Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი, კოვიდინფექცია და წვეულება ყარაბაღში - ინტერვიუ სომეხ ჟურნალისტთან


ნიკოლ ფაშინიანი. 1 ივნისი, 2020 წ.
ნიკოლ ფაშინიანი. 1 ივნისი, 2020 წ.

რადიო თავისუფლებას სომხეთში არსებულ კოვიდსიტუაციაზე და განწყობებზე Eurasianet.org-ის სომხეთის უფროსი კორესპონდენტი ანი მეჯლუმიანი ესაუბრა.

ანი მეჯლუმიანი
ანი მეჯლუმიანი

- დღეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მის ოჯახს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. სხვა დეტალები ცნობილია?

თვითონ ამბობს, რომ ასიმპტომურია, კორონავირუსი კი მის მეუღლესა და სამ შვილს დაუდასტურდათ, თუმცა თავს კარგად გრძნობს.

ჯერ ადრეა იმის სათქმელად, თუ რა რეაქცია მოჰყვება ქვეყანაში, მაგრამ დღეს მისი დაბადების დღეა და ფეისბუკის პოსტის ქვეშ კორონავირუსზე ბევრი უბრალოდ დაბადების დღეს ულოცავდა.

ფაშინიანის პრეს-მდივანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც პრემიერთან ჰქონდა შეხება, იყენებდა სანიტაიზერსა და ნიღბებს და შესაბამისად ეს კონტაქტები იყო უსაფრთხო.

- ფაშინიანი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა რამდენიმე კვირის წინ, როცა მისი ყარაბახში გადაღებული ფოტო გავრცელდა. პრემიერ-მინისტრი ხალხმრავალ სუფრაზე, პირბადის გარეშეა. უკავშირებს თუ არა სომხური საზოგადოება ფაშინიანის დაინფიცირებას ყარაბაღში ვიზიტს?

ფეისბუკზე, პოსტებსა და კომენტარებში უკვე უკავშირებენ, თუმცა ყარაბაღში საინაგურაციო ღონისძიებაზე რომ დაინფიცირებულიყო, ცხადია, ამას არ იტყოდა. ეს ფოტო ვირუსული გახდა და ხალხი მართლა გაბრაზდა - ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ?! კი, ყარაბაღში სხვა წესები მოქმედებს, მაგრამ უკან ხომ მოდიხარ?!

- დავუბუნდეთ იმ დროს, როცა პანდემია დაიწყო. რა გზა აირჩია სომხეთმა კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ?

თებერვლის დასაწყისში, როცა საქართველოში ჩამოვედი საზღვარზე უკვე ამოწმებდნენ ადამიანებს, უზომავდნენ ტემპერატურას, რიგები იყო და ა.შ. დისკრიმინაციულადაც კი ეპყრობოდნენ აზიელებს. სომხეთში რომ დავბრუნდი, უკვე მქონდა შეგრძნება, რომ ვირუსი გვიახლოვდებოდა.

ჩვენთან პირველი შემთხვევა 1 მარტს დადასტურდა - ეს იყო ჩვენი მოქალაქე, რომელიც ირანიდან დაბრუნდა. თავიდან სწორ პოლიტიკას ატარებდნენ - კარანტინში გადაჰყავდათ უცხოეთიდან ჩამოსულები და 14 დღის შემდეგ უშვებდნენ. უფრო მეტი ტესტი ტარდებოდა სომხეთში, ვიდრე საქართველოში.

ხელისუფლება გვეუბნება, რომ აფეთქება ერთი შემთხვევით დაიწყო - უცხოეთიდან ჩამოსული ქალი, ნიშნობაზე წავიდა - რომელიც იცით, რომ სომხეთში, ისევე, როგორც საქართველოში, ძალიან დიდია - და 100-ზე მეტი ადამიანს გადასდო ვირუსი.

თუ მოქალაქეები პირდაპირი რეისით, მაგალითად, იტალიიდან არ ჩამოდიოდნენ, მათ კარანტინში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში არ გზავნიდნენ. ეს ადამიანები თავისუფლად ნახულებდნენ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ტაქსის მძღოლებთან ჰქონდათ ურთიერთობა. მათ მხოლოდ რამდენიმე დღეში ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, მაღალი რისკის ზონიდან ხომ არ ჩამოხვედითო. ან უბრალოდ სახლში დარჩენას სთხოვდნენ. თუმცა ამ მიდგომამ სომხეთში არ იმუშავა.

პირადად ვიცნობ ადამიანს, რომელიც გერმანიიდან ჩამოვიდა და ტესტი არც კი ჩაუტარეს. თავდაპირველად, ფაშიანიანი თავად აცხადებდა, რომ კორონავირუსი საფრთხის შემცველი არ იყო. ადამიანებს ეს კარგად ახსოვთ, არ აქვს მნიშვნელობა მოგვიანებით რას იტყვი. მჯერა, რომ ამან დიდი გავლენა იქონია იმაზე თუ რამდენად სერიოზულად აღიქვეს სომხეთში კორონავირუსის საფრთხე.

რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ მათ ვირუსი არ შეხვდებათ. დღესაც, შეიძლება ტაქსის მძღოლმა გკითხოს, იცნობ ვინმე კოვიდინფიცირებულსო. მაგრამ იცით რა შეიცვალა? თუ აქამდე ასეთი ადამიანი მეგობრის მეგობრის მეგობარი იყო, ახლა შენი მეგობარიც იმავეს გეკითხება.

ახლა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები მანქანებით დადიან და მოუწოდებენ მოსახლეობას არ გავიდნენ გარეთ, ან თუ გავლენ გაიკეთონ პირბადე და ა.შ. პოლიცია აჩერებს მანქანებს და ამოწმებს უკეთიათ თუ არა მგზავრებს ნიღბები.

გვქონდა შემთხვევა, როცა ჟურნალისტებმა განგაში ატეხეს - ერთ-ერთ ქარხანაში სიმპტომებიან, სიცხიან თანამშრომლებს სამსახურში მისვლას სთხოვდნენ.

- მედიის საქმიანობის შეზღუდვა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც ფაშინიანის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ.

16 მარტიდან ხელსუფლებამ მედია ცენზურა დააწესა, როგორც დიქტატურულ ქვეყნებში ხდება, ღმერთმა იცის, რა მოტივით. პირველი, რაც თავში მოგდის, ის არის, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავს.

სრულად მუშაობის უფლება მხოლოდ საზოგადოებრვი მაუწყებელს ჰქონდა. სრულად მუშაობასაც ვერ დავარქმევ - რას იზამ, თუ მაგალიტად არ გაქვს აქვთ უფლება საავადმყოფოში შესვლის და გადაღების. ჩვენს ხელისუფლებას არ ესმის, რომ ეს საზოგადოებრივი არხია და არა სახელმწიფო.

ცენზურა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გააუქმეს, ქვეყნის შიგნიდან და უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ზეწოლის შედეგად.

ორი კვირა ვიყავით სრულ სიჩუმეში, არ ვიცოდით, რა ხდებოდა კოვიდ 19-ის ირგვლივ, როგორ ვითარდებოდა, ან რამდენად სერიოზული იყო მდგომარეობა.

- ახლახან, 25 მაისს, სომხეთის ჯანმრთელობის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის მხოლოდ 32 საწოლია დარჩენილი. აპირებს თუ არა ხელისუფლება დახმარება სთხოვოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთს, ან დასავლეთს?

მხოლოდ საწოლები კი არა, აღჭურვილობა, ექიმებიც არ გვყოფნის. თუ აპირებდნენ ერთი თვის წინ უნდა ეთხოვათ დახმარება. ჯერ-ჯერობით ასეთი არაფერი მსმენია.

კატასტროფაა. თუ შევხედავთ 4 მაისის მონაცემებს, როცა გავხსენით ქვეყანა, 1393 შემთხვევა გვქონდა. ახლა გვაქვს 6 ათასამდე აქტიური შემთხვევა. რიცხვები ძალიან სწრაფად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სახლში ვმკურნალობთ არა მხოლოდ ასომპტომატურ ადამიანებს, ან ადამიანებს რბილი სიმპტომებით… სომხეთის ხელისუფლების პასუხი იტალიის ისტორიას ჰგავს - ერთი ვენტილატორი გაქვს, ვის გადაარჩენ?

- დღეს, სომხეთში დადასტურებულია 9 500-მდე შემთხვევა. 140-მდე ადამიანი დაიღუპა კოვიდინფექციისგან. დაახლოებით ერთი თვის წინ ქვეყანაში თითქმის სრულად გაუქმდა შეზღუდვები - გაიხსნა მაღაზიები, რესტორნები. მას შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება - დღეში საშუალოდ 300 შემთხვევით. როგორ მიიღეს სომხეთში შეზღუდვების გაუქმება?

460 შემთხვევა გვქონდა 28 მაისს, რეკორდული რიცხვი, რაც აქამდე ერთ დღეში დაფიქსირებულა.

შეზღუდვების მოხსნიდან 4-5 დღის შემდეგ ვიფიქრე, გავალ, ძალიან გადატვირთულიც არ იქნება მეთქი. ქალაქის ცენტრი გადაჭედილი იყო - ღია რესტორნები, კაფეები. თუ ერევანში ყოფილხართ, გეცოდინებათ, რომ ყველაფერი ძალიან მყუდროა - შეუძლებელია 1,5 მეტრიანი დისტანციის დაცვა მაგიდებს შორის, ადმაიანები მუდმივად მოძრაობენ, არ იყო პოლიცია. ხელისუფლებამ უბრალოდ თქვა, მაგიდასთან 5-ზე მეტი ადამიანის ყოფნა არ შეიძლებაო, თუმცა ალბათ ყველა მაგიდასთან იჯდა 5-ზე მეტი ადამიანი.

ყველაზე დიდი კატასტროფა ეს იყო - თითქმის ვერ დაინახავდით პოლიციას ქუჩაში და შესაბამისად, ადმაიანებს, რომლებიც სერიოზულად უდგებოდნენ შეზღუდვებს.

ახლა, გაცილებით მკაცრად აკონტროლებენ - ბევრ ადამიანს აჯარიმებენ 10 000 დრამით (70 ლარამდე).

- შეზღუდვების უმრავლესობის გაუქმების მიუხედავად, ხელისუფლებამ ძალაში დატოვა საგანგებო მდგომარეობა. ეს რას ნიშნავს?

რამხელა დისტანცია უნდა დაიცვა, რამდენჯერ დაიბანო ხელები და ა.შ. მაგრამ თუ შენს რესტორანში ტემპერატურა არ გაუზომე სტუმარს და რაიმე ცუდი მოხდა - ეს შენი პასუხისმგებლობაა. ამასთან, უკვე ღიაა საბავშვო ბაღები, მშობლები სამსახურებში დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ყველაფერი მუშაობს.

- ქართულ-სომხური მეტოქეობა: ჯანმრთელობის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ეჭვი შეიტანა საქართველოს სტატისტიკაში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას ასახავს და თქვა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულზე უკეთესია. მოგვიანებით სამინისტრომ განმარტებაც გააკეთა.

უბრალოდ მედიას გადააბრალა ყველაფერი.

- მათ მწუხარება გამოთქვეს, რომ “მინისტრის სიტყვებმა გამოიწვია გაუგებრობა და პოლიტიკური სპეკულაციები“. მანამდე გავრცელებული განცხადების გამო საქართველოში ბევრი გაბრაზდა. სომეხ მინისტრს უპასუხეს საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგებმა. რამე ითქვა სომხეთში ამაზე?

ძალიან ბევრი ადამიანი ამტყუნებდა ხელისუფლებას და მუდმივად მოჰყავდათ საქართველოს მაგალითი - საქართველოს გაცილებით მეტი ტურისტი ჰყავს, რატომაა ასეთი განსხვავება ეპიდემიის მართვაში?

უამრავი ადამიანი გაბრაზდა ამის გამო. არ მინდა იფიქროთ, რომ სომხეთში ყველა ასე ფიქრობს. არსენ ტოროსიანმა ჯობს, სომხეთის ჯანდაცვის სისტემას მიხედოს, რომელიც ამ მომენტში კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჩვენ არ გვინახავს ჯანდაცვის რეფორმები, არ გვაქვს საყოველთაო დაზღვევა.

ტოროსიანი თავიდან იმასაც კი ამბობდა, რომ ეს უბრალოდ სეზონური გრიპი იყო, რომ ეს არ იყო სახიფათო დაავადება.

- მეორე მხრივ, ძალიან მკაცრმა შეზღუდვებმა, რომელიც საქართველოში დააწესეს, ეკონომიკა მკვეთრად დააზარალა. რა ვითარებაა სომხეთში?

გაითვალისწინეთ, რომ სომხეთი “გაიხსნა” და უამრავი რამ უკვე მუშაობს, რის გამოც ეკონომიკა ძალიან არ დაზარალდა. თუმცა გვაქვს შემთხვევები, როცა რესტორნებისა და კაფეების მეპატრონეები აცხადებენ, ვეღარ გავაგრძელებთ მუშაობასო, იძულებული არიან თანამშრომლები დაითხოვონ, ბანკებიდან სესხს ვეღარ იღებენ.

ეროვნული სტატისტიკის ანგარიშის თანახმად, იანვრიდან აპრილამდე 1,7% ეკონომიკის კლება დაფიქსრიდა. ყველაზე მეტად ინდუსტრიული სექტორი დაზარალდა, სადაც თითქმის 22%-იანი კლებაა. თუმცა ჯერ მაინც ძალიან ადრეა სიტუაციის შესაფასებლად, ჯერ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები.

- რა პოლიტიკურ ფასს გადაიხდის სომხეთის პოსტ რევოლუციური ხელისუფლება პანდემიის მართვის გამო?

ჩემი აზრით, ხალხი ხვდება, რომ ხელისუფლებამ სერიოზულად არ მიიღო ეპიდემია.

ბოლო დროს ბევრი სპეკულაციაა მედიაში, თუ ვინ უნდა დატოვოს თანამდებობა. სახელები, რომლებიც მედიაში ვრცელდება არის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ტიგრან ავინიანი ან ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი. რა თქმა უნდა, თავად ფაშინიანი არსად წავა, ეს ყველამ კარგად იცის.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG