Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა ფაშინიანს მთაწმინდაზე ვახშამზე უმასპინძლა


ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მთაწმინდაზე
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მთაწმინდაზე

საქართველოს მთავრობის პრესცენტრის ცნობით, ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, პარასკევს, 26 იანვარს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა.

„ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს“, - აცხადებენ მთავრობის პრესცენტრში.

ამავე წყაროს თანახმად, „პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარასკევს, 26 იანვარს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია თბილისს და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან. მის დღის წესრიგში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო:

  • შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი;
  • სასაზღვრო-საბაჟო პუნქტების მუშაობის ოპტიმიზაცია;
  • სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია;
  • „მშვიდობის გზაჯვარედინის“ წახალისება.

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის პარალელურად, პარასკევს, საღამოს საათებში, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობამ მას არ მისცა შესაძლებლობა, შეხვედროდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს და მისთვის ემასპინძლა.

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში“, - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.

„ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“, - წერია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG