Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშგულელებმა სოფელში შესასვლელი გზა ისევ გადაკეტეს. ისინი კოშკების გადარჩენას ითხოვენ


20 აგვისტოს, უშგულის მოსახლეობამ სოფელში შესასვლელი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა. მოსახლეობა ითხოვს უშგულში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ასვლას.

უშგულის მკვიდრებმა პირველი საპროტესტო აქცია უშგულის კოშკების გადასარჩენად 12 აგვისტოს გამართეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მისცეს ერთკვირიანი ვადა უშგულში ჩასასვლელად და სიტუაციის გასაცნობად.

მინდია ჩარქსელიანი აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა:

„12 აგვისტოს ერთკვირიანი ვადა მივეცით ხელისუფლებას. გამგებელი დაგვპირდა, რომ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ამოვიდოდნენ უშგულში და გაეცნობოდნენ იმ რთულ ვითარებას, რაც უშგულში მდებარე კოშკებთან დაკავშირებითაა შექმნილი. თუმცა, აქამდე არავინ გამოჩენილა. კოშკების ბზარები დღითიდღე იზრდება და საშიში ხდება არა მარტო ისტორიული შენობებისთვის, არამედ უკვე საშიშია აქ მცხოვრები ადამიანების გადაადგილებაც“.

უშგულის თემის სოფელ მურყმელში, ივლისის ბოლოს ჩარქსელიანების კოშკი ჩამოინგრა. მინდია ჩარქსელიანის თქმით, კოშკი დიდი ხნის დაზიანებული იყო, თუმცა, მისი რეაბილიტაციის პროცესი ჭიანურდება, რამაც ნგრევა გამოიწვია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად უშგულელების მიმართ დიდი პატივისცემისა, ვერ გაიზიარებს მათ პროტესტს იმის შესახებ, რომ სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ყურადღება სათანადოდ არ ექცევა:

„იმდენი პროექტი, რამდენიც დღეს სვანეთში მიმდინარეობს, არასდროს განხორციელებულა. ის კომენტარები, რომ თითქოს ძეგლები არასწორი წესით რესტავრირდება და ა.შ. არ შეესაბამება სიმართლეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამაზე საუბრობენ არაპროფესიონალები და მეორე, ყოველ წელიწადს დაგვხვდება იგივე პრობლემა და ჩამოინგრევა კოშკი, თუკი მესაკუთრეები თავად არ მოუვლიან რესტავრირებულ ძეგლს. ჩვენ ვაკეთებთ და შემდეგ უკვე მესაკუთრეები უნდა იყვნენ მოტივირებულები, რომ მოუარონ საკუთრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ იგივე შედეგს, რაც იქამდე იყო, სანამ რესტავრაციას დავიწყებდით.

საუბარი იმაზე, რომ არ გვაქცევენ ყურადღებას, ძალიან არასამართლიანია. ოთხი წლის განმავლობაში, 80-მდე ძეგლია აღდგენილი, წელს ფართომასშტაბიანად შევუტიეთ პრობლემას. წელს 21 ძეგლი კეთდება. გარდა ამისა, მზადდება 30 პროექტი და სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაცია. ასევე ვმუშაობთ გადაუდებელ სამუშაოებზეც.

რაც მთავარია, აქამდე არ არსებობდა სრულფასოვანი ინფორმაცია სვანეთში არსებული ძეგლების შესახებ. ამჯერად სრულად არის დაფარული ოთხი თემი, ჩატარებულია ინვენტარიზაცია, გაკეთდა საბჭოთა სიებთან შედარებები და ექსპედიციამ სულ ახლახანს დაამთავრა მუშაობა. მომავალ წელს კი უკვე მთლიანად გვექნება შესწავლილი და აღწერილი სვანეთში არსებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ერთი რამის თქმა მინდა, სვანეთს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. რა თქმა უნდა, არ არის იმის ფუფუნება ადამიანური რესურსით, რომ 160-ივე ძეგლი ერთიანად გაკეთდეს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ სამუშაოებს ინტენსიურად ვახორციელებთ. სამწუხაროდ, გველაპარაკებიან ულტიმატუმის ენით. ამ ეტაპზე, პირადად მე უშგულში ჩასვლას ვერ ვახერხებ, რადგან საერთაშორისო დონის სტუმრები გვყავს“.

მურყმელში სტიქიამ ნაგებობების ნაწილი, მათ შორის ჩარქსელიანების კოშკთან მდებარე საცხოვრებელი ნაგებობა ჯერ კიდევ 80-იანი წლების მიწურულს გაანადგურა. ჩარქსელიანების კოშკის ნაწილი პირველად დაახლოებით 10 წლის ჩამოინგრა.

მინდია ჩარქსელიანის თქმით, 20 აგვისტოს, უშგულელები სამომავლო გეგმებზე მოილაპარაკებენ და თუკი მათი მოთხოვნა დროულად არ დაკმაყოფილდება, რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG