Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შესაძლოა თავისიანები გადაცხრილოს". როგორ ხდება ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების ომში გაწვევა

რუსეთის ფსკოვის რაიონის მკვიდრმა, 31 წლის ანდრეი ბურიშევმა, რომელიც ბავშვობიდან იმყოფება ფსიქიატრის დაკვირვების ქვეშ, უკრაინაში წასვლა გადაწყვიტა და შესაბამის კონტრაქტსაც მოაწერა ხელი

თავის დროზე, როგორც წვევამდელი, დიაგნოზის გამო ბურიშევი ჯარში არ გაუწვევიათ. მაგრამ ამჯერად სამხედრო აღრიცხვის ოფისის თანამშრომლებმა ანდრეის დედას უთხრეს, რომ მისი შვილის დაავადებაში "საშიში არაფერია". რამდენიმე დღეში ბურიშევი, რომელმაც ფსიქიკური პრობლემების გამო ძლივს დაამთავრა სკოლა და იარაღი ხელში არასდროს სჭერია, ფრონტზე გაემგზავრება.

ამ უცნაურმა ამბავმა დააინტერესა „სევერ.რეალიის“ კორესპონდენტი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ უკრაინაში საომრად რუსეთში ფსიქიკური პრობლემების მქონე მოქალაქეების გადაბირებასაც არ ერიდებიან.

თუ ჯარში არ წავიდოდა, მას ციხეში ჩასვამდნენ

ანდრეი ბურიშევი დაიბადა და ცხოვრობდა ქალაქ ფსკოვიდან 40 კილომეტრში მდებარე პატარა სოფელ პალკინოში. პირველი კლასის შემდეგ, ის სახლში სწავლაზე გადავიდა და, დედის, ტატიანას თქმით, მეცხრე კლასი სირთულეებით დაამთავრა.

ანდრეის სკოლაში ჰქონდა დევიანტური ქცევა. ერთხელ მან მასწავლებელს სკამი ესროლა და როდესაც სხვა მასწავლებელმა ხმამაღალი შენიშვნა მისცა, მან წამოიძახა, რომ არ სურს სიცოცხლე და პირობა დაადო, რომ ფანჯრიდან გადახტებოდა. ამის გამო იგი ინდივიდუალურ მეცადინეობაზე გადაიყვანეს.

ანდრეის, რომელიც ფსიქოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყო, არც მუდმივი სამსახური ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის კარგად ერკვეოდა ტექნიკაში და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახლომდებარე სოფლის სახელმწიფო მეურნეობაში მუშაობდა.

როგორც ანდრეი ბურიშევის დედა, ტატიანა ჰყვება, ყველაფერი 6 მაისს მოხდა, როდესაც მის შვილს საცხოვრებელ სახლთან სამხედრო კომისარიატის თანამშრომლები დახვდნენ, რაღაცაზე ესაუბრნენ და წავიდნენ. ამ საუბრიდან მალევე, ისე, რომ არავისთვის არაფერი უკითხავს, ანდრეი ბურიშევმა ხელი მოაწერა სამხედრო სამსახურის კონტრაქტს და მშობლები ფაქტის წინაშე დააყენა.

ტატიანას თქმით, სამხედრო კომისარიატიდან დაბრუნების შემდეგ, მისი ვაჟი ამტკიცებდა, რომ თუ არ წავიდოდა ჯარში, ციხეში ჩასვამდნენ. დედა მიიჩნევს, რომ მათ, ვინც მის შვილი კონტრაქტზე ხელმოწერაში დაარწმუნეს, მისი ნასამართლობა გამოიყენეს ზეწოლის მოსახდენად.

საქმე ისაა, რომ დიაგნოზის გამო ბურიშევმა მართვის მოწმობა ვერ მიიღო. მაგრამ მართვის მოწმობის გარეშე და ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა მანქანას.

2018 წელს ანდრეი ბურიშევს არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო 6 თვით ვადამდელი-პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციამ საჭესთან კვლავ არაფხიზელ მდგომარეობაში აღმოაჩინა, მის წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2024 წელს ბურიშევს იძულებითი სამუშაოები მიუსაჯეს, რასაც მსჯავრდადებული თავს არიდებდა. როგორც ტატიანა ჰყვება, დაახლოებით სამი თვის წინ ბურიშევი მახლობლად მდებარე სოფლის მეურნეობაში მუდმივ სამუშაოზე მოეწყო. მიუხედავად ამისა, სასამართლომ კვლავ უარი თქვა ბურიშევისთვის პატიმრობის შეფარდებაზე და მას სავალდებულო სამუშაოების შესრულება საღამოობით, ძირითადი სამსახურის დასრულების შემდეგ დააკისრა.

"აღარ ვიცი, რა ვიღონო"

6 მაისს სამხედრო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ანდრეი ბურიშევმა ორი ღამე გაატარა სამხედრო კომისარიატში. უწყების თანამშრომლებს მაშინვე სურდათ მისი გაგზავნა კურსკში, მაგრამ როდესაც საქმეში უფლებადამცველი ელენა პოპოვა ჩაერია, ბურიშევის გაგზავნა შეჩერდა. პოპოვამ, რომელიც ორგანიზაცია „სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელი შეგნებული მოქალაქეების“ მოძრაობის კოორდინატორია, პირადად დაურეკა ფსკოვის რაიონის კომისარს და აცნობა, რომ მათთან შეკრების პუნქტში ფსიქიკური დაავადების მქონე პირი იმყოფებოდა. მეორე დღეს ანდრეი ბურიშევი კომისარიატიდან თავისი მშობლების სახლში მიიყვანეს.

კონტრაქტით სამხედრო სამსახურში აღრიცხვის ერთიანი პუნქტი
კონტრაქტით სამხედრო სამსახურში აღრიცხვის ერთიანი პუნქტი

თუმცა მანამდე, ელენა პოპოვას შეტყობინების შემდეგ, ისინი (კომისარიატის წარმომადგენლები) ტატიანას ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, თუ რა დაავადებები აჰქონდა მის შვილს.

"ვუთხარი, რომ ის ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მათ მოითხოვეს სერტიფიკატის ჩვენება. და როდესაც ანდრეი სახლში მოიყვანეს მანქანით, რომელზეც ეწერა "კონტრაქტი", იქ იყო ლეიტენანტი. მე მას ამ სერტიფიკატის ასლი მივეცი. მან დახედა და თქვა, რომ საშიში არაფერია. და მე ვხედავდი, რომ ანდრეი ერთგვარი დეპრესიული და გატეხილი იყო. ის იმეორებდა მხოლოდ იმას, რომ უკვე მოაწერა ხელი ყველაფერს და თუ არ წავა ჯარში, 10 წლით ციხეში გაუშვებენ. გულწრფელად აღარ ვიცი, რა ვიღონო“, - ამბობს ტატიანა.

პალკინო, სადაც ბურიშევი და მისი მშობლები ცხოვრობენ, პატარა სოფელია. უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში სოფელში, სადაც სამი ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, უკრაინაში დაღუპული რამდენიმე ბიჭის კუბო ჩაიტანეს. მაგრამ ანდრეი დარწმუნებულია, რომ მას ასეთი ბედი არ ელის.

- "დედა, შენ მეტისმეტად ბევრს უყურებ ტელევიზორს და ამიტომაც ხარ ასე შეშინებული, მაგრამ სინამდვილეში იქ ყველაფერი სხვაგვარადაა", - იხსენებს ტატიანა მასთან საუბარში ანდრეის ნათქვამ სიტყვებს.

„სინამდვილეში ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ. მე მყავს მეგობარი, რომელსაც ანდრეი იცნობს და მისი ორივე ვაჟი სამხედროა. მათ აქვთ წოდება და ეს მათი სამსახურია. ისინი ამბობენ, რომ იქ [უკრაინაში} საშინელება ტრიალებს. ერთი გამელოტებული დაბრუნდა. ის, რა თქმა უნდა, არაფერს ამბობს. მაგრამ 50 წლის ზრდასრული, სამხედრო გამოცდილების მამაკაცი, შეშინებულია. მხოლოდ ანდრეის არ სურს ამის შესახებ არაფრის გაგონება“, - წუხს ტატიანა.

"ისინი ზურგს უკან მალავენ ქვას, რომელიც შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში გესროლონ“

ფსკოვის რაიონის საავადმყოფოს მიერ ანდრეი ბურიშევზე გაცემულ დიაგნოზში აღნიშნულია, რომ ის იმყოფება საკონსულტაციო მკურნალობაზე "პათოჰარაქტეროლოგიური პიროვნების განვითარების" დიაგნოზით. გამოხატული აქვს შერეული სპეციფიკური განვითარების დარღვევა. ენობრივი საშუალებების ფორმირების ნაკლებობა ფონეტიკურ-ფონემურ და ლექსიკურ-გრამატიკულ დონეზე.

„დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით ეს სერიოზული დაავადებაა, - ამბობს ფსიქიატრი ვიქტორია კაზანცევა (გვარი მისი თხოვნით შეცვლილია), - ფსიქოპათიის დროსაც კი, ადამიანს იარაღს არ აძლევენ ხელში და ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ფსიქოპათია. ანდრეის აქვს ეპილეფსიური პიროვნული აშლილობა. ასეთ ადამიანებს აქვთ მუდმივი პოლარობა თავიანთ საქციელში: დღეს მათ უყვართ, ხვალ კი სძულთ საკუთარი თავი. და მათ შეუძლიათ გაგიღიმონ სახეში, მაგრამ ზურგს უკან, ფიგურალურად თუ ვიტყვით, მალავენ ქვას, რომელიც შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში გესროლონ“, - ამბობს კაზანცევა.

მაგრამ, რუსეთში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, თუ ადამიანი ნებაყოფლობით მიდის შემკრებ პუნქტზე, იქ, რა თქმა უნდა, ისინი უბრალოდ თვალს ხუჭავენ დიაგნოზზე.

"თუ არსებობს ასეთი დიაგნოზი, კონტრაქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, მაგრამ ამისათვის თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ ადამიანი მოტყუებით გახდა იძულებული, ხელი მოეწერა კონტრაქტისთვის", - ამბობს კაზანცევა.

კაზანცევამ არ იცის, თუ როგორ მიიღეს მისგან (ანდრეისგან) ეს "ნებაყოფლობითი" თანხმობა, ზეწოლით, მუქარით თუ რაიმე სახის ხრიკებით. გამწვევ პუნქტებზე ეს არავის აინტერესებს.

ექიმის თქმით, მაშინაც კი, თუ ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანს მოულოდნელად ცნობენ ვარგისად სამხედრო სამსახურისათვის და ომში გაგზავნიან, პირველმა სტრესულმა სიტუაციამ, ან რაიმე სახის კონფლიქტმა შეიძლება ერთბაშად გამოიწვიოს მისი მდგომარეობის გამწვავება.

„წაყვანით წაიყვანენ, მაგრამ მას, არამეცნიერულად თუ ვიტყვით, შეიძლება ჭკუა დააკარგვინოს იქ ნანახმა. დაავლოს ავტომატს ხელი და თავისიანებს დაუშინოს ტყვიები“, - ამბობს კაზანცევა.

"შენ რა, ვაჟკაცი არ ხარ?"

მოძრაობა „სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელი შეგნებული მოქალაქეების“ კოორდინატორი ელენა პოპოვა მიიჩნევს, რომ ბურიშევის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტის გასაჩივრება შესაძლებელია, მაგრამ პირველ რიგში ამისათვის თავად ანდრეის სურვილია საჭირო.

„არც მე და არც ჩემს მშობლებს არ გვესმის, თუ ვინ აიძულა ან რა მოტივით გადადგა ანდრეიმ ასეთი ნაბიჯი. სამხედრო გამწვევ განყოფილებაში რეკრუტერებმა, როგორც ჩანს, ისარგებლეს მისი ფსიქოემოციური მდგომარეობით და იმით, რომ მას პირობითი სასჯელი აქვს. სავარაუდოდ, იყო ასევე გარკვეული მანიპულაციები კატეგორიიდან: „შენ რა, ვაჟკაცი არ ხარ?“და შემდეგ დაშინება: ვითომდა, რაკი ხელი მოაწერე კონტრაქტს, მორჩა, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გაქვს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის", - ამბობს პოპოვა.

მისი ინფორმაციით, რუსეთში სამხედრო კომისარიატების თანამშრომლები მიდიან ნებისმიერ ხრიკზე, რათა დაარწმუნონ მოქალაქეები ხელშეკრულების გაფორმებაში. მათ არ აღელვებთ ფსიქიკური დაავადების არსებობა ან სხვა ფაქტორები, როდესაც ადამიანმა ბოლომდე არ იცის, თუ რას აკეთებს. 52 წლის ლევ პოლეტაევს 2023 წლის სექტემბერში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამხედრო ნაწილის უნებართვო მიტოვების გამო. პოლეტაევი, რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი იყო, სამხედრო კომისარიატში კონტრაქტის გასაფორმებლად მთვრალი მივიდა, მაგრამ ორგანოს თანამშრომლებს ეს არც კი ეხამუშათ. პოლეტაევის მეგობრის თქმით, მას ნახევარ საათში სამხედრო ბილეთი მისცეს და დაუყოვნებლივ გაგზავნეს ომში. 2022 წლის დეკემბერში დანაყოფიდან გაქცევის შემდეგ, პოლეტაევმა, სიმთვრალიდან რომ გამოეყვანათ, გარკვეული დრო საავადმყოფოში წვეთოვანის ქვეშ გაატარა. ხოლო იანვარში სამხედრო პროკურატურაში მივიდა აღიარებითი ჩვენებით. მისი დაცვის აზრით, პოლეტაევი უკანონოდ იყო მობილიზებული, ვინაიდან 2023 წლის ივლისში "სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების მიღებამდე, მობილიზაციის მაქსიმალური ასაკი 50 წელი იყო.

2022 წლის შემოდგომაზე, რუსეთში მობილიზაციის პირველი ტალღის შემდეგ, რამაც ქვეყანაში სოციალური აფეთქება გამოიწვია, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ე.წ. კონტრაქტორების ანუ კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებული მოქალაქეების ჩართულობას დაყრდნობოდა. უმეტესწილად, „რეკრუტების რეკრუტირება“ რეგიონულ ხელისუფლებას დაევალა. ანუ რუსეთის კონკრეტულ რეგიონს გარკვეული რაოდენობის ჯარისკაცების რეკრუტირების გეგმა მიეცა.

კონტრაქტორების გადაბირების გეგმის შესასრულებლად, რეგიონები განაგრძობენ ერთმანეთთან კონკურენციას და ომში გასაგზავნად თავიანთი რეგიონებიდან რუსებისა და უცხოელების მოზიდვას ცდილობენ. რეკრუტების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი "კოზირი" არის საგზაო ფულის გადახდა, რომელიც ემატება რეგიონისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან გამოყოფილ ანაზღაურებას.

ანდრეი ბურიშევის მშობლების თქმით, მათ შვილს "სპეცოპერაციაში" მონაწილეობაზე არც დაპირებული ფულის გამო უთქვამს თანხმობა. "ის არასოდეს იყო ხარბი და არ ცდილობდა რაღაცის მოხვეჭას", - ამბობენ ისინი.

მათ, ვინც დაარწმუნა ბურიშევი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მშობლებს უთხრეს, რომ ის არ წავიდოდა "ყველაზე ცხელ წერტილში", არამედ დაიცავდა საზღვარს. მაგრამ მშობლებს, შვილისგან განსხვავებით, მათი ამ დაპირებისა არ სჯერათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG