ეუბნება რადიო თავისუფლებას ვაშინგტონის გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის, AEI-ს (American Enterprise Institut) უფროსი მკვლევარი, დალიბორ როჰაჩი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე საუბრისას, სადაც მოსკოვისა და ვაშინგტონის ერთდროული მოკავშირის, ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დაასრულა მისი ყოფილი თანამოაზრისა და ოპოზიციის ლიდერის, პეტერ მადიარის პარტიის გამარჯვებამ.
საქართველოზე უნგრეთის არჩევნების შედეგების შესაძლო გავლენებზე საუბრისას როჰაჩი მიუთითებს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ უკვე გადაკვეთა ზღვარი, რომელიც ორბანს არ გადაულახავს - ძალადობის გამოყენებითა და დემოკრატიულ სისტემაში არსებული შეკავების მექანიზმების საკუთარ თავზე მორგებით.
“ორბანი, საბოლოოდ, მაინც დარჩა ერთგვარ „ნორმალურ“ დემოკრატიულ პოლიტიკურ ფიგურად - წააგო და წავიდა”, - ამბობს როჰაჩი ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში.
ორბანის 16-წლიანმა ეპოქამ უნგრეთი ვერც გააძლიერა, ვერც ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანა...
რადიო თავისუფლება: დამარცხებულით დავიწყოთ - ვიქტორ ორბანს 16 წელი ეპყრა ხელთ ხელისუფლების სადავეები. რა იყო მისი დამარცხების მთავარი მიზეზები, თქვენი აზრით? რის ხარჯზე გაიმარჯვა პეტერ მადიარმა?
დალიბორ როჰაჩი: ვფიქრობ, ორბანმა ეს არჩევნები, საბოლოოდ, ორი ძირითადი მიზეზის გამო დათმო. პირველი მიზეზი მისი მმართველობის შედეგებში უნდა ვეძებოთ - ორბანის 16 წლიანმა ეპოქამ უნგრეთი ვერც გააძლიერა, ვერც ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანა. პირიქით - ქვეყანა საგრძნობლად ჩამორჩა მეზობლებს, იქცა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდად მართულ სახელმწიფოდ, საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) მიხედვით - ყველაზე კორუმპირებულადაც, და ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად. ამიტომაც ეს დიდწილად სტატუს-კვოს წინააღმდეგ მიცემული ხმა იყო.
მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ამ 16 წლის განმავლობაში პირველად, ამ გაბრაზებასა და იმედგაცრუებას რეალური ალტერნატივა გამოუჩნდა - პარტია ტისა (TISZA (პატივისცემა და თავისუფლება). მანამდე ოპოზიცია დაქსაქსული იყო, ერთმანეთში კინკლაობდნენ, უჭირდათ თანამშრომლობა და არ ჰყავდათ გამოკვეთილი ლიდერი - რაც ორბანს არჩევნების მოგებაში ეხმარებოდა. ახლა კი სურათი შეიცვალა - სწორედ ტისას , და განსაკუთრებით, მადიარის, გამოჩენამ შეძლო ოპოზიციის გადაქცევა ერთ მუშტად შეკრულ ძალად.
მადიარი მოდის მემარჯვენე ცენტრისტული გარემოდან და მემარცხენე იდეების ქადაგებას არ დაიწყებს...
რადიო თავისუფლება: რას უნდა ველოდოთ მადიარისგან? რამდენად განსხვავებული იქნება მისი პოლიტიკა წინამორბედისგან?
დალიბორ როჰაჩი: პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პეტერ მადიარი ფიდესის გარემოდან მოდის. ის იყო დღეს უკვე დისკრედიტირებული, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მეუღლე და ფიდესს გაემიჯნა სწორედ სკანდალების გამო - კერძოდ, საუბარია ინციდენტზე, სადაც პრეზიდენტმა შეიწყალა ბავშვთა ერთ-ერთ თავშესაფარში სექსუალური ძალადობის დაფარვაში გარეული მსჯავრდებულები.
მადიარი მოდის მემარჯვენე ცენტრისტული გარემოდან და მისი გზავნილებიც სწორედ ასეთია - ტრადიციული უნგრული ღირებულებები, პატრიოტიზმი და ასე შემდეგ. ნარატივის თვალსაზრისით, რაიმე რადიკალურ, რევოლუციურ გარღვევას არ უნდა ველოდოთ - მემარცხენე იდეების ქადაგებას არ დაიწყებს.
თუმცა მათთვის, ვისაც მნიშვნელოვნად მიაჩნია სამართლის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა, ვისთვისაც უნგრეთის ადგილი ევროკავშირშია და არა მის გარეთ, ეს ნამდვილად მისასალმებელი ცვლილებაა. ვიქტორ ორბანის მიზანმიმართული და გააზრებული იდეოლოგიურ პროექტი, რომლის მიზანიც იყო უნგრეთის დაშორება ევროკავშირისგან, მისი დაახლოება რუსეთსა და ჩინეთთან და სრულიად განსხვავებული ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელის ჩამოყალიბება, მარცხით დასრულდა. და ვფიქრობ, ამ ექსპერიმენტის ისტორიაც სწორედ აქ მთავრდება - ამ მარცხით. შესაბამისად, უნგრეთი დაუბრუნდება ბევრად უფრო ჩვეულ, ბევრად უფრო ნორმალურ პოლიტიკურ ჩარჩოს.
პეტერ მადიარს თავისი დროის დიდი ნაწილი მოუწევს ე.წ. „პოლიტიკურ მეხანძრეობაში“ დახარჯოს...
რადიო თავისუფლება: რამდენად გრძელია ორბანის - ან უფრო სწორად, მის მიერ შექმნილი სისტემის - ჩრდილი, და რამდენად რთული ექნება მადიარისთვის ამ ჩრდილს თავი დააღწიოს?
დალიბორ როჰაჩი: ვფიქრობ, პეტერ მადიარს თავისი დროის დიდი ნაწილი მოუწევს ე.წ. „პოლიტიკურ მეხანძრეობაში“ დახარჯოს. უნგრეთის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ის დგას კიდევ უფრო მძიმე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნები. ამას ემატება ირანის ომის გავლენაც.
გარდა ამისა, არსებობს სტრუქტურული დამოკიდებულებები რუსეთსა და ჩინეთზე, რომლებიც წინა ხელისუფლებამ არა თუ შეამცირა, არამედ, გარკვეულწილად, კიდევ უფრო გააღრმავა. მადიარს მოუწევს, ამ პრობლემებიდან გამოსავალი იპოვოს, მოუწევს „გაწმინდოს“ სისტემა.
რადიო თავისუფლება: ორბანმა 16 წელი დახარჯა ამ სისტემის შექმნაზე - რამდენად მარტივია მისი ჩამოშლა, ანაც გარდაქმნა?
დალიბორ როჰაჩი: ვფიქრობ, ეს ძალიან რთული იქნება. ცხადია, ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ამ პროცესში დაეხმარება, მაგრამ ერთი კონკრეტული მაგალითი რომ მოვიყვანოთ - პეტერ მადიარმა უკვე არჩევნების ღამეს მოითხოვა მოქმედი პრეზიდენტის გადადგომა. პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი და მისი გადაყენება საკმაოდ რთული პროცედურაა - საჭიროა პარლამენტში ორ მესამედზე მეტი და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობა.
მადიარს, ცხადია, ურჩევნია, პრეზიდენტმა თავად დატოვოს თანამდებობა, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მოუწევს გრძელი პროცედურის გავლა, რომლის შედეგიც წინასწარ არ არის ცნობილი. და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. არიან ფიდესის მიერ დანიშნული მოსამართლეები, მაღალჩინოსნები საჯარო სექტორში, ცენტრალურ ბანკში, ასევე ეკონომიკური და მედიაგავლენის მთელი ქსელი, რომელსაც ფიდესთან დაახლოებული ხალხი აკონტროლებს. ამიტომ ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არ იქნება.
შესაძლოა, ორბანმაც სწორედ ამიტომ დათმო ხელისუფლება მშვიდობიანად და აყალ-მაყალის გარეშე - ფსონს დებს იმაზე, რომ მადიარი ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდება და მომავალში თავად კიდევ ერთხელ შეძლებს დაბრუნებას.
უნგრეთმა 16 წელი გაატარა ექსპერიმენტში, რომლის მიზანიც იყო ევროპაში ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივის შექმნა - და საბოლოოდ, ეს ექსპერიმენტი ჩავარდა, როგორც პოლიტიკურად, ისე შინაარსობრივად...
რადიო თავისუფლება: თუმცა, მადიარმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელსაც მიიღებს, პრემიერ-მინისტრობის ვადის 8 წლით შეზღუდვა იქნება. ამის ფონზე, როგორ ხედავთ ორბანისა და მისი გარემოცვის მომავალს? მისი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ ფიგურას, საგარეო საქმეთა მინისტრ სიიარტოს, ბოლო პერიოდში რუსეთთან კავშირებზე გაჟონილი ინფორმაციის ფონზე, ალბათ, მთელ რიგ უხერხულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. რამდენად რეალურია მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება?
დალიბორ როჰაჩი: მე ამას პოლიტიკური აგნოსტიკოსის პოზიციიდან ვუყურებ - ისევე, როგორც მათ კარიერულ პერსპექტივებს, მაგრამ ერთი რამ საკმაოდ ნათელია: უნგრეთმა 16 წელი გაატარა ექსპერიმენტში, რომლის მიზანიც იყო ევროპაში ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივის შექმნა - და საბოლოოდ, ეს ექსპერიმენტი ჩავარდა, როგორც პოლიტიკურად, ისე შინაარსობრივად.
ამიტომაც, ვფიქრობ, ორბანის იდეებზე მოთხოვნა შემცირდება და ის აღფრთოვანება, რაც განსაკუთრებით ამერიკის რესპუბლიკურ წრეებში არსებობდა უნგრეთის მიმართ, შესუსტდება და ნელ-ნელა გაქრება.
რადიო თავისუფლება: საგარეო ფრონტზე გადავინაცვლოთ - და აქ მაქვს მთელი რიგი კითხვებისა, რომლებიც იდენტურად იწყება: რას ცვლის ეს... დავიწყოთ ევროკავშირით.
დალიბორ როჰაჩი: მადიარი შეეცდება უნგრეთის ურთიერთობის დალაგებას ევროკავშირთან და ამ მხრივ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ევროკავშირის გაყინული სახსრების - დაახლოებით 20 მილიარდი ევროს - განბლოკვა. ვფიქრობ, ის ამას მიიღებს უკრაინაზე ორბანის მიერ დადებული ვეტოების მოხსნის სანაცვლოდ.
ზოგადად, რადგან მას არ აქვს არც ანტიევროპული და არც ანტიუკრაინული განწყობები, უნგრეთი აღარ იქნება ევროპული კონსენსუსის შემაფერხებელი.
უკრაინისთვის ეს ცალსახად პოზიტიური ცვლილებაა...
და ვფიქრობ, ორბანის ყოფილი მოკავშირეებისთვის, მაგალითად რობერტ ფიცოსთვის, ეს დამატებითი ზეწოლა იქნება, რომ ისინიც საერთო ხაზს გაჰყვნენ. შედეგად, ევროკავშირის პოლიტიკა ნაკლებად კონფლიქტური გახდება და გადაწყვეტილებების მიღებაც, ალბათ, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხერხდება.
რადიო თავისუფლება: უკრაინა ახსენეთ - რას ცვლის ეს კიევისთვის?
დალიბორ როჰაჩი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ეს ცალსახად პოზიტიური ცვლილებაა. რა თქმა უნდა, არავის აქვს მოლოდინი, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის მთავარ გულშემატკივრად გადაიქცევა. მთავარი ის არის, რომ ის აღარ გადაეღობება გზაზე საერთო ევროპულ გადაწყვეტილებებს - იქნება ეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრება, თავდაცვის მხარდაჭერა თუ ფინანსური დახმარება.
მგონია, ამ მიმართულებით ცვლილებები ნამდვილად იქნება - და საკმაოდ შესამჩნევიც.
ორბანის ხელისუფლება ფაქტობრივად „კრემლის მოახლე“ იყო ევროპაში...
რადიო თავისუფლება: უკრაინისთვის პოზიტიური მოლოდინების ფონზე, რას ნიშნავს ორბანის მარცხი მოსკოვისთვის?
დალიბორ როჰაჩი: ორბანის ხელისუფლება ფაქტობრივად „კრემლის მოახლე“ იყო ევროპაში. რუსებს აწვდიდნენ ინფორმაციას ევროკავშირის სამიტებზე მიმდინარე პროცესებზე, ეხმარებოდნენ, როგორც შეეძლოთ. არის ცნობებიც, რომ უნგრეთში, მათ შორის საარჩევნო კამპანიის დროსაც, მოქმედებდნენ ФСБ-ს ოპერატორები.
მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უნგრეთი ერთგვარ არხად იქცა - ადგილად, საიდანაც კრემლისთვის საჭირო რუსი ინდივიდები, სანქციების მიუხედავად, შენგენის სივრცეში შეღწევას ახერხებდნენ.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი დასრულდება. ეს იმ დიდი „გასუფთავების“ ნაწილია, რომელიც მადიარს ელოდება. და ამ პროცესში რუსული სპეცსამსახურებისა და ზოგადად რუსული გავლენის ალაგმვა მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.
უნგრეთის ის როლი, რომელსაც აქამდე თამაშობდა - ევროკავშირის სუსტი რგოლისა, რითაც, ცხადია, რუსეთიც ხეირობდა - წარსულს ჩაბარდება...
რადიო თავისუფლება: რამდენად სავარაუდოა, რომ უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში უფრო აქტიური გახდება? ზოგადად, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი ურთიერთობა ექნება მადიარს პუტინთან? რა თამაშს ითამაშებს?
დალიბორ როჰაჩი: საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სლოგანი იყო - Ruszkik Haza! („რუსებო, წადით სახლში!“).
ამიტომ, ვფიქრობ, ორბანის ძალისხმევის მიუხედავად, უნგრეთში რუსეთის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები უბრალოდ არ არსებობს - უნგრეთში ხალხი ბევრად უფრო ნაკლებად კეთილგანწყობილია რუსების მიმართ, ვიდრე ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, მაგალითად ბულგარეთში ან სლოვაკეთში.
ამ პროცესებში უნგრეთის ის როლი, რომელსაც აქამდე თამაშობდა - ევროკავშირის სუსტი რგოლისა, რითაც, ცხადია, რუსეთიც ხეირობდა - წარსულს ჩაბარდება.
ამიტომ არ არის საჭირო, რომ უნგრეთი სანქციების ჩემპიონი გახდეს. საკმარისი იქნება, რომ მადიარის მთავრობა აღარ იყოს დაბრკოლება და აღარ ქმნიდეს გზებს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. და მგონია, ამას შეძლებს.
რუსეთის მატარებელმა ჩაიარა, შეძახილებით „Ruszkik haza!“. და პუტინს ბევრი ბერკეტი აღარ რჩება უნგრეთზე ზეგავლენის მოსახდენად...
რადიო თავისუფლება: რამდენად მოუწევს მადიარს რუსეთის ენერგეტიკული ბერკეტის გათვალისწინება და ე.წ. დიპლომატიური ხარკის გადახდა კრემლისთვის? თანაც, ალბათ თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი ამ ბერკეტის გამოყენებას არ დაახანებს.
დალიბორ როჰაჩი: დიახ, სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთმა ეს ბერკეტი გამოიყენოს. მით უმეტეს, თუ ევროპა ენერგეტიკული კრიზისისა და ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში აღმოჩნდება - ასეთ დროს მანევრების სივრცე ყოველთვის შეზღუდულია.
მაგრამ, ჩემი აზრით, ამ 16 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაგროვილმა იმპულსმა უკვე კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა. რუსეთის მატარებელმა ჩაიარა, შეძახილებით „Ruszkik haza!“. და პუტინს ბევრი ბერკეტი აღარ რჩება უნგრეთზე ზეგავლენის მოსახდენად.
ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა მადიარისთვის, მაგრამ არა ისეთი, რომლის მართვაც შეუძლებელი იქნება. უკვე ვნახეთ, როგორ მოახერხა ევროკავშირმა საკმაოდ მოკლე დროში რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება.
არ მგონია, რომ ვენსის ჩასვლამ არჩევნებზე ფიდესის სასარგებლოდ იქონია გავლენა - პირიქითაც კი შეიძლება ითქვას, რომ ამან ფიდესი დააზარალა...
რადიო თავისუფლება: ოკეანისგაღმაც გავიხედოთ - პრეზიდენტი ტრამპი ღიად უჭერდა მხარს ორბანს, ვიცე-პრეზიდენტი ვენსი არჩევნების წინ ბუდაპეშტშიც კი ჩავიდა მის დასახმარებლად. ამერიკისთვის რა იცვლება?
დალიბორ როჰაჩი: ვფიქრობ, ამ ვიზიტმა კარგად აჩვენა, რომ ამერიკული „რბილი ძალა“ ისე არ მუშაობს, როგორც ზოგიერთს ეგონა. არ მგონია, რომ ვენსის ჩასვლამ არჩევნებზე ფიდესის სასარგებლოდ იქონია გავლენა - პირიქითაც კი შეიძლება ითქვას, რომ ამან ფიდესი დააზარალა.
ტრამპისთვის ეს, ჩემი აზრით, საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტია. აქამდე უნგრეთი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა MAGA-ს ირგვლივ არსებული ინტელექტუალური წრეების ნარატივში - როგორც არალიბერალური დემოკრატიის წარმატებული მაგალითი და განვითარების ალტერნატიული მოდელი.
მაგრამ უნგრელმა ამომრჩეველმა ამ მოდელს ძალიან მკაფიოდ უთხრა „არა“.
და ამ გადმოსახედიდან პრეზიდენტი სულ უფრო იზოლირებული ჩანს - და სულ უფრო ასოცირდება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც, ალბათ შეგვიძლია ასე ვთქვათ, "ლუზერების" კატეგორიაში გადიან. არავინ ცდილობს მიბაძოს ფიცოს ან ვუჩიჩს.
და თუ ეს არის ის გარემოცვა, სადაც ტრამპი ირჩევს ყოფნას, მაშინ მისი პოლიტიკური წონაც, ბუნებრივია, სუსტდება.
„ქართული ოცნებისათვის“ ეს კიდევ ერთი დარტყმაა. არსებობდა გარკვეული „კარი“, გარკვეული არხი ბრიუსელთან. სადაც შეესვლებოდათ და ახლა ეს კარიც მიიხურება...
რადიო თავისუფლება: და ბოლოს - ორბანის კიდევ ერთი მოკავშირე, „ქართული ოცნება“. რას ნიშნავს ეს მათთვის?
დალიბორ როჰაჩი: „ქართული ოცნებისათვის“ ეს კიდევ ერთი დარტყმაა. ისინი ისედაც საკმაოდ იზოლირებულ მდგომარეობაში არიან დასავლეთში.
ორბანის უნგრეთი იყო მათ მცირერიცხოვან მხარდამჭერთაგან ერთ-ერთი ევროკავშირში - სლოვაკეთთან ერთად. ვერ ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებით ძლიერი მხარდაჭერა იყო, მაგრამ მაინც არსებობდა გარკვეული „კარი“, გარკვეული არხი ბრიუსელთან. სადაც შეესვლებოდათ და ახლა ეს კარიც მიიხურება.
შესაძლოა, ამან დამატებითი ზეწოლა შექმნას და გარკვეულ ეტაპზე დემოკრატიულ ცვლილებებსაც შეუწყოს ხელი.
მაგრამ, ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გადაკვეთა ის ზღვარი, რომელიც ორბანს 16 წლის განმავლობაში არ გადაულახავს - ძალადობის გამოყენება იქნება ეს, განსხვავებული აზრის ჩახშობა თუ მზადყოფნა, გაენადგურებინა და თავისი თავისთვის მოერგო სისტემაში არსებული შეკავების მექანიზმები.
ამიტომ საქართველო დღეს სხვა ეტაპზეა - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრი არ არის, არამედ იმიტომაც, რომ სისტემა უფრო ავტორიტარული გახდა, უფრო მოურიდებლად იყენებს ძალას და უფრო აუღელვებლად შეუძლია ოპონენტებს ციხეში უკრას თავი.
და ეს, რა თქმა უნდა, ართულებს საქართველოს „გამოჯანმრთელებას“
მთავარი გაკვეთილი ისევ იგივეა - ოპოზიციამ უნდა შეძლოს შეკრება და ერთიან ძალად ჩამოყალიბება...
რადიო თავისუფლება: რა გაკვეთილი შეუძლია ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ - და ზოგადად, პროტესტმა - პეტერ მადიარისგან?
დალიბორ როჰაჩი: ვფიქრობ, მთავარი გაკვეთილი ძალიან მარტივია - ლიდერი და ორგანიზებული წინააღმდეგობა გადამწყვეტია, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ თავი მოიყაროს და ერთიანად იმოქმედოს.
საქართველოში ვიხილეთ ძლიერი საზოგადოებრივი მობილიზაცია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მობილიზაცია ვერ გადაიქცა ეფექტურ პოლიტიკურ ძალად.
და მესმის, რომ გარემო განსხვავებულია - „ქართული ოცნებას“ არ უწევს, თავი შეიზღუდოს, იმ წესების ჩარჩოში იმოქმედოს, რასაც ევროკავშირი ქმნის. ის უფრო მკაცრია, უფრო აგრესიული და ბევრად უფრო ავტორიტარული, ვიდრე ორბანი იყო.
ორბანი, საბოლოოდ, მაინც დარჩა ერთგვარ „ნორმალურ“ დემოკრატიულ პოლიტიკურ ფიგურად - წააგო და წავიდა.
ამიტომ მთავარი გაკვეთილი ისევ იგივეა - ოპოზიციამ უნდა შეძლოს შეკრება და ერთიან ძალად ჩამოყალიბება.
ფორუმი