Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალისთვის ემზადებიან


ქუთაისი 30-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო საოპერო ფესტივალს, რომელშიც 4 ქვეყნის საოპერო მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. 16 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამოვლენ თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრე კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე, აკაკი იოსელიანი და დავით ღვინიანიძე.

ფესტივალის საბაზო კოლექტივს წარმოადგენენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი. ფესტივალის იდეის ავტორია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი დავით ღვინიანიძე. ფესტივალი ქუთაისის ოპერის თეატრის 50-ე სეზონს დაემთხვა, რომელიც დღეს, 14 სექტემბერს, პრემიერით - პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებით“ - გაიხსნება.

დავით ღვინიანიძის განცხადებით, ფესტივალს დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ქალაქის მუსიკალური საზოგადოება: „ ეს არის საოცრება, რომელიც თავდაუზოგავი შრომის შედეგად შედგება და წარმატებით ჩაივლის. მასში მონაწილეობენ მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო ვარსკვლავები და გვიხარია, რომ ქუთაისი უმასპინძლებს მათ“. დავით ღვინიანიძისავე განცხადებით, საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში გაიმართა და წელს გალა კონცერტში მონაწილობას მიიღე.ს მაშინდელი ფესტივალის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ტენორი ვლადისლავ პიაფკო.

როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის სოლისტმა, რაულ მელომ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, საქართველოს შესახებ მეგობრებისგან შეიტყო და მოხარულია, რომ ფესტივალში მონაწილეობს: „მე უკვე გავიარე რეპეტიცია ოპერის თეატრის დასთან და დიდი სიამოვნება მივიღე საორკესტრო შესრულებით. ფესტივალი გაიხსნება „ჯამბაზებით“, რომელშიც მე შევასრულებ კანიოს პარტიას და ნედას პარტიას იმღერებს თამარ ივერი“.

ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის შეფასებით, თეატრის 50-ე სეზონის გახნის პარალელურად საერთაშორისო საოპერო ფესტივალის დაფუძნება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რითაც განსაკუთრებულია წლევანდელი წელი.

ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალის დამფუძნებლები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე და ქართველ მომღერალ დავით ღვინიანიძის საერთაშორისო ფონდი „მსოფლიო ტალანტები“. საოპერო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის სოლისტის, რაულ მელოს, მასტერ-კლასი. ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილია ლეონკავალოს „ჯამბაზები“ და „სოფლის ღირსება“ და ვერდის „ტრავიატა“. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კამერული მუსიკის საღამო. პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ქუთაისში გალა კონცერტით დასრულდება 22 სექტემბერს. სპექტაკლებს უდირიჟორებს რევაზ ჯავახიშვილი, გალა კონცერტს კი მასთან ერთად ლევან ჯაგაევი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG