ნიკოლ ფაშინიანი ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ხშირად იგი თანაგუნდელებთან ერთად ავტობუსით მოგზაურობს ქვეყნის მასშტაბით.
გასულ შაბათ-კვირას ის ერევნის ქუჩებში დადიოდა ხალხთან შესახვედრად. კვირას კი ერევნის მეტროში იმყოფებოდა.
კამპანიის ფარგლებში, ის არიგებს სომხეთის რუკის მინიატიურულ მოდელებს, რუკის ფორმის გულსაბნევებს რომელიც ასახავს სომხეთის ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მთიანი ყარაბაღის გარეშე; „ნამდვილ სომხეთს“, - როგორც ამას ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური კონცეფცია ითვალისწინებს.
როდესაც მეტროში ამ გულსაბნევებს არიგებდა, ფაშინიანი გადააწყდა ახალგაზრდა ყარაბაღელ ქალს, რომელიც მცირეწლოვან ვაჟთან ერთად მგზავრობდა.
„რატომ არ დარჩით იქ“?
ქალმა, როდესაც ფაშინიანმა გულსაბნევი გაუწოდა, უარი უთხრა და გამოეპასუხა. „ჩვენ არცახიდან [ასე უწოდებს სომხების ნაწილი ყარაბაღს] ვართ, ჩვენ სხვანაირი რუკა გვაქვს“.
დაპირისპირებაც აქედან დაიწყო - საჩუქრის მიღებაზე უარმა და გამოპასუხებამ პრემიერ-მინისტრის გაცხარება გამოიწვია.
- „თქვენ ვაჟს ამ რუკაზე მოუწევს ცხოვრება, გაითვალისწინეთ ეს“, - უპასუხა პრემიერმა.
ფაშინიანმა არაერთხელ ხმამაღლა გაიმეორა, რომ რეგიონის თვითგამორკვევის მოძრაობა, რომელიც 1988 წელს დაიწყო, დასრულებულია და სომხებმა აღარ უნდა განიხილონ საკუთარ სახლებში დაბრუნება იმ რეგიონში, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის მიერ ადმინისტრირებულია.
- „თითის ქნევით ნუ მელაპარაკებით“, - უპასუხა მოქალაქემ.
ერთ მომენტში ფაშინიანმა ხმა აიმაღლა, ყარაბაღელ სომხებს „გაქცეულები“ უწოდა და თქვა, რომ მათ არ უნდა დაადანაშაულონ იგი რეგიონის „გაჩუქებაში“ თუ „მიტოვებაში“.
„ჩვენ მილიონები დავხარჯეთ სომხეთის მოქალაქეების გადასახადებიდან რომ თქვენ იქ დარჩენილიყავით. აბა რატომ არ დარჩით იქ?! თქვენ, ვინც გამოიქეცით, არ უნდა გაბედოთ თქვათ, რომ მე ჩავაბარე ყარაბაღი“, - უთხრა მან მოქალაქეს.
მთიან ყარაბაღში, - რომელიც საერთაშორისო სამართლის თანახმად აზერბაიჯანის ტერიტორია იყო, - ვითარებას 2020 წლამდე სომხური ძალები აკონტროლებდნენ ერევნის დახმარებით.
2020 წელს აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე, 2023 წლის სექტემბერში კი სრულ ტერიტორიაზე.
2023 წელს, აზერბაიჯანის ერთდღიან ოპერაციამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქი 100 000-მდე ადამიანმა დატოვა.
ამჟამად ფაშინიანის გუნდი ფოკუსირებულია „ნამდვილ სომხეთზე“ და აცხადებს, რომ ყარაბაღში დაბრუნებაზე საუბარი ომის რისკსა უკავშირდება და ეწინააღმდეგება სომხეთის ეროვნულ ინტერესებს.
კრიტიკა ოპოზიციისგან და ომბუდსმენისგან
დაპირისპირების ამსახველი ვიდეოს გავრცელებამ უარყოფითი რეაქციები გამოიწვია სომხურ საზოგადოებაში.
სომხური მედიის ნაწილის ცნობით, ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა 1990-იან წლებში კონფლიქტისას დაღუპული ერთ-ერთი ჯარისკაცის, მერუჟან მოსიანის შვილი, არმინე მოსიანი.
ომბუდსმენმა ანაჰიტ მანასიანმა მოუწოდა ოფიციალურ პირებს და ცნობილ სახეებს, „გამოიჩინონ მგრძნობელობა იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას“.
ომბუდსმენის თქმითვე, „პოლიტიკური რიტორიკა ხშირად იძაბება არჩევნების პერიოდში, რაც ზოგჯერ იწვევს დაუცველი ჯგუფების მიმართ უგრძნობ დამოკიდებულებას“.
მან მოუწოდა ოფიციალურ პირებს და საზოგადოებას, უზრუნველყონ, რომ საზოგადოებრივმა დისკუსიამ ხელი შეუწყოს „სოლიდარობას, ინკლუზიურობას და ურთიერთპატივისცემას“.
ფაშინიანის ნათქვამი და რეაქციები პრემიერის პოლიტიკურმა ოპონენტებმაც გააკრიტიკეს და მოქალაქის მიმართ მისი ტონი შეუფერებლად შეაფასეს.
იმავე დღეს, კვლავ საარჩევნო კამპანიისას, ქუჩაში, - როდესაც რეპორტიორმა ჰკითხეს, რატომ უწოდა ყარაბაღელ სომხებს „გაქცეულები“, ფაშინიანმა უპასუხა, რომ არ ახსოვს მსგავსი რამ ეთქვას, თუმცა დასძინა, რომ ბოდიშს მოიხდიდა, თუ მართლაც ნათქვამი ჰქონდა.
ფაშინიანის ბოდიში
დღის ბოლოს, 22 მარტსვე, ფაშინიანმა ფეისბუკპოსტში დაწერა:
„ჩვენი კოლეგების გარკვეული კომენტარებიდან და კრიტიკიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ჩემს ნათქვამში ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო“.
ფაშინიანმა ბოდიში მოუხადა ყარაბაღელ ქალს:
„ბოდიშს გიხდით თქვენ და თქვენს ვაჟს ამ ემოციებისთვის და იმედი მაქვს, რომ მეტროში ან სადმე შევხვდებით და მშვიდად ვისაუბრებთ“.
„კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს. ვაღიარებ, რომ მსგავსი რამ არ უნდა მეთქვა, ეს არ მითქვამს სწორი ტონით, არ მითქვამს სწორი სახის გამომეტყველებით და გარკვეულწილად შინაარსსაც სწორად არ მივუდექი, თუმცა ეს თემა ჩემთვის მაინც ერთ-ერთი ყველაზე ემოციური თემაა და ყველას ბოდიშს ვუხდი“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფორუმი