Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველდღიური გამოწვევები


ტრანსგენდერი ქალისთვის ყოველდღიური გამოწვევები იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, ტრანსთემისთვის ეს ან ძნელად მოსაპოვებელია, ან საერთოდ ხელმიუწვდომელი.

#5 - ყოველდღიური გამოწვევები
please wait

No media source currently available

0:00 0:04:10 0:00
გადმოწერა

მაგალითად, თუკი 1 ლარი გაქვს და ხარ ჰეტეროსექსუალი, გეი, ლესბი ან ბისექსუალი, ამ 1 ლარით შეგიძლია იმგზავრო დანიშნულების ადგილამდე და უკანაც დაბრუნდე, იმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

მაგრამ თუ ტრანსგენდერი ხარ და მგზავრობა გიწევს, თან მინიმუმ 20 ლარი უნდა გქონდეს, ტაქსის ფული, რადგან თუ მეტროში ჩახვალ, იქიდან შეიძლება ცოცხალი ვერ ამოხვიდე.

თუ ჰეტეროსექსუალი ხარ, შენ შეძლებ ისარგებლო საბითუმო ბაზრობებით, რაც ეკონომიურია. ტრანსგედნერისთვის კი ესეც შეუძლებელია, რაგდან იქ დასაქმებული ხალხი მწვავე აგრესიით გამოირჩევა.

მახსოვს, 2 წლის წინ საზამთროს ქერქები შემოგვაყარეს მე და ჩემს მეგობარს, ქალები წყევლა-კრულვით გვავსებდნენ.

ამიტომ, ტრანსგენდერი ქალი იძულებულია რომელიმე ქსელურ მარკეტში შევიდეს და პროდუქტები ძვირად შეიძინოს. კერძო მაღაზიაში შეიძლება პურიც ვერ იყიდო, რადგან არავინ მოგემსახურება. კარგად არც მარკეტებში გვხვდებიან, მაგრამ იქ პირდაპირ შეურაცხყოფას მაინც არ გაყენებს არავინ.

კონსულტანტების დამცინავ სახეს ხედავ და თუ ჰკითხავ, რატომ დაგცინის, ცინიკურად გიპასუხებს, რომ რაღაც ანეკდოტი გაახსენდა და იმაზე იცინის და არა შენზე.

უფრო მეტად რთულდება საქმე, როდესაც ბინის დაქირვებას ცდილობ. მეპატრონეთა უმრავლესობას მიგზავნილი ჰგონიხარ. პირდაპირ ვერ გეუბნება, რომ ტრანსფობიური ნიშნით არ მოგაქირავებს ბინას, თუმცა მეორე დილით თუ დაურეკავ, გეტყვის, რომ ბინაში თავისი ნათესავი შეუშვა, ან აღარ აქირავებს, ან დაპირებული იყო და ასე შემდეგ.

ამიტომ ბინის პოვნას ხანდახან 3-დან 5 თვემდე ვანდომებთ ხოლმე. კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს - ბინა თუ 500 ლარი ღირს, მეპატრონეს გაორმაგებული თანხა შესთავაზო, იმიტომ რომ, უბრალოდ, ტრანსგენდერი ქალი ხარ.

ვთქვათ, გამოიძახე სასწრაფო. დაგინახეს, რომ ტრანსგენდერი ქალი ხარ. ცდილობენ 5 ხელთათმანი გაიკეთონ და ისე გაგიზომონ წნევა, თითქოს ადამიანი კი არა, უცხოპლანეტელი იყო.

ეს ყველაფერი დამამცირებელია და ასეთი განწყობის ექიმი ავადმყოფს კიდევ უფრო ავად გახდის.

უბანში შეგროვილი ბიჭების წინ ჩავლას და საკვების საყიდლად მაღაზიაში წასვლას თქვენ თავისუფლად შეძლებთ, ჩვენ კი, ტრანსგენდერ ქალებს, იქამდე მოგვიწევს მშიერი ყოფნა, სანამ უბნის ბიჭები არ დაიშლებიან. თუ მაინც გაბედავს და მათ ჩაუვლის, დიდი შანსია, იქიდან დასახიჩრებული დაბრუნდეს.

ჩვენ მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა და ფაშისტური დამოკიდებულება ჩვენს ფსიქიკას ანგრევს. თავს გარიყულად ვგრძნობთ. და ეს მაშინ, როცა არაფერი დაგვიშავებია.

მე ტრანსგენდერი ქალი ვარ და ძალიან მენატრება პარკებში სეირნობა, მენატრება ზღვაზე გარუჯვა და ბანაობა, მენატრება ძაღლის მოვლა, მაგრამ ვერ ვიყოლიებ, რადგან ქუჩაში ვერ გავასეირნებ.

ბევრი რამ, რაც თქვენთვის დღის რუტინაა, ჩვენთვის, უბრალოდ, შეუძლებელია. დააფასეთ ყოველი მზის სხივი, რომელიც მე ასე ძალიან მენატრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG