პროგრამას, რომელიც 2026-31 წლებს ეხება, თან ერთვის ნიკოლ ფაშინიანის მიმართვა, რომელშიც ამბობს: „წადით არჩევნებზე 7 ივნისს და აირჩიეთ მშვიდობა „სამოქალაქო კონტრაქტისთვის“ ხმის მიცემით“.
პროგრამა ეფუძნება „ნამდვილი სომხეთის იდეოლოგიას“ - კონცეფციას, რომლის თანახმადაც, სომხეთის რესპუბლიკის იურისდიქცია ვრცელდება ქვეყნის ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მთიანი ყარაბაღის გარეშე.
ამ პროგრამით „სამოქალაქო კონტრაქტი“ პირობას დებს, რომ 2026-31 წლებში ეკონომიკური ზრდის მინიმალური ტემპი 6%-იანი იქნება.
„მშვიდობის ინსტიტუციონალიზება“
პროგრამის პირველი პუნქტია „მშვიდობის ინსტიტუციონალიზება“, - პროცესი, რომელიც, პროგრამის თანახმად:
- დაიწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2024 წელს, სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის დაწყებით,
- რაც გრძელდება შესაბამისი კომისიების ერთობლივი მუშაობით;
- და რისი ლოგიკური გაგრძელებაც იყო 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის შეთანხმება,
- რასაც, თავის მხრივ, „ტრამპის მარშრუტის“ ინიციატივა მოჰყვა.
„დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა“
პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია „დაბალანსებული და დამაბალანსებელი საგარეო პოლიტიკა“.
ავტორების თანახმად, ასეთმა საგარეო პოლიტიკამ დაამტკიცა, რომ ეფექტურია, „რაც სომხეთის რესპუბლიკის საგარეო გარემოს სტაბილიზაციის საშუალებას იძლევა“.
მთავარი მიზანია „საგარეო ურთიერთობებში ასიმეტრიის არდაშვება ან ასიმეტრიების დაბალანსების ინსტრუმენტის ქონა“.
იქვე, „რეგიონალიზაციის“ კონტექსტში ნახსენებია საქართველო.
„რეგიონალიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაბალანსებულ და რევოლუციურ საგარეო პოლიტიკაში, რომლის მთავარი მიზანია, სომხეთის რესპუბლიკისთვის არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ კომფორტულიც კი იყოს გარე მხარდაჭერის გარეშე საკუთარ გარემოში ცხოვრება“, - წერია პროგრამაში.
„ამ თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და პარტია ამ გზას გაჰყვება“, - ამბობს მმართველი გუნდი.
- იქვეა ნახსენები სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება საქართველოსთან, ჩინეთთან, აშშ-სთან, ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, გერმანიასთან და ა.შ..
- ასევე წერია, რომ „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები არის კონსტრუქციული ტრანსფორმაციის ფაზაში“.
- ასევე წერია, რომ „სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად საჭირო რეფორმების განხორციელებას მანამ, სანამ სრულად არ დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს“.
100 დაპირება
ცალკე ჩამოთვლილია 2026-31 წლებისათვის პარტიის 100 დაპირება, მათ შორის:
- მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური ზრდა მინიმუმ 6%-ით;
- სამრეწველო წარმოების 50%-ით გაზრდა, - ამჟამინდელი 3,3 ტრილიონი დრამიდან 5 ტრილიონ დრამამდე;
- მცირე და საშუალო საწარმოების წილის გაზრდა მშპ-ში 40 პროცენტამდე, 2024 წლის 34,3 პროცენტთან შედარებით;
- ეკონომიკის მოდერნიზაცია 20 ათასი თანამედროვე მანქანა-დანადგარითა და აღჭურვილობით და მათი კომპონენტებით;
- ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა: სიღარიბის შემცირება 5 პროცენტული პუნქტით.
- ქვეყნის სრული მოსახლეობის ჩართვა ჯანმრთელობის დაზღვევის საყოველთაო სისტემაში;
- 2000-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის პირადი ასისტენტის მომსახურების გაწევა;
- პენსიების ინდექსირება ისე, რომ საშუალო ფაქტობრივი პენსია არ იყოს მინიმალურ სამომხმარებლო კალათაზე დაბალი;
- „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP-ის) განხორციელების სამუშაოების დაწყება, სულ მცირე, რკინიგზისა და ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვება;
- გიუმრიდან თურქეთის საზღვრამდე და იერასხ-ნახიჩევანის რკინიგზის მონაკვეთების რეკონსტრუქცია;
- ერევნის ზვარტნოცის აეროპორტის მე-2 ტერმინალის მშენებლობა 2033 წლისთვის;
- უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან.
ფორუმი