Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაოსური მშენებლობებით უკმაყოფილო ბათუმელები სახლში რჩებიან, სამშენებლო სექტორმა კი მუშაობა განაახლა


ბათუმში აპროტესტებენ ბათუმის რივიერაზე „ისტორიული დაცვის ზონაში“ ცათამბჯენების მშენებლობის გეგმას. 2020 წლის 20 თებერვალი
ბათუმში აპროტესტებენ ბათუმის რივიერაზე „ისტორიული დაცვის ზონაში“ ცათამბჯენების მშენებლობის გეგმას. 2020 წლის 20 თებერვალი

სამშენებლო კომპანიებმა 5 მაისიდან მუშაობა განაახლეს ქალაქ ბათუმშიც, სადაც ქალაქის მერიამ გასულ წელს 2 მილიონი კვ/მ ფართის აშენებაზე გასცა ნებართვა. ამ ფონზე კი ბათუმს არ გააჩნია განაშენიანების რეგულირებისა და ურბანული განვითარების გეგმა. ამ დრომდე არაა დამტკიცებული „ბათუმის ისტორიული დაცვის ზონა“ - დოკუმენტი, რომელიც ბათუმის ისტორიულ უბნებს უხეში ჩარევებისგან დაიცავს. ბათუმში მიმდინარე ქაოსური მშენებლობები კი ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, უკვე წლებია, იწვევს, თუმცა ახლა უკმაყოფილო ბათუმელები საგანგებო მდგომარეობის გამო სახლში რჩებიან, სამშენებლო სექტორმა კი მუშაობა განაახლა. აქტიურად მუშაობს სამთავრობო სექტორიც მოქალაქეების ჩართულობის გარეშე, ამბობს საზოგადოება „ბათომის“ წევრი ნათია აფხაზავა:

„საჯარო უწყებებმა დაიწყეს სანებართვო პროცედურებზე მუშაობა. ტარდება საბჭოს სხდომები ონლაინ, სადაც ნებართვების დოკუმენტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს ჩვენს დისტანცირებას ახდენს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოება საერთოდ არაა ჩართული, რაც ქალაქის მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება. აქტივისტებთან დისტანციურად ვცდილობთ ძალების მობილიზებას იმისთვის, რომ პროცესი, რომელიც ჩვენს გარეშე მიმდინარეობს, უფრო კრიზისული არ გახდეს“.

საზოგადოება „ბათომი“ არაერთ აქტიურ ბათუმელს და აგრეთვე სხვადასხვა სფეროს სპეცილისტს აერთიანებს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. მათი ძირითადი მოთხოვნა ქალაქის სწორი განვითარებისთვის აუცილებელი წესების დამკვიდრებაა. ნათია აფხაზავა ამბობს, რომ ბათუმელები საგანგებო მდგომარეობით შემოღებული შეზღუდვების მოხსნას ელიან:

„იმედია, ეს შეზღუდვები მალე მოიხსნება და უფრო მეტი ენერგიით დავუბრუნდებით ჩვენს ქალაქს „დაიცავი ბათუმის“ მოძრაობით. ჩვენი პირველი ცხელი წერტილი იქნება ბათუმის რივიერა და ქალაქის ამ ნაწილის დასაცავად არაერთი აქტივობა გვაქვს უკვე დაგეგმილი“.

ბათუმის რივიერაზე „ისტორიული დაცვის ზონაში“ ხუთი ცათამბჯენის მშენებელობაა დაგეგმილი. ამ პროექტმა ბოლო წლებში ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილის ყველაზე ხმაურიანი პროტესტი გამოიწვია. აქტივისტებმა სასამართლოშიც შეიტანეს სარჩელი ბათუმის თვითმმართველობის წინააღმდეგ, რომელმაც მასშტაბური პროექტისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე კი ქალაქის განვითარების საჭიროებაზე ლაპარაკობს და ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ პირდაპირი შემოსავალი ქალაქ ბათუმის ბიუჯეტს ამით არ აქვს. რაც შეეხება ბათუმელების არცთუ მცირე ნაწილის პროტესტს ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ, ქალაქის მერი ამბობს:

„არის ხალხის ჯგუფი, რომელიც ნებისმიერ მაღლივ მშენებლობებს აპროტესტებს. მე პატივს ვცემ ყველა პროტესტის გრძნობას, მაგრამ ხშირად მრჩება ძალიან მყარი წარმოდგენა, რომ აქ საქმე გვაქვს უფრო მეტად ახირებასთან. ყველა არ მყავს მხედველობაში, მაგრამ ხშირად თითქოს მართულ პროცესთან გვაქვს საქმე, ვიდრე ჯანსაღ პროცესთან. არის ეს პროტესტი ისეთი ცნობილი პროექტის წინააღმდეგ, როგორიც არის ბათუმის რივიერა. ისევ საზოგადოების გარკვეული ნაწილი აპროტესტებს. ეს არის ტურისტული ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“.

პროექტ „რივიერას“, რომლის მნიშვნელობაზეც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ლაპარაკობს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. ბათუმელების ნაწილი კი ამ პროექტს ეწინააღმდეგება ორი ძირითადი მიზეზით - ეკოლოგიური საფრთხეების გამო და იმის გამოც, რომ ეს ტერიტორია,სადაც ხუთი ცათამბჯენის აშენება იგეგმება, ისტორიული ბათუმის ზღვის სანაპიროა და პროექტის მასშტაბი ორსართულიანი ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას მთლიანად შეცვლის. ბათუმელები სასამართლოში თავიანთი სარჩელის განხილვას ელიან, თუმცა, როგორც ნათია აფხაზავა ამბობს, ამ პროცესს საგანგებო მდგომარეობამ ხელი შეუშალა:

„სასამართლო პროცესისთვის გვყავს ექსპერტები, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მუშაობენ და ეს ძალიან საგულისხმოა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ აქტივისტებს და ექსპერტებს არ გვეძლევა საშუალება, რომ ეს საკითხები შევისწავლოთ ადგილზე, რომ გავაძლიეროთ ჩვენი არგუმენტაცია სასამართლოში. ასევე გამოთხოვილი გვაქვს მშენებლობის ნებართვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან და დღემდე ვერ მივიღეთ, რადგან შეიზღუდა საჯარო ინფორმაციის გაცემა. ასეთი ბარიერები გვაქვს, რომელიც ზოგად პროცესს ძალიან აზიანებს. ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას სახელმწიფო სტრუქტურებთან და აქტივისტებთან“.

სამოქალაქო აქტივისტები კი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ხმაურიან საპროტესტო აქციებსა და პერფორმანსებს აწყობდნენ ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ, საგანგებო მდგომარეობის დასრულებას ელიან. მათი პირველი ამოცანა ბათუმის რივიერის ტერიტორიის დაცვა და მისი მწვანე სივრცედ შენარჩუნება იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG