Accessibility links

ქუთაისში 20 ივნისის 1 წლის თავზე ორი აქცია გაიმართა


საპროტესტო აქცია, ქუთაისი, 20 ივნისი, 2020 წ.

ქუთაისში, ბალახვნის 100-საფეხურიან კიბესთან, 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებდან ერთი წლითავზე გაიმართა საპროტესტო აქცია -„ერთი წლის თავზეც სირცხვილია“. აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"დღეს, ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება შეიკრიბა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები დაგმოს. რუსეთი არის საქართველოს მტერი და ჩვენ არ შევეგუებით საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციაში არსებულ რუსულ ინტერესებს და გავლენებს. 20 ივნისი არის იმის სიმბოლო, რომ ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება რუსულ ოკუპაციას," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აკაკი საღინაძემ.

საპროტესტო აქცია, ქუთაისი, 20 ივნისი, 2020 წ.
საპროტესტო აქცია, ქუთაისი, 20 ივნისი, 2020 წ.

პარალელურად, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, აქცია-მსვლელობა გამართეს ოპოზიციური გართიანების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა."ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი"-ამ ლოზუნგით მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და მსვლელობით 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალისაკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები "გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის თავზე რუსულ ოკუპაციას კვლავ აპროტესტებენ. მათი განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, ის პირები, რომლებმაც ძალით გამოყენებით აქცია დაარბიეს, კვლავ დაუსჯელები არიან.

2019 წლის 20-21 ივნისის აქციის შესახებ:

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა დასამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლები, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ პარლამენტის შტურმის მცდელობად შეაფასა და გვიან ღამით აქცია ცრემლმდენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

აქციის დაშლისას დაშავდა 275 ადამიანი - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები. მათგან 28-ს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. აქციაზე რეზინის ტყვიით მიღებული ტრავმის შედეგად ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, კიდევ ორმა დაკარგა მხედველობა ცალ თვალში;

ღამით ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციის 100-ობით მონაწილე დააკავეს; რამდენიმეს მათ შორის მოგვიანებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა წაუყენეს ბრალად.

გამოძიება დაიწყო სამართალდამცველების მხრიდან "უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების" ფაქტებზეც.

პროკურატურამ დაზარალებულად ცნო შსს-ს 78 თანამშრომელი და 7 სამოქალაქო პირი. აქციის ღამეს დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს ფონდი„ქართუ“ ფარავს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

აქციის შედეგად გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე. შინაგან საქმეთა მინისტრი თვეების შემდეგ პრემიერ-მინისტრი პოსტზე დაწინაურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG