Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ნატოს პრაღის მინისტერიალის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი იქნება


ნატოს წინა არაფორმალური მინისტერიალი ოსლოში გაიმართა
ნატოს წინა არაფორმალური მინისტერიალი ოსლოში გაიმართა

ნატოს 32 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები 30-31 მაისს პრაღაში იკრიბებიან. შეხვედრა არაფორმალურია. ასეთი "მინისტერიალების" გამართვა ნატოს ბრიუსელის შტაბბინის გარეთ ალიანსის ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

როგორც ნატოს ერთმა მოხელემ მითხრა, „ჩვეულება რომ შეცვალონ“, ბრიუსელის გარეთ გამართულ შეხვედრაზე მინისტრები ხშირად ოფიციალურ ჩაცმულობაზეც კი ამბობენ უარს, რათა ისაუბრონ უფრო ღიად და წინასწარ მომზადებული რემარკების გარეშე, რაც მინისტრების რეგულარული შეხვედრების ნორმაა.

2022 წელს ასეთი შეხვედრა ბერლინში გაიმართა, გასულ წელს ოსლოში, მომავალ წელს კი ნატოს არაფორმალურ მინისტერიალს ანკარა უმასპინძლებს.

წელს ჩეხეთის რიგია მიიღოს სტუმრები. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრისგან რაიმე რეალური გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი არ არის. მაგრამ პრაღაში შეკრებილ მინისტრებს ჯერ 30 მაისის სადილზე, მეორე დღეს კი სამუშაო შეხვედრაზე საკმარისი დრო ექნებათ აზრთა გაზიარებისთვის.

ამ კვირაში ნატოს მინისტერიალის მთავარი განსახილველი თემა იქნება ალიანსის 9-11 ივლისის სამიტი და კერძოდ ის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს მოახლოებულ სამიტამდე დარჩენილ პერიოდში უკრაინას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.
მსგავს სიტუაციებში, ნატო, როგორც წესი, საკმაოდ კონსერვატიულად იქცევა და ამჯობინებს, რომ საკითხები, თუნდაც არაოფიციალურად, სამიტამდე შეთანხმდეს და გადაწყდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი მოულოდნელობა, რამაც სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ბოლო მომენტში შეიძლება იჩინოს თავი.

ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ი


როცა პრაღის მინისტერიალზე უკრაინის გარშემო იმსჯელებენ, სავარაუდოდ, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები სამ საკითხს წამოჭრიან: რამშტაინს, მომზადებას (უკრაინელი სამხედროების) და ფინანსების გამოყოფას.

რამშტაინი დასავლეთ გერმანიაში მდებარე ამერიკის საავიაციო ბაზაა, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ შეიკრიბა 50 ქვეყნისგან შემდგარი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც კიევისათვის შეიარაღების მიწოდების კოორდინაციას ახდენს.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ საკონტაქტო ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია აშშ-ისგან ნატომ გადაიბაროს. სავარაუდოდ, ეს უახლოეს ხანში მოხდება, მაგრამ გაურკვეველია, უფრო ეფექტიანად შეძლებს თუ არა ალიანსი ქვეყნების დარწმუნებას, რომ მიაწოდონ უკრაინას სამხედრო ტექნიკა.

ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ის საკითხი ამის კარგი მაგალითია. უკრაინას მწვავედ სჭირდება ამ საშუალებებით თავისი ანტისარაკეტო თავდაცვის გაძლიერება, მაგრამ ჯერჯერობით ვერცერთმა ქვეყანამ ამ მხრივ წინ ვერ წაიწია.

ყურადღება მიპყრობილია საბერძნეთის, ესპანეთისა და შვედეთისადმი, რომლებიც ფლობენ ასეთ სარაკეტო სისტემებს, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არცერთი ეს ქვეყანა არ არის მზად უკრაინისათვის მათ მისაწოდებლად.

ნატოელი დიპლომატები, ანონიმურობის დაცვით, ამბობენ, რომ ეს არმონდომება გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ Patriot-ის სისტემების შეცვლას და წარმოებას წლები სჭირდება. ანალოგიური ანტისარაკეტო სისტემები, SAMP/T-ები, აქვთ საფრანგეთსა და იტალიას, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასაცავად არის აუცილებელი. ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების სამიტი წლის ბოლოს იტალიაში გაიმართება.

უკრაინელი სამხედროების წვრთნა

დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი თავიანთ ტერიტორიებზე ამ საქმიანობით ბოლო ორი წლის განმავლობაში არიან დაკავებული.
აქვს თუ არა აზრი, რომ ამ ყველაფრის კოორდინაცია ნატომ საკუთარი დროშის ქვეშ გააძლიეროს?
შესაძლოა, მაგრამ არსებობს ერთი სენსიტიური კითხვა, უნდა იყვნენ თუ არა ნატოს ჯარისკაცები ან ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინის ტერიტორიაზე?

ალიანსის წევრი ზოგიერთი ქვეყანა, კერძოდ, ესტონეთი და ფინეთი, არ გამორიცხავენ ნატოს არასაბრძოლო ქვედანაყოფების განლაგებას დასავლეთ უკრაინაში, მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ იქნება. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ნატოს ინსტრუქტორები უკრაინაში რამდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის 2022 წლის თებერვლამდე, რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდეც იმყოფებოდნენ.

უკრაინის შემდგომი დაფინანსება და ნატოს ბიუჯეტი

ეს იქნება პრობლემატური თემა და პოლიტიკური დაპირისპირების საგანი იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრი ეწინააღმდეგება უკრაინისათვის მეტ ფინანსურ დახმარებას.

ივლისის სამიტის წინ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატოს 32-ვე წევრს უბიძგებს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კიევს 100 მილიარდი დოლარი გამოუყონ. დეტალები იმის შესახებ, თუ ვინ რა წვლილს შეიტანს - ჯერ კიდევ დგინდება და საბოლოოდ ჯერ კიდევ არაფერი შეთანხმებულა.

ათი წლის შემდეგ, 32 წევრი სახელმწიფოდან მხოლოდ 18 აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, და არ არსებობს არავითარი რეალური შედეგები ჩამორჩენილებისთვის.

ნატოს პრაღის მინისტერიალზე, სავარაუდოდ, წამოიჭრება ორი სხვა საკითხი. პირველ ყოვლისა, საუბარია უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე.

ამ მიმართულებით არანაირი წინსვლა არ არის. არაოფიციალური ვერსია იმაში მდგომარეობს, რომ კიევი ნატოს წევრი გახდება გაურკვეველ მომავალში. უნდა ველოდოთ, რომ ამ მხრივ უფრო თამამი განცხადება ივლისის ნატოს სამიტზე გაკეთდება.

და კიდევ ნატოს არაფორმალურ მინისტერიალზე მომდევნო გენერალური მდივნის არჩევის საკითხზეც იმსჯელებენ. ფავორიტად კვლავ ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ითვლება, მაგრამ ფარ-ხმალი არც რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანესს დაუყრია. ამ მხრივ მეტ სიცხადეს უახლოეს კვირებში უნდა ველოდოთ, მაგრამ, ალბათ, არა საგარეო საქმეთა მინისტრების იმ შეხვედრისგან, რომელიც 30-31 მაისს პრაღაში გაიმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG