეკრულებით, ან შეთანხმებით კი არ დასრულდება, არამედ იქნება პროცესის დასაწყისი, როგორც ახლა ამბობს პრეზიდენტი ტრამპი. ასეა ნაწილობრივ იმის გამო, რომ არ ჩატარებულა დეტალური მოსამზადებელი სამუშაო შედარებით დაბალი რანგის დიპლომატებისა და სამხედრო ოფიციალური პირების მიერ. თუ გავიხსენებთ 1987 წელს მიხაილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის შეხვედრას, რომლის დროსაც ხელი მოაწერეს საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას - ეს იყო ექვსი-შვიდი წლის მოლაპარაკების შედეგი! სინგაპურის სამიტისათვის ასე არ მომზადებულან!

რადიო თავისუფლება: ეს არის ჩემი მეორე შეკითხვა- ბოლოდროს გამოქვეყნებულ სტატიაში თქვენ აღნიშნავთ, რომ ასეთ სამიტებს გარკვეული საფრთხეები უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, რა არის საფრთხე ამ შემთხვევაში?

უილიამ კორტნი: საფრთხე რამდენიმეა. პირველი, რომელიც უკვე ვიხილეთ: გონივრული არ არის ისეთი მოლოდინის შექმნა, რომელიც სავარაუდოს სცილდება. მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობდა ჩრდილოეთ კორეის სრული დენუკლეარიზაციის მიღწევაზე, როგორც სამიტის ერთ-ერთ მიზანზე. ახლა უკან დაიხიეს და პროცესის დაწყებაზე ლაპარაკობენ. მეორე საფრთხეა ის, რომ კიმ ჩენ ინზე ბევრი არაფერი ვიცით შეერთებულ შტატებში - ასე რომ, საფრთხეა არაპროგნოზირებადობა. მაგალითად, როცა პრეზიდენტი აიზენჰაუერი და ნიკიტა ხრუშჩოვი 1960 წელს პარიზში მართავდნენ შეხვედრას, ხრუშჩოვმა მოულოდნელად დატოვა დარბაზი - რახან სამიტამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელდა ამერიკის საჰაერო ჯაშუშური მისია. ამდენად, არსებობს არაპროგნოზირებადი სიტუაციის საფრთხეც.

რადიო თავისუფლება: თქვენ ასევე გამოთქვამთ ვარაუდს, რომ შეხვედრის მოკლე დროში მომზადებაც არის რისკ-ფაქტორი. რატომ?

უილიამ კორტნი: რისკ-ფაქტორია იმის გამო, რომ სამიტს წინ არ უსწრებდა დეტალური სამზადისი. თუმცა, აუცილებელი არ არის, ეს იმას ნიშნავდეს, რომ ვერაფერს მიაღწევ! მაგლითად, მიხაილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის პირველი სამიტი 1985 წელს ისე ჩატარდა, რომ წინასწარ დიდად არ მომზადებულან. მაგრამ მათ ერთმანეთი გაიცნეს, პირადი ურთიერთობა დაამყარეს და გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს- დადეს მაგალითად შეთანხმება განათლებისა და კულტურის სფეროებში გაცვლის შესახებ, შეთანხმება ახალი საკონსულოების გახსნაზე. ასეთი, მოკრძალებული მიღწევები, ალბათ, შესაძლებელია.

რადიო თავისუფლება: უსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული ობიექტების ე.წ.ი განადგურება სანდო ინფორმაცია არ არის, რადგან ეს ობიექტები არ შემოწმებულა. არსებობს თუ არა საფრთხე, რომ სამიტი არის კიმ ჩენ ინის შოუ - სხვა არაფერი?

უილიამ კორტნი: „შესაძლებელია, მხოლოდ შოუ იყოს! და ასევე შესაძლებელია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრისას შეიტყოს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს განმუხტოს ურთიერთობა დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან და გარკვეულად შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა. მაგალითად, ბოლოხანს დაანგრიეს ბირთვული გამოცდებისათვის განკუთვნილი გვირაბი - თუმცა, ის შესაძლოა უკვე მძიმედ იყო დაზიანებული წინა აფეთქების შედეგად. ამდენად, ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად სერიოზული ცვლილებები ხდება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაში“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG