Accessibility links

site logo site logo

ქართულ დაუდევრობას შეწირული ოლიმპიური მედალი და სპორტული კარიერა


ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის ხსოვნისა და 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისში.

28 თებერვალს ქართულ სპორტს დავით ხახალეიშვილის 50 წლის იუბილე უნდა ეზეიმა. ოლიმპიური და ევროპის სამგზის ჩემპიონ ძიუდოისტის მშობლიურ ქალაქში თვეებით ადრე იგეგმებოდა საინტერესო ღონისძიების ჩატარება. გუშინ იუბილარის ახლობლები და ქართული სპორტის მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუთაისში ხახალეიშვილის გასახსენებლად შეიკრიბნენ. ქართული ძიუდოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმეწონოსანი თვე-ნახევრის წინ გარდაიცვალა, გულის უმძიმესი ოპერაციის გადატანის შემდეგ.

დავით ხახალეიშვილი საერთაშორისო არენაზე უმედლოდ იშვიათად დარჩენილა. სკოლის ასაკიდან მოყოლებული, ყველა შეჯიბრებაზე საპრიზო სამეულში ხვდებოდა, მაგრამ ამ საამაყო სტაბილურობასთან ერთად მის ცხოვრებაში იყო ერთი უდიდესი იმედგაცრუებაც - კარიერის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება, რომელმაც ფსიქოლოგიურად ისე გაანადგურა, სპორტული კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულებინა. ოპტიმალურ ფორმაში იყო და კიდევ ბევრ ტიტულს მოიპოვებდა, რომ არა ქართული სპორტის შავ ლაქად ქცეული ღონისძიება - ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშები.

ათი წლის წინ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პროექტის ფარგლებში, ოლიმპიურ ჩემპიონებზე წიგნების გამოცემა გადაწყდა. ავტორთა შორის ყველაზე გამოუცდელი ვიყავი. ძალიან ვნერვიულობდი. მამაჩემის კუმირ დავით ხახალეიშვილზე უნდა დამეწერა. უდიდეს სპორტსმენს, რომლის გამოც ბავშვობაში ძიუდოზე ვარჯიში დამაწყებინეს, ცოტა ხანში ისე დავუახლოვდი, ყველა წინაღობა მომეხსნა. „კეთილი გოლიათი“ მიყვებოდა ყველაფერს, რაც ახსოვდა. იყო სულ მოღიმარი და ხალისიანი, ვიდრე საბედისწერო ოლიმპიადის ამბავს მიადგებოდა. მერე კი უცებ დასევდიანდა. ერთხანს თავს იკავებდა, იქნებ ამ თემას აღარ შევეხოთ, ძლივს გადავიტანეო. თან ვეცადე ყველასთვის მეპატიებინა და აღარ გვინდა გართულებაო.

ახლა დავით ხახალეიშვილზე მარტო იმას დავწერ, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენი საუბრებიდან ყველაზე კარგად დამამახსოვრდა.

პირველი ნაბიჯები და პირველი გამარჯვება

დავით ხახალეიშვილი 1971 წელს ქუთაისში დაიბადა. ძიუდოს მეორე კლასის მოსწავლემ „გაუსინჯა გემო“ და სულ მალე, პირველსავე შეჯიბრებაზე, მედალი მოიპოვა. პირველ ჯილდოს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და სპორტული აზარტიც შედეგიანობის პირდაპირპროპორციულად გაიზარდა.

დავით ხახალეიშვილი: „ჩემი ძმა ცეკვაზე დადიოდა და მეც მინდოდა, მაგრამ ცეკვის მასწავლებელმა დედაჩემს უთხრა, აჯობებს სპორტზე შეიყვანოთ, ჩვენთან გაუჭირდება, ძვალმსხვილი ბავშვიაო. ამას მამაჩემის მეგობრების რჩევაც დაემატა და ძიუდოს დარბაზში აღმოვჩნდი. დედა წინააღმდეგი იყო - ძალისმიერი და სარისკო სახეობააო. თავიდან, მართლაც, მივიღე რამდენიმეჯერ მცირე ტრავმა, მაგრამ... მე და მამამ მაინც ჩვენი გავიტანეთ.

ასაკობრივი ჩემპიონატებიდან ყველაზე უკეთ მახსენდება თბილისის სპორტის სასახლეში გამართული მოსწავლეთა საერთაშორისო ტურნირი. მეცხრე კლასის მოსწავლე ვიყავი, უკვე 188 სანტიმეტრი სიმაღლის. თან, 107 კილოგრამს ვიწონიდი. ექვსი შეხვედრა ჩავატარე და ექვსივე ადვილად მოვიგე. მახსოვს გაზეთ „ლელოში“ გამოქვეყნებული რეპორტაჟი, სათაურით „დაიხსომეთ ეს გვარი“.

ჭაბუკებს შორის ყველა დიდი ტიტული მოვიგე, ახალგაზრდებში კი მხოლოდ ევროპის ჩემპიონი გავხდი, რადგან ეს ასაკობრივი ჯგუფი, ფაქტობრივად, გამომატოვებინეს. ჭაბუკებიდან პირდაპირ ძირითად ნაკრებში აღმოვჩნდი.

ასაკობრივ ტურნირებზე თუ რაიმე პრობლემა შემქმნია, ისევ და ისევ ქართველებისგან. ასაკის გადაკეთება ჩვენთან ჩვეულებრივი ამბავი იყო და ერთხანს, საბჭოთა კავშირის ნაკრების პირველი ნომერი, საქართველოში მესამე ნომრად ვითვლებოდი.

დაჩაგვრის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ქუთაისიდან თბილისში გადასვლაზე ვერ მითანხმებდნენ. ვარჯიშის დედაქალაქში გაგრძელების თაობაზე შემოთავაზებები ლამის ბავშვობიდანვე წამოვიდა. რით არ სცადეს მოვეხიბლე, - საუკეთესო სპორტული და, ზოგადად, საცხოვრებელი პირობების შექმნა, იურიდიულ ფაკულტეტზე მოწყობა, რაც მაშინ უპრესტიჟულესი რამ იყო, - მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიჭირდა. უარი ვთქვი რუსეთის ვარიანტებზეც.

პრინციპულობა, პირველ ყოვლისა, მამის ფაქტორმა განაპირობა. ქუთაისზე საოცრად შეყვარებული კაცი იყო და რა გასაკვირია, რომ მისი ხედვა ჩამომიყალიბდა. ამასთან, ბიჭებიც ერთმანეთთან ვიყავით შეთანხმებული, რომ ქალაქს და ჩვენს დარბაზს არაფრით არ მივატოვებდით.

დიდი ძიუდო

17 წლის ვიყავი, პირველად რომ ვიჭიდავე უფროსებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მინსკში. მძიმე წონაში მხოლოდ მე გავუწიე ღირსეული წინააღმდეგობა აღიარებულ ფალავანს, მსოფლიოს ჩემპიონ გრიგორ ვერიჩევს. შეხვედრა ფრედ დასრულდა და მსაჯებმა „ჰანტეით“ გამარჯვება, როგორც ხშირად ხდება, ტიტულოვან მოჭიდავეს მიაკუთვნეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თვალცრემლიანი ვიჯექი დარბაზში. უცებ ვერიჩევი მოვიდა და მითხრა, არ იდარდო, დღეს ჩემმა სახელმა მოიგო, სინამდვილეში კი შენ გაიმარჯვეო. გადამეხვია.

ჩემი და ვერიჩევის დაპირისპირება სპეციალისტებმაც რეალურად შეაფასეს. ძირითადი ნაკრებისკენ სწორედ იმ ჩემპიონატით გადავდგი პირველი ნაბიჯი.

ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა

ჩემი კუმირი, ისევე როგორც ბევრი ჩემი თანატოლის, აკაკი კიბორძალიძე იყო. ხომ გაგიგიათ გამოთქმა ,,თაობა ზრდის თაობას“. ქუთაისში ზუსტად ასე ხდებოდა. კიბორძალიძე ჩემზე ცხრა წლით უფროსი იყო. მასთან ვარჯიშით ძალიან დიდი სკოლა გავიარე. არაერთხელ დავჭიდებივარ, ოფიციალურად კი ტატამზე მხოლოდ ერთხელ შევხვდი. 80-იანი წლების ბოლოს მოსკოვში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე დავუპირისპირდით ერთმანეთს. რა დამავიწყებს, შებოჭვით მოვუგე. სპორტსმენთა ერთი ჯგუფი სასტუმრო „უშბაში“ ვცხოვრობდით. დარბაზიდან სასტუმროში რომ მივედი, ბიჭებმა მითხრეს, არ გვეგონა კიბორძალიძეს თუ აჯობებდიო. არ მომიგია, დამითმო-მეთქი, რომ ვუთხარი, თქვეს, ასეც ვიფიქრეთო. ცოტა ხანში კაკოსთვის უთქვამთ, ყველაფერი გავიგეთ, შეხვედრა დაგითმია, თავად დათომ გვითხრაო. საღამოს კიბორძალიძე მოვიდა, გადამეხვია, კაი კაცი ხარო“.

დამოუკიდებლობა

„1990 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად ქალაქ ფეოდოსიაში გავდიოდი შეკრებას. გაფართოებულ გუნდში ქართველები ბლომად ვიყავით. ერთ დღეს თბილისიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, ქართულმა ძიუდომ დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს ფუნქციონირება და საბჭოთა შეკრება მიატოვეთო. მეორე დილითვე წამოვედით. კარგად მახსოვს, სამი ტაქსი დავიქირავეთ. ჩვენზე ამაყი მაშინ არავინ იყო.

მალე მივხვდით, ყველაფერი მთლად ისე ვერ იყო, როგორც გვეგონა. დამოუკიდებელი დროშის ქვეშ ჭიდაობის პერსპექტივა კი არა, ქვეყანაში, ზოგადად, სპორტისთვის არავის ეცალა. დიდი ჩავარდნა დაიწყო. აღარც შეკრებები, აღარც ტურნირები და ჩემპიონატები... უკვე ინდივიდუალურად ვარჯიშიც გვიჭირდა, ყველაფრის ხალისი დაკარგული გვქონდა, რადგან ამ მომზადების იქით არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ებრაელი ვლადიმერ კაპლინი აღმოჩნდა - ძველი გუნდის კანდიდატ ქართველ ძიუდოისტებს შეგვეხმიანა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდის სახელით ჭიდაობა შემოგვთავაზა, თან განგვიმარტა, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშით გამოხვალთო. ამის გარეშე არც დავთანხმდებოდით, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული თვალსაზრისით სხვა ნათელი წერტილი საერთოდ არ არსებობდა. კაპლინს კი ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა - კარგი შედეგი.

საწვრთნელი შეკრება გავიარე, ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრე და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ევროპის პრიზიორი გავხდი. საქართველოში დაბრუნებული, ლამის ერის მოღალატედ გამომაცხადეს. არადა, ტურნირზე ჩვენი დროშით გამოვედი და გაჩემპიონების შემდეგ დარბაზში საქართველოს ჰიმნი დაუკრეს. ჩემზე ბედნიერი იმ მომენტში არავინ მეგონა მსოფლიოში, მაგრამ სამშობლოში რატომღაც სხვაგვარად ფიქრობდნენ...

მოულოდნელი და დამამცირებელი შეფასების მიუხედავად, 1991 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც ვიჭიდავე, ცხადია, ისევ საქართველოს დროშით. მეორე ადგილზე გავედი და... საქართველოში დაბრუნებულმა მორიგი საშინელი „კომპლიმენტები“ მივიღე. არ მესმის, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, კარიერა დამესრულებინა? იმ ჩემპიონატების გარდა ხომ ჩემთვის და, საერთოდ, ყველა ქართველი ძიუდოისტისთვის არც ერთი სპორტული შეჯიბრება არ არსებობდა.

რესტორნიდან ოლიმპიადაზე

„ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიური თამაშები ახლოვდებოდა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდის რიგებში მოხვედრა იმ დროს სამთავრობო წრეებში უკვე სირცხვილად აღარ ითვლებოდა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ბარსელონაში წამსვლელ ერთიან ნაკრებში ქართველებიც უნდა შევსულიყავით. საბჭოთა კავშირის ნაცვლად, ესპანეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გაერთიანებულ გუნდს უნდა ეასპარეზა, ოღონდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს სპორტსმენებზე კვოტები ჰქონდათ დაწესებული. ძიუდოში ქართველებს მხოლოდ ერთი ადგილი დაგვითმეს, მაგრამ კონკრეტულად რომელი წონითი კატეგორია, წინასწარ არ ვიცოდით. მძიმე წონაში რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონი სერგეი კოსოროტოვი ჰყავდა და ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ ოლიმპიადაზე ჩემ წაყვანაზე სიტყვასაც არავინ ჩამოაგდებდა, მიუხედავად იმისა, რომ კოსოროტოვთან პირად შეხვედრებში არასოდეს არ წამიგია. თან, ის იმ პერიოდში მთელი სერიოზულობით უდგებოდა საქმეს, აქტიურად ემზადებოდა და ძირითადად დროს შეკრებებსა და ტურნირებზე ატარებდა, მე კი თითქმის აღარ ვვარჯიშობდი. მოტივაცია მაკლდა და, ალბათ, ამიტომაც...

ოლიმპიადამდე ერთი თვეც არ იყო დარჩენილი. ქუთაისში რესტორანში ვიჯექი მეგობრებთან ერთად. თამადა ვიყავი. ჩემმა უსაყვარლესმა მწვრთნელმა, ომარ მერაბიშვილმა, მომაკითხა, არიქა, ოლიმპიადის შანსი გვეძლევაო. რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. რესტორანში შევიპატიჟე. კინაღამ გაგიჟდა, სასწრაფოდ წამოდიო.

დილით უკვე სახლში მომადგა და... მამაჩემის დახმარებით დამიყოლია. წავედით თბილისში ცოტა ხნით სავარჯიშოდ. შეკრება პირობითად ერქვა, თორემ, სინამდვილეში, მიზეზი სულ სხვა იყო - მწვრთნელმა ქუთაისს გამარიდა. თბილისიდან მოსკოვში გადავფრინდით. რუსეთის სპორტის შეფი, რუსაკი, და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმებულან, რომ ჩვენი ქვეყნიდან ყველა სახეობაში რამდენიმე სპორტსმენი წავიდოდა ოლიმპიურ თამაშებზე. ძიუდოში კანდიდატად მე, გიორგი ვაზაგაშვილი და ვლადიმერ დგებუაძე მიგვიჩნიეს.

პოდოლსკის სპორტულ ცენტრში კოსოროტოვთან საკონტროლო შეხვედრა მომიწყვეს. მოვუგე. სწორედ იმ შეხვედრის შედეგი უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი, მაგრამ საოლიმპიადო განაცხადში რატომღაც მაინც რუსი შეიყვანეს. იქ კი უკვე სამთავრობო დონეზე დაიწყო ხელახალი მოლაპარაკებები და ბარსელონის განაცხადში ჩამწერეს. ოლიმპიურ ტატამზე გასვლამდე 18 დღე რჩებოდა...

დასკვნითი შეკრება პოდოლსკში გავიარე. ომარ მერაბიშვილი ერთი წამით არ მშორდებოდა. ლამის თავისი ხელით მაჭმევდა. ეშინოდა საჭმელში რამე არ ჩაეყარათ და დოპინგ-სკანდალით არ დავეტოვებინეთ ოლიმპიურ განაცხადს მიღმა“.

იაპონური საჩუქარი და ქართული მომჭირნეობა

ბარსელონის ოლიმპიადაზე, ფინალის გზაზე, „სენეგალელ, კუბელ, პოლონელ და უნგრელ მეტოქეებს მოვუგე. გადამწყვეტი შეხვედრისთვს ვემზადებოდი. იაპონელ ნაოია ოგავასთან უნდა მეჭიდავა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონთან, რომელსაც, 1987 წლიდან მოყოლებული, წაგება არ ჰქონდა.

დარბაზში ერთი კუთხე ამოვიჩემე. იატაკზე ვჯდებოდი და ვისვენებდი. ვცდილობდი შეჯიბრზე საერთოდ არ მეფიქრა. დამლაპარაკებელი ისედაც არავინ მყავდა. უცებ მოვიდა 50 წლამდე ასაკის უცხო კაცი. გამეცნო, მე იაპონელი ვარო, მაგრამ ფინალში შენ გგულშემატკივრობო. თან კონვერტი გადმომცა, სტარტამდე წვენი იყიდეო. კონვერტში 300 დოლარი იდო. ამ ჟესტით, უბრალოდ, სტიმული მომცა, თორემ, ჯერ ერთი, ამხელა თანხა რაში მჭირდებოდა და, მეორე და მთავარი, სპორტსმენებისთვის წვენი უფასო იყო. დროებით დამემშვიდობა. ჩემპიონი რომ გახდები, გნახავო. ცოტა უცნაური კი იყო, რადგან ფინალში სწორედ იაპონელს ვხვდებოდი.

ოგავა უპირობო ფავორიტად იყო მიჩნეული. მე თუ ამბის მკითხავი არავინ მყავდა, მას მუდმივად ოცკაციანი ამალა დაჰყვებოდა უკან. ფინალის დაწყებამდე ორი საათით ადრე დარბაზში გასახურებლად გამოვიდა. ჩემს კუთხესთან რომ გამოიარა, გამომხედა. წამით შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს და მაშინვე თვალი ამარიდა. ჩამეცინა, ეშინია-მეთქი. ალბათ, ჩემს თავს შთავაგონე, თორემ საიდან უნდა მცოდნოდა, მართლა ასე იყო თუ არა. ამ დასკვნამ ჩემს განწყობაზე ძალიან კარგად იმოქმედა. ჭიდაობის დაწყებისთანავე შევნიშნე, რომ ოგავა მართლა ზედმეტად ღელავდა. ფსიქოლოგიურად ბევრად უკეთესად ვიყავი. წუთსა და ოთხ წამში მოვუგე. ჯერ იყო და იპონი მსაჯმა ვაზარით შემიფასა, შემდეგ კი ისევ ბეჭებზე დავაგდე და შევბოჭე. როგორც მერე მითხრეს, ოგავას უთქვამს, ერთ შეხვედრაში სამჯერ წავაგე სუფთადო.

თბილისში დაბრუნებული ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დამაჯილდოვეს. წინასწარი დაპირების თანახმად, ფულადი ჯილდოც უნდა გადმოეცათ - 5 ათასი დოლარი, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოში გაიგეს, რომ რუსებმა თანამეგობრობის გუნდის ყველა ოლიმპიური ჩემპიონი 3-3 ათასი დოლარით დაგვაჯილდოვეს, მხოლოდ 2 ათასი დამიმატეს“.

ატლანტა - 1996 - ქართული სპორტის შავი ლაქა

„ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის რანგში უნდა მეჭიდავა. კარგ სპორტულ ფორმაში ვიყავი და ისევ უმთავრეს ფავორიტად ვითვლებოდი. თან მოტივაციაც ისეთი მქონდა, წინ ვერავინ დამიდგებოდა. ოლიმპიადაზე საქართველო პირველად უნდა გამოსულიყო დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით.

ატლანტა-96 ჩემი სპორტული კარიერის პიკი უნდა გამხდარიყო, მაგრამ... სწორედ მან დამინგრია მთელი კარიერა. ტატამზე რომ გავსულიყავი და სასირცხვილოდ წამეგო, გაცილებით მსუბუქი დარტყმა იქნებოდა ჩემთვის, ვიდრე ის, რაც მოხდა...

შეჯიბრების დაწყებამდე ერთი დღით ადრე კენჭისყრა გაიმართა. მას ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ბერდია გუგავა დაესწრო. რომ დაბრუნდა, ვკითხე, ვის ვხვდები-მეთქი და არაფრით არ გამიმხილა. კარგა ხნის თხოვნის მერე, როგორც იქნა, სატურნირო ბადე მაჩვენა. გაოგნებული დავრჩი. წილისყრის ჩატარებამდე ჩემთვის რომ ეთხოვათ, სასურველი ბადე დახაზეო, ასე უნამუსოდ ვერ გავბედავდი შევსებას. ყველა ძლიერი ძიუდოისტი ბადის მეორე მხარეს მოხვედრილიყო, მე კი ფინალამდე ისეთები მხვდებოდნენ, წაგების შანსი არ არსებობდა. სამწუხაროდ, მედალი ისე დავკარგე, კიმონო ერთხელაც არ ჩამიცვამს. ბადიდან შეჯიბრების დაწყებამდე ერთი საათით ადრე ამომშალეს, აწონაზე გამოუცხადებლობის გამო.

მძიმეწონოსანი ძიუდოისტები ტატამზე 20 ივლისს უნდა გავსულიყავით, დილის ათის ნახევრიდან. იქამდე ყველა მონაწილეს, ტრადიციულად, აწონის პროცედურა უნდა გაევლო შვიდიდან რვა საათამდე.

შვიდის ნახევრისთვის უკვე ჩვენს კორპუსთან მდგომ ელექტრომობილში ვიჯექი ნაკრების მწვრთნელ ბერდია გუგავასთან ერთად. ელექტრომობილს ავტობუსების გაჩერებამდე უნდა მივეყვანეთ. ჩვენი ავტობუსი მეთორმეტე ზონიდან გადიოდა. შვიდს უკლდა წუთები, ბაქანზე ვიდექით და დარბაზისკენ მიმავალ ტრანსპორტს ველოდებოდით. უცებ ჩოჩქოლი ატყდა. პოლიციელები ნაღმს ეძებდნენ. დაახლოებით ნახევარსაათიანი უსაფუძვლო პანიკის შემდეგ, როგორც იქნა, მოაყენეს ავტობუსი და შვებით ამოვისუნთქეთ. გაჩერებიდან დარბაზამდე რვა-ათი წუთის გზა იყო და თავისუფლად ვასწრებდით.

დარბაზში რამდენიმე წუთში მივედით, მაგრამ… იქ არავინ დაგვხვდა. ვიღაცამ გვითხრა, აწონა სხვაგანაა, აქ არ უნდა მოსულიყავითო, ოღონდ სად სხვაგან, იქ მყოფთაგან არავინ იცოდა. ისევ ავტობუსებისკენ გავიქეცით, ჩვენი მძღოლი მოვძებნეთ და ხვეწნა დავუწყეთ, სასწრაფოდ უკან წავეყვანეთ. ჩვენი შეშლილი სახეები რომ დაინახა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე. დაქოქა ავტობუსი, გამოვარდა რიგიდან და გაგვაქანა ოლიმპიური სოფლისკენ. გზაში ერთმანეთს ვამშვიდებდით, რომ ღმერთი არ გაგვწირავდა.

რვას უკლდა სამი წუთი, ისევ ოლიმპიური სოფლის გაჩერებაზე რომ მივედით. ნაცნობი ვერავინ ვნახეთ და გავიქეცით კორპუსებისკენ. ბერდიას ვუთხარი, სასადილოში შევიხედოთ, ვინმე ჩვენიანი იქნება-მეთქი. იქ ქართველებს ვერა, მაგრამ კალეტკინს კი გადავეყარეთ, რუსების მწვრთნელს. უთქმელად მიხვდა, რა დღეში ვიყავით. ასაწონი ოთახი აქვეა, სამედიცინო ცენტრში, სუვენირების მაღაზიის გვერდითო.

ზუსტად თორმეტი წუთი დავაგვიანეთ. ცხრის თორმეტ წუთზე მივედით და... კარი დაკეტილი დაგვხვდა.

გაცოფებული ვიყავი. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. რა მეთქვა ჩემი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის. მე დავაღალატე ჩემი ქვეყანა და ყველა, ვინც ჩემგან გამარჯვებას ელოდა. დავაღალატე საკუთარი თავიც. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ბრალიც იყო, მაგრამ ასეთ რამეს ვერაფრით ვიფიქრებდი. ზღაპარში ვიყავი. ყველაფერი დასრულდა. ერთმა საათმა ყველაფერი დაიტია: იმედი, ეჭვი, შიში, სასოწარკვეთა, გულისწყრომა... მერე გინებაც იყო, მუქარაც და ხელის მოქნევაც.

ძიუდოისტთა გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა ამ სახეობაში საორგანიზაციო საკითხთა მოგვარება, თავს იმართლებდა - ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის კოორდინატორმა პირადად მითხრა, რომ სპორტსმენების აწონა შეჯიბრების დარბაზში უნდა გამართულიყოო.

კოორდინატორი ადასტურებდა, რომ მართლა შეხვდა ძიუდოისტთა გუნდის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, გადასცა სპეცბიულეტენი და რუკაზე ფლომასტერით მოუხაზა საცხოვრებელი, სავარჯიშო და შეჯიბრების ადგილები. სქემაზე მოუნიშნა ასევე ავტობუსის ბაქანიც. მიიყვანა საინფორმაციო ცენტრში და აჩვენა ადგილი, სადაც უნდა მიეღოთ ყოველდღიური დამატებითი ინფორმაცია. აწონის ადგილის შესახებ კი საერთოდ არ გვისაუბრია და რახან კითხვაც არ დაუსვამს, ვიფიქრე, რომ ამის გარკვევა საჭირო არც იყოო, ამბობდა კოორდინატორი.

აბსოლუტურად განადგურებულს თანაგრძნობაც კი არავისგან მიგრძვნია. ალბათ, ყველას თავისი თავის შეეშინდა. ერთადერთი კაცი, ვინც მომხდარი საკუთარ თავზე აიღო, ბერდია გუგავა იყო. არადა, სინამდვილეში, აბსოლუტურად უბრალო იყო. უმთავრესი მიზეზი ყველამ კარგად ვიცოდით - ქართული არაორგანიზებულობა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება. მარტივ მაგალითს მოვიყვან. სასტუმროს ერთ კუთხეში სპეციალური ყუთები იდგა, რომლებსაც ქვეყნების სახელები ეწერა და ორგანიზატორები ამ ქვეყნების დელეგაციებისთვის საჭირო ინფორმაციას იმ ყუთებში ათავსებდნენ. ქართველებისთვის განკუთვნილ ყუთში წერილები რომ აღარ ეტეოდა, დაბლა ეყარა.

რახან ბერდია გუგავამ ასეთი თამამი ნაბიჯი გადადგა, უცებ ყველამ მას შეაწმინდა ხელი. იმის მერე ბერდიას ვთხოვე, ჩემი შვილის ნათლია გამხდარიყო.

მოგვიანებით ისეთი რამ გავიგე, ბოლომდე გავნადგურდი. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აწონაზე ვერ მივასწარით, შეჯიბრების დაწყებამდე ერთ საათზე მეტი კიდევ რჩებოდა და თურმე საქმის გამოსწორების შანსიც არსებობდა. უბრალოდ, ბრძოლა უნდა გაგვეგრძელებინა.

პრეცედენტიც არსებობდა: იმავე ოლიმპიადაზე - მას შემდეგ, რაც ირლანდიელებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გამონაკლისის დაშვების თხოვნით მიმართეს - ირლანდიელ მოცურავეს დართეს ნება ორი დღის დაგვიანებით გაევლო შერჩევა. ჩვენი გასაჭირის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის არავის უცნობებია. შეიძლება თხოვნა არც დაეკმაყოფილებინათ, მაგრამ... ჩვენს დელეგაციაში, უბრალოდ, არ აღმოჩნდა კაცი, ვინც ამ ხავსს მოეჭიდებოდა.

ძიუდო ჩემთვის ატლანტის ოლიმპიადით დამთავრდა. არადა, ჯერ 25 წლის ვიყავი. გადიოდა დრო და ყველაზე მეტად გული იმაზე მტკიოდა, რომ საქართველოში ძიუდოს დიდი ოჯახის წევრადაც აღარ მთვლიდნენ.

ჩემს მედლების კოლექციას მსოფლიოსა და ევროპის, დაახლოებით, სამ-სამი და მინიმუმ ერთი ოლიმპიური ოქრო დავაკელი. მტკიცებულებად ფრანგი დავიდ დუიეს შემდგომი წარმატებების ჩამონათვალიც მეყოფა. მას შემდეგ, რაც კარიერა დავასრულე, დუიე დიდხანს იყო მძიმე წონის თითქმის უკონკურენტო ლიდერი. ამ ფრანგ ძიუდოისტთან ჭიდაობა არასოდეს მიჭირდა და პირადი შეხვედრების შედეგებით დიდი უპირატესობა მქონდა.

ნეტავ ოცი წლით გვიან დავბადებულიყავი! ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. ძალიან ცუდ პერიოდში მომიხდა ჭიდაობა და ბევრად ნაკლებს მივაღწიე, ვიდრე უნდა მიმეღწია. ბევრჯერ დავიჩაგრე. გულიც ბევრჯერ მეტკინა!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG