Accessibility links

ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე ახალ რეკორდებს უმიზნებენ


ლაშა ტალახაძე

მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი ძალოსნობაში (+105-ში) ლაშა ტალახაძე ახალი რეკორდის დამყარებას აპირებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბათუმში 12 აპრილს დაიწყება.

„კარგ ფორმაში ვარ, თუმცა ჩემპიონატამდე ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი და ვეცდები საუკეთესო ფორმაში შევიდე. ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარ, ტიტულს ამჯერადაც დავიცავ და ვეცდები ახალი რეკორდები დავამყარო“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა ტალახაძემ რუსთავის მერიაში ძალოსანთა ფედერაციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ.

ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძის რეკორდი ქვეყნის შიდა ჩემპიონატზე, რომელიც გასული წლის ნოემბერში თბილისში გაიმართა 264-კილოგრამიან აკრაში,1 კილოგრამით აღემატება 2004 წელს ათენში ირანელი ჰოსეინ რეზა ზადეს მიერ დამყარებულ მსოფლიო რეკორდს (ატაცში პირველობა ტალახაძეს ეკუთვნის - 220 კგ).

ბათუმში დაგეგმილ ასპარეზზე მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 800 ძალოვანი. ჩატარდება როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური ჩემპიონატები.

„ჩვენი გუნდი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. რა თქმა უნდა, საპრიზო ადგილები გვინდა, მედლები, რეკორდები“, თქვა ლაშა ტალახაძემ.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომძლიერი გუნდები ეყოლებათ ესტონეთსა და სომხეთს.

„რუსეთის ნაკრები ჩვენი კონკურენტი არ არის, სუსტი გუნდია“, - თქვა მან.

ძალოსანთა ფედერაციის წარმომადგენელთა შეხვედრა რუსთავის მერიაში
ძალოსანთა ფედერაციის წარმომადგენელთა შეხვედრა რუსთავის მერიაში

საქართველოს ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიშვილმა რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ქალაქის მერს, ირაკლი ტაბაღუას,მხარდაჭერა სთხოვა, რომ რუსთავში დაგეგმილ მრავალფუნქციურ სპორტულ დარბაზში ძალოვანთათვის ცალკე დარბაზი გამოიყოს.

ირაკლი ტაბაღუამ ალტერნატივის სახით ფედერაციას ცალკე დარბაზის აშენება შესთავაზა, რომლისთვისაც მერია უსასყიდლოდ მიწას გამოყოფს. მისივე თქმით, მერის კონტრიბუცია მიწის ნაკვეთი იქნება, რომლის გამოყოფაზეც თანხმობისთვის მოლაპარაკებას გამართავს მთავრობის შესაბამის უწყებებთან.

„რუსთავი სტრატეგიულად მიმზიდველი ხდება მათ შორის სპორტული ინფრასტრუქტურისთვის, მით უფრო იმ პირობებში, როცა დასასრულს უახლოვდება თბილისი-რუსთავის ავტობანის მშემნებლობა“, - თქვა ირაკლი ტაბაღუამ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, მისი ვარაუდით, ძალოსანთათვის საბაზისო კომპლექსის აშენება დაახლოებით 3 მილიონი ლარი ეღირება.

ირაკლი ტაბაღუა
ირაკლი ტაბაღუა

„ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, სხვა უწყებებთან. რა თქმა უნდა, გარკვეული თანხები ძალოსნობის ფედერაციამაც უნდა გაიღოს“, თქვა ტაბაღუამ.

შეხვედრის შემდეგ ძალოსნობაში ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა და საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ ფედერაცია მიესალმება რუსთავის მერიის წინადადებას:

„ჩვენი მთავარი ბაზა ახლა დუშეთშია. კარგი ბაზაა, მაგრამ რუსთავში ანალოგიური და, როგორც მგონია, უკეთესი ბაზის გახსნა გაზრდის ძალოსნობის სპორტის პოპულარობას და ის მოხერხებული იქნება სპორტსმენებისთვის, რამდენადაც ახლოა თბილისთან და მარნეულთან“.

მან განმარტა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში იზრდება სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი და უკვე ჰყავთ კიდეც პერსპექტიული ახალგაზრდები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG