Accessibility links

"გურულ გლეხს, კახელ გლეხს და მარნეულელ გლეხს უნდა ჰქონდეთ სოლიდარობის განცდა, რომ ეს გამოწვევა მთელ საქართველოში არსებობს"


ქამრან მამედლი, პლატფორმა "სალამის" თანადამფუძნებელი

პლატფორმა „სალამის“ თანადამფუძნებელი, ქამრან მამედლი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ მარნეულში 22 აპრილს გამართულმა აქციამ აჩვენა ის, თუ რა „კრიტიკულად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ“ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც პროდუქციის გასაღების პრობლემა შეექმნათ. ის ინტერვიუში იხსენებს მომენტს, როცა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვიდან რამდენიმე კვირაში იგივე შეზღუდვა შეეხო ლენტეხს:

„ლენტეხი რომ ჩაიკეტა, პლატფორმა „სალამმა“ სოლიდარობა გამოუცხადა ლენტეხს და ვთქვით, რომ ძალიან მძიმეა წითელი ზონის და მკაცრი კარანტინის პრინციპი, ამ რეალობაში ცხოვრება. გასაგებია, რომ ეს ნაბიჯი არის გადადგმული იმისკენ, რომ მუნიციპალიტეტების შიგნით და ამ მუნიციპალიტეტების გარეთ, მთელ საქართველოში ხალხის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული, თუმცა ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები იყოს გადადგმული სოციალური ფონის შესამსუბუქებლად.

ზუსტად ეს იყო ჩვენი სოლიდარობის მიმართვის ერთ-ერთი მიზანიც, რომ ჩვენი ხმა გაგვეგონებინა გადაწყვეტილების მიმღებებისთვის.

მარნეული უბრალოდ არის ყველაზე განგრძობითი კრიზისის ქვეშ მყოფი მუნიციპალიტეტი. დიდი ალბათობით, ეს უკმაყოფილების ტალღა და სოციალური ფონი, ძალიან მალე შეიძლება (ეს მხოლოდ ჩემი ჰიპოთეზაა) ლენტეხშიც იყოს, ქობულეთშიც იყოს და თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მალე მთელ საქართველოში იყოს.

ადამიანმა როცა არ იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გამოკვებოს ოჯახის წევრი, შვილი, თავისი თავი და ა.შ., ძალიან ძნელია ამ ადამიანს მოსთხოვო დარჩეს სახლში.

ძალიან მარტივად შეიძლება ვთქვათ „დარჩი სახლში“, მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში. ზუსტად იყო კიდეც ჩვენი ერთ-ერთი აქტივობა და საქმიანობა, როცა დაიწყო მკაცრი კარანტინის პირობები მარნეულში. სამწუხაროდ, არ გვქონდა პოზიტიური ვალდებულების გამოხატულება ხელისუფლების მხრიდან, რომ გადაეთარგმნა და მოსახლეობისთივს, მათ შორის, ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის - საქართველოს მოსახლეობის 10%-ისთვის არ იყო პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია კორონავირუსზე.

ინფორმაციის ნაკლებობა იყო ეთნიკურ უმცირესობებს შორის და ჩვენი მოხალისეები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებთან ვთანამშრომლობდით, რომ უსასყიდლოდ გადაგვეთარგმნა მასალები, რაც მზადდებოდა წითელი ჯვრის, Save the Children-ის მიერ, Stopcov.ge-ს ინფორმაცია გადაგვეთარგმნა და მადლობა ღმერთს, რომ დღეს Stopcov.ge-ზე გვაქვს ინფორმაცია აზერბაიჯანულადაც, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი პოსტ ფაქტუმ მოხდა“.

ქამრან მამედლი იხსენებს იმ უარყოფით გამოხმაურებას, რაც ერთი თვის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის გავრცელების ფაქტსა და მკაცრი კარანტინის გამოცხადებას მოჰყვა. ერთ-ერთი თემა, რომელიც მაშინ აქტიურად იხილებოდა, იყო საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების ნაწილის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა, რამაც ვირუსის შესახებ ქართულად გავრცელებული ცნობები მათი ყურადღების მიღმა დატოვა. კრიტიკის დიდი ნაწილი სწორედ მოსახლეობის ამ ნაწილის მიმართ იყო მიმართული. ქამრან მამედლი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„როცა გვქონდა შესაძლებლობა ქართული გვესწავლა, ვისწავლეთ ძალიან კარგად, თუმცა აქ ლაპარაკია არა ჩვენზე - ახალგაზრდებზე, რომლებიც „1+4“ და სხვა პროგრამების საშუალებით აქტიურად ჩავერთეთ ამ პროცესში, არამედ ლაპარაკია მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილზე, რომელიც ცხოვრობდა საბჭოთა კავშირის პირობებში, როცა ქართული ენა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების და მათ შორის დომინანტური ეთნიკური ჯგუფისთვის არ იყო საკომუნიკაციო ენა.

ახლა 60 წლის ადამიანს ახალ ენას ვერ ვასწავლით. ამიტომ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპული სახელმწიფო ვართ და მის პრინციპებს მივყვებით, ევროკავშირის, ეუთოს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებია ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდება მათთვის გასაგებ ენაზე“.

ქამრან მამედლი ფიქრობს, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ:

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ რა ბედი ეწევა ამ 30-დღიანი კარანტინის შემდეგ მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობას სოციალური დახმარების კუთხით.

გასაგებია, რომ მთელ საქარრთველოშია გამოწვევები, თუმცა, ჩემი აზრით, ამ მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ უფრო მეტი მხარდაჭერა და მეტი სოციალური პროგრამები, რადგან ეს რეგიონი უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყო მკაცრი კარანტინის პირობებში და იმედია, საჭიროებებიდან გამომდინარე, იქნება მოკლევადიან პერიოდში შემუშავებული სტრატეგიები“.

გარდა ამისა, „დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ მიმდინარე კრიზისმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა პრობლემები, რომლებიც COVID-19-მდეც იყო ამ მუნიციპალიტეტებში:

„იმედია, ამ კრიზისმა რა სოციალური პრობლემებიც გვაჩვენა და რაც გააშიშვლა, მაგალითად: წყალზე, მიწაზე, საძოვრებზე ხელმისაწვდომობა, ამას კრიზისის შემდეგ გადავიაზრებთ და სახელმწიფო პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს ამ რეგიონის მოსახლეობისთვის, რომ მას ჰქონდეს გზა, წყალი, ინფრასტრუქტურა და მიწა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ქამრან მამედლი ეხება კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ასევე უკავშირდება ეთნიკური უმცირესობებისადმი დამოკიდებულებას და რაც გადაცემის ერთ-ერთი მსმენელის კითხვაშიც გაისმა:

„მსმენელის კითხვაშიც გამოჩნდა, რომ თითქოს ჩვენ უნდა გვქონდეს მადლიერების განცდა იმასთან დაკავშირებით, რასაც ესა თუ ის სახელმწიფო უწყება აკეთებს. თითქოს მოლოდინია, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფოს ამისთვის, მაგრამ არავის აქვს ასეთივე მოლოდინი, როცა საქმე ეხება საქართველოში დომინანტური ეთნიკური ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდებას, პირიქით - უფრო მეტს ვითხოვთ, ხო?“.

საუბრის დასასრულს, ქამრან მამედლი სოლიდარობის საკითხს უბრუნდება:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი თავი განვიხილოთ საზოგადოების ნაწილად. გურულ გლეხს, კახელ გლეხს და მარნეულელ გლეხს უნდა ჰქონდეთ სოლიდარობის განცდა, რომ ეს გამოწვევა მთელ საქართველოში არსებობს, ყველა გლეხისთვის ერთნაირია და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ კონტექსტში ყოველთვის გადადის ხოლმე ეს რასისტულ განწყობებში და ძალიან იშვიათია სოლიდარობის განცდა. რაღაცნაირად ჩვენმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა ვიფიქროთ გზებზე, როგორ შევძლოთ ამ სოლიდარობის კულტივირება საზოგადოებაში“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG