Accessibility links

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის წერილი კარანტინიდან


ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ერთიანობა შემატა. ჩაკეტილი საზღვრების, კარანტინებისა თუ „კლასტერების“ მიუხედავად, ახალმა კორონავირუსმა, რომელიც არ ცნობს საზღვრებს, არ ცნობს მსოფლიოს დაყოფას „უფრო მნიშვნელოვან“ და „ნაკლებად მნიშვნელოვან“ ქვეყნებად, ადამიანები დააახლოვა და გააერთიანა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ ვითარებაში ძალაუნებურად გვიწევს გახსენება, სიკვდილი სუსტსაც და ძალგულოვანსაც რომ ერთნაირად ასწორებს. ასეა იმიტომაც, რომ წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ ეტაპზე ადამიანების შეთანხმებული ქმედება არის მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება.

ასევე მნიშვნელოვანია მორალური თანადგომა და სოლიდარობა. საერთო პრობლემასთან გასამკლავებლად გზების ძებნაში ერთმანეთს რჩევებს უზიარებენ და ამხნევებენ სხვადასხვა ქვეყნის თუ კუთხის ადამიანები.

მაგრამ არა მხოლოდ თანამედროვეებს თანავუგრძნობთ და ვუხმობთ დახმარებისთვის. ვეძებთ „დიაქრონულ“ ანალოგიებსაც ისტორიაში, კულტურაში, ლიტერატურაში, რათა კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი დღევანდელი გამოცდილების ჩარჩოები; რათა სახიფათო სენის პირისპირ მდგომებმა კიდევ უფრო ნაკლებად ვიგრძნოთ თავი განმარტოებულად.

სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ეპიდემიებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს, ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, ნაწყვეტებს იმ ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებიიდან, რომლებსაც სასიკვდილო ეპიდემიამ მოუსწრაფა სიცოცხლე...

ამ დღეებში პოპულარობა მოიპოვა ერთმა ასეთმა პუბლიკაციამ, - ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მიერ მეგობარი ქალისადმი მიწერილმა წერილმა კარანტინიდან, რომელშიც ის 1920 წელს იმყოფებოდა სამხრეთ საფრანგეთში. მაშინ მსოფლიოში ავადსახსენებელი „ესპანური გრიპი“ მძვინვარებდა.

გაცვეთილ ანალოგიას თუ მივმართავთ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეს წერილიც ვირუსულად გავრცელდა სოცქსელებში. ათასობით ადამიანი უზიარებს მას თავის მეგობრებსა და ახლობლებს, რომლებიც შინ გამოკეტილან და ნუგეშს ელიან თანამედროვეებისგან თუ წარსულის გმირებისგან.

ფ. სკოტ ფიცჯერალდის წერილი, რომელიც მან დაწერა 1920 წელს, „ესპანური გრიპის“ პანდემიის დროს, სამხრეთ საფრანგეთში კარანტინში ყოფნისას.

ძვირფასო როზმარი,

უღრუბლო მოსაწყენი დღე იყო, თითქოს ჩამქრალ ვარსკვლავზე კალათით ჩამოკიდებული. მადლობას გიხდი შენი წერილისთვის. გარეთ მგონი ჩამოცვენილი ფოთლები შარიშურით ხვდება ნაგვის ყუთს. ეს ხმა ყურში ჯაზივით ჩამესმის. ქუჩები უკაცრიელია. თითქოს ქალაქის უდიდესმა ნაწილმა საკუთარ უბნებს შეაფარა თავი, და სწორიც გააკეთა. ასეთ დროს ალბათ უმნიშვნელოვანესია მოვერიდოთ საჯარო სივრცეებს.

და ბარებსაც, როგორც ჰემინგუეისაც ვუთხარი - მაგრამ მან ამის პასუხად მუცელში მითავაზა, რაზეც ვკითხე, ხელები თუ ჰქონდა დაბანილი. არ ჰქონია. ეს კაცი ყველაფრის უარმყოფელია. მისი აზრით, ვირუსი უბრალო გრიპია. საინტერესოა, რა წყაროები აქვს.

ხელისუფლებამ გაგვაფრთხილა, მოვიმარაგოთ, რაც ერთი თვის განმავლობაში დაგვჭირდება. ზელდამ და მე დავაგროვეთ წითელი ღვინო, ვისკი, რომი, ვერმუტი, აბსენტი, თეთრი ღვინო, შერი, ჯინი და - ღმერთო - თუ საჭირო გახდა, ბრენდიც. ილოცე ჩვენთვის.

ერთი შეგახედა მოედნისთვის, ო, საშინელებაა. დავტირი იმას, რასაც ეს მომავალი გვიქადის. გრძელ დღეებს, რომლებიც ნელა მიგორავს წინ მარად მოლიპული, უძირო ჰაიბოლის კოქტეილის თანხლებით. ზ. ამბობს, ეს სულაც არ არის გამართლება სმისთვისო. მაგრამ უბრალოდ ხელს ვერ ვაკავებ. ჩემი ფიქრიანი სათვალთვალოდან შორს მოჩანს სანაპირო ზოლი, რომელიც ნისლით შემოსილა. მასში ვარჩევ სასჯელს, რომელიც დიდი დიდი ხანია, ჯიუტად მოემართება აქეთ. და მაინც, საღამოს ღრუბლებს შორის ვუყურებ სინათლის ერთადერთ სხივს, რომელიც მიხმობს, რომ მწამდეს უკეთესი ხვალინდელისა.

მარად შენი

ფ. სკოტ ფიცჯერალდი

როგორც ხედავთ, წერილი მართლაც შთამბეჭდავია. როგორ გვახსენებს მასში აღწერილი მკაცრი საკარანტინო რეჟიმისთვის მზადება და სიფრთხილის ზომები იმას, რითიც ცხოვრობს დღეს მილიონობით ადამიანი! თუმცა ყველას არ ხვდება წილად ისეთ „სელებრითებთან“ შეხვედრა, როგორიც ერნესტ ჰემინგუეია, რომელიც სერიოზულად არ აღიქვამს გაფრთხილებებს და ჩვენსავით წამდაუწუმ არ იბანს ხელებს.

ხომ არაფერი მოგაგონათ უზომო რაოდენობის ალკოჰოლური სასმელების მომარაგებამ, რითიც მწერალი კარანტინის მონოტონური, ერთფეროვანი დღეების გადასატანად ემზადება (როგორც მოგეხსენებათ, ფიცჯერალდი ფრიად გაშინაურებული იყო ალკოჰოლთან)?

და, რაც მთავარია, წერილი შეიცავს ხვალინდელი დღის იმედს, რის გამოც აზიარებს მას ათასობით ადამიანი ამ დღეებში. მადლობა ღმერთს, ასეთი პუბლიკაციების ელექტრონულ გაზიარებას არც კოვზი სჭირდება და არც ვირუსის შესაძლო გადამტანი რამე სხვა მეთოდი.

მაგრამ, რაც უნდა გულს უკეთებდეს ის მკითხველს, წერილს ერთი სერიოზული ნაკლი აქვს - ის სულაც არ ეკუთვნის ფ. სკოტ ფიცჯერალდის კალამს.

მისი ავტორი გახლავთ თანამედროვე ამერიკელი მწერალი ნიკ ფარიელა, რომელმაც ეს წერილი 13 მარტს გამოაქვეყნა იუმორისტულ საიტ McSweeney's Internet Tendency-ზე.

„ვფიქრობ, [წერილი] ჩვენს უცნაურ დროს ეხმიანება“, უთხრა ფარიელამ ჟურნალ Esquire-ს. „ბევრი ვერ ტოვებს სახლს, აღარაფერი ხდება სპორტში, თითქმის აღარ დარჩა რამე, რამაც შეიძლება დაგვირღვიოს კონცენტრაცია. ამ პაროდიისადმი ყურადღება აჩვენებს, რომ ხალხს სწყურია პასუხი სადღაც წარსულიდან, ვიღაცისგან, ვინც ოდესღაც ჩვენი მსგავსი ვითარება გამოიარა და გადარჩა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ წერილი მართლა ფ. სკოტ ფიცჯერალდს არ ეკუთვნის, ვფიქრობ, მისი განწყობილება მაინც ნამდვილია. ჩვენ ყველას შეიძლება გაგვიადვილოს საქმე იმან, თუ როგორ გაიარა ცხოვრება ამ უდრეკმა ოპტიმისტმა“.

თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ჟამიანობისას, ამის მაგალითები რეალურ ნაწარმოებებშიც უამრავია. მოიმარაგეთ კარგი წიგნები და - ვისაც გიყვართ - სხვა რამეებიც. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მთლად ფიცჯერალდისგან მაგალითის აღებაც არ ღირს - ექიმები გვირჩევენ, რომ ზედმეტი ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს COVID-19-ით დაავადებისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG