Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავი ჭირი, იზოლაცია და საერთაშორისო შეშფოთება - რა ხდება ირკუტსკში ლაბორანტის სიკვდილის შემდეგ

ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია
ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია

ირკუტსკში 28 წლის ლაბორანტის გარდაცვალების შემდეგ იზრდება შიში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების გამო: ათობით ადამიანი იზოლაციასა და კარანტინია. ვითარებას აკვირდება აშშ-ის ადმინისტრაცია. ვაშინგტონში რუსეთთან მოგზაურობის შეზღუდვაზე საუბრობენ.

2 ოქტომბერს ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომლის, დარია შიპილოვას, გარდაცვალების შემდეგ ამ დაწესებულების 60-ზე მეტ თანამშრომელს შენობის დატოვება აუკრძალეს და გამოუცხადეს, რომ იზოლაციაში იმყოფებიან. პარალელურად, რადიო თავისუფლების პროექტის, „სიბირ.რეალიის“ წყაროების ინფორმაციით, მედიასა და ტელეგრამის არხებში გავრცელდა ვერსიები შავი ჭირით ინფიცირებისა და ლაბორატორიაში შესაძლო ავარიის შესახებ. რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უწყება („როსპოტრებნადზორი“) ამ ინფორმაციას უარყოფს. უწყების განცხადებით, შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა, მას ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოაჩნდა და ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

ამის მიუხედავად, ირკუტსკის N1 საქალაქო კლინიკური საავადმყოფოსა და ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს პაციენტებმა „სიბირ.რეალიის“ განუცხადეს, რომ დაწესებულებებში კარანტინია - მათთან ნათესავებს არ უშვებენ, შიგნით მყოფ ადამიანებს კი გამოსვლის უფლებას არ აძლევენ. ადგილობრივი მედია ასევე იუწყება ქალაქის N3 და N10 საავადმყოფოებსა და სულ მცირე ერთ სამშობიაროში დაწესებული კარანტინის შესახებ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ქალაქ შელეხოვოში მდებარე ირკუტსკის ალუმინის ქარხანაში 3 ოქტომბრიდან შემოიღეს პირბადის ტარების რეჟიმი.

2 ოქტომბერს გარდაცვლილი დარია შიპილოვას ყოფილი კოლეგები და თანაკურსელები ამბობენ, რომ ინსტიტუტში ბიოლოგიური უსაფრთხოების მკაცრი წესები მოქმედებდა. ერთ-ერთი ყოფილი თანაკურსელის თქმით, შავი ჭირის საწინააღმდეგო აცრას იმ სტუდენტებსაც კი უკეთებდნენ, რომლებიც „უსაფრთხო ზონაში“ გადიოდნენ პრაქტიკას.

დარია შიპილოვა
დარია შიპილოვა

„სკამებზე სძინავთ“

2 ოქტომბრიდან „როსპოტრებნადზორმა“ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები კარანტინში მოათავსა ტრილისერის ქუჩა N78-ში მდებარე ინსტიტუტის შენობაში. ამის შესახებ „სიბირ.რეალიის“ აცნობა ორმა დამოუკიდებელმა წყარომ.

„პარასკევიდან ყველა იზოლაციაში ჩაკეტეს. 60-ზე მეტი ადამიანია - არცერთს დადებითი ანალიზი არ აღმოაჩნდა. იატაკზე, სკამებზე სძინავთ. საწოლები, რა თქმა უნდა, არ აქვთ. ნათესავების მიერ პროდუქტებით გაგზავნილი ამანათები გამშვები პუნქტის გავლით შეატანინეს“, - ამბობს ინსტიტუტის ერთ-ერთი თანამშრომლის ნათესავი რომანი.

2 ოქტომბერს ირკუტსკში ჩავიდა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი და რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი ანა პოპოვა, რომელიც მონაწილეობდა ოლქის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კომისიის საგანგებო სხდომაში. პოპოვამ განაცხადა, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ ღონისძიებების სრული კომპლექსი ტარდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დროისთვის გამოვლენილი ყველა კონტაქტში მყოფი პირი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.

დარია შიპილოვას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიტყვა „შავი ჭირი“ პირველმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა, მეზობელი ბურიატიის ხელმძღვანელმა ალექსეი ციდენოვმა გამოიყენა. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიის თანახმად, შიპილოვა დაავადებამდე ცოტა ხნით ადრე, სავარაუდოდ, ბურიატიაში იმყოფებოდა.

2 ოქტომბერს ციდენოვმა დაწერა: „როსპოტრებნადზორისა" და ბურიატიის რესპუბლიკის მთავრობის მონაცემებით, ქალი, რომელიც ირკუტსკის ოლქში შავი ჭირით გარდაიცვალა, ბურიატიაში არ ჩამოსულა“.

ამ პოსტით ციდენოვმა უარყო რესპუბლიკაში დაავადების შესაძლო კერის შესახებ გავრცელებული ცნობები. მისი თქმით, ბურიატიაში, მათ შორის მონღოლეთის საზღვართან, ჭირის კერები არ არსებობს და „ინფიცირების წყარო სხვა გარემოებებია, რომლებიც ბურიატიასთან დაკავშირებული არ არის“.

მოგვიანებით ციდენოვმა პუბლიკაცია ჩაასწორა და მასში გაჩნდა ფორმულირება: „ქალი, რომელიც შესაძლოა ჭირით გარდაიცვალა“.

ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

მედიასა და ტელეგრამის არხებში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვამ სამსახურში შემთხვევით გატეხა სინჯარა, რომელშიც ჭირის გამომწვევი ბაქტერია იყო და მომხდარის შესახებ არ განაცხადა. ამ ვერსიის დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს. 4 ოქტომბერს კი „როსპოტრებნადზორმა“ ფაქტობრივად უარყო ეს ვერსია და განაცხადა, რომ სპეციალურმა კომისიამ ინსტიტუტში პათოგენურ მიკროორგანიზმებთან მუშაობისას ავარიული შემთხვევა ვერ გამოავლინა.

ინსტიტუტის თანამშრომლების თქმით, დარია შიპილოვა ბოლოს ინსტიტუტში 25 სექტემბერს იმყოფებოდა. 29 სექტემბერს კი ის შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოფიციალური ვერსიით, მძიმე პნევმონიის დიაგნოზით.

„ნათესავები ამბობენ, რომ ექიმები ბოლო მომენტამდე მის სიმპტომებს კოვიდის მძიმე ფორმად მიიჩნევდნენ, ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს, ანტიბიოტიკები კი ძალიან გვიან დაუწყეს, ხოლო 2 რიცხვიდან შელეხოვის საავადმყოფოს მთელი სტაციონარი კარანტინში ჩაკეტეს და იქ მყოფი 114 პაციენტიც არ გამოუშვეს“, - ამბობს დარიას ყოფილი კოლეგა მიროსლავა.

შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში შეზღუდვების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის საღამოს გავრცელდა - მანამდე, სანამ შიპილოვას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდებოდა. მეორე დღეს რეგიონის ხელისუფლებამ კარანტინი დაადასტურა. ამასთან, ირკუტსკის ოლქის გუბერნატორი იგორ კობზევი 2 ოქტომბერს მხოლოდ „განსაკუთრებით საშიში ინფექციის“ ეჭვზე საუბრობდა (სავარაუდო დიაგნოზის დასახელების გარეშე). არადა, გამოცემა „ლიუდი ბაიკალას“ წყაროს თქმით, ექიმები „უკვე ღიად საუბრობენ შავ ჭირზე“, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში ეს დიაგნოზი არ ფიგურირებდა.

3 ოქტომბერს დილით ირკუტსკის ოლქის ქალაქ ბაიკალსკის ადმინისტრაციამ, შავი ჭირის შემთხვევის შესახებ არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსახლეობას მოუწოდა, არ წასულიყვნენ შელეხოვსა და მის მიმდებარე დასახლებებში. მოგვიანებით ეს პუბლიკაცია წაიშალა.

საერთაშორისო რეაქცია

რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები აკვირდება რუსეთის ირკუტსკის რეგიონში ფილტვის ჭირის სავარაუდო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სწორედ ამ დიაგნოზით გარდაიცვალა 28 წლის ლაბორანტი ქალი. რუსეთიდან გავრცელებული საგანგაშო ინფორმაციის ფონზე ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი გამოდის ინიციატივით, დაწესდეს მასშტაბური შეზღუდვები რუსეთში მოგზაურობაზე.

„ჩვენთვის ცნობილია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში ფილტვის ჭირის სავარაუდო ფატალური შემთხვევის შესახებ გავრცელებული ცნობები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, - ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან და ჩვენს სხვა უწყებათაშორის პარტნიორებთან ერთად.“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, „ოპერატიულად და ღიად გააზიაროს სანდო ინფორმაცია“.

აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აქტიურად თანამშრომლობენ სახელმწიფო დეპარტამენტთან. მისი თქმით, უწყებისთვის აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოება „უმაღლესი პრიორიტეტია“.

აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი
აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი

ვითარებასა და რუსეთის მიერ გატარებულ საკარანტინო ზომებს აკვირდება თეთრი სახლიც. ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილია გავრცელებული ინფორმაცია და რომ მთავრობა განიხილავს შესაძლო ზომებს.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამჟამად შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პირდაპირი კომერციული ფრენები არ სრულდება და ვაშინგტონს შავი ჭირის სავარაუდო გამოვლინებასთან დაკავშირებით მოგზაურობის დამატებითი შეზღუდვების შესახებაც არ განუცხადებია.

შეშფოთება იზრდება

რუსეთიდან გავრცელებულმა ცნობებმა შეშფოთება გამოიწვია ამერიკელ კანონმდებლებსა და ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, მათ შორის ბიოლოგიური იარაღის სფეროში რუსეთის მიერ წარმოებული კვლევების გამო.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა დონ ბეიკონმა (რესპუბლიკელი ნებრასკის შტატიდან), რომელიც თავდაცვის კომიტეტში მაღალი რანგის თანამდებობას იკავებს, ეს ცნობები დაუკავშირა რუსეთის ხანგრძლივ ბრალდებებს, თითქოს უკრაინაში აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი ლაბორატორიები ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან დაკავშირებულ კვლევაში მონაწილეობდნენ.

„მახსოვს, როგორ მესმოდა ანტიუკრაინული აქტორებისგან ე.წ. ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ. ეს რუსული დეზინფორმაციული კამპანია იყო თავისი საუკეთესო გამოვლინებებით, მაგრამ სინამდვილეში ბიოლოგიური ლაბორატორიები რუსეთს აქვს“, - დაწერა ბეიკონმა სოციალურ ქსელში.

რუსეთი დიდი ხანია ადანაშაულებს ვაშინგტონსა და კიევს უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის ობიექტების განთავსებაში, თუმცა გარდა იმისა, რომ ორივე ქვეყნის მთავრობები უარყოფენ ამ ბრალდებებს, არც დამოუკიდებელ გამოძიებებს არ აღმოუჩენიათ დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ამასთან, საბჭოთა კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ 1972 წლის ბიოლოგიური იარაღის კონვენციის მონაწილე იყო, ცივი ომის პერიოდში ახორციელებდა შეტევითი ბიოლოგიური იარაღის შექმნის მასშტაბურ პროგრამას. საბჭოთა კავშირიდან გაქცეული მეცნიერების ჩვენებებისა და შემდგომი გამოძიებების შედეგად დოკუმენტურად დადასტურდა პათოგენებთან, მათ შორის შავ ჭირთან დაკავშირებული სამხედრო კვლევები, ასევე ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი შტამების შექმნის მცდელობები.

ოფიციალურად არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ამჟამინდელ ინციდენტთან დაკავშირებული ლაბორატორია შავ ჭირს ბიოიარაღად გამოყენებისთვის ამუშავებდა ან რომ ლაბორატორიის თანამშრომლის სიკვდილი ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროგრამას უკავშირდება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ადამ კინზინგერი (ილინოისის შტატი, რესპუბლიკური პარტია) ასევე გამოვიდა მოწოდებით, შეჩერდეს რუსეთთან ავიამიმოსვლა.

„მთელმა მსოფლიომ უნდა აკრძალოს ყველა რეისი რუსეთში და რუსეთიდან“, - დაწერა კინზინგერმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით კინზინგერი ასევე გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს როგორც რუსეთიდან ფრენები, ასევე სხვა ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შესვლის პროცესიც, სანამ ვითარება არ გაირკვევა.

რა მოხდა ირკუტსკში?

2 ოქტომბერს ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი, 28 წლის ქალი. ტელეგრამის არხები Mash-ი და Baza, ასევე გამოცემა „ლიუდი ბაიკალა“ წერენ, რომ საქმე ეხება ფილტვის ჭირს.

„ლიუდი ბაიკალას“ მონაცემებით, გარდაცვლილი არის 28 წლის ლაბორანტი დარია შიპილოვა. როგორც გამოცემა ამტკიცებს, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, 25 სექტემბერს, მას სამუშაო ადგილზე გაუტყდა ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარა, რის შემდეგაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს. შიპილოვა 1-2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა.

შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი გამოიკვლიეს და კარანტინში მოათავსეს, წერს „ლიუდი ბაიკალა“.

კარანტინი გამოცხადდა შელეხოვის საავადმყოფოშიც, სადაც პაციენტი იმყოფებოდა: გამოცემა „ბორუსის“ მონაცემებით, 1 ოქტომბრიდან იქ შეჩერებულია რამდენიმე განყოფილების პაციენტების მიღება და გაწერა.

ჭირის პნევმონიური ფორმა შესაძლოა ადამიანისგან ადამიანს გადაეცეს ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამასთან, იმის ოფიციალური დადასტურება, რომ შიპილოვას გარდაცვალების მიზეზი სწორედ ჭირი გახდა, მოყვანილ ცნობებში ამ ეტაპზე არ მოიპოვება.

რუსეთის ხელისუფლებას ეს ინფორმაცია საჯაროდ არ დაუდასტურებია.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უწყებამ, „როსპოტრებნადზორმა“, განაცხადა, რომ შიპილოვას „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია“ დაუდგინდა. უწყების ცნობით, მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ჩატარდა დამატებითი ანალიზები, თუმცა ქალის სამუშაოსთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები აღმოჩენილი არ ყოფილა.

„როსპოტრებნადზორმა“ ასევე განაცხადა, რომ ინსტიტუტში პათოგენურ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული არცერთი უბედური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამავდროულად, ხელისუფლებამ პრევენციული ზომები გაატარა. დაახლოებით 200 ადამიანი, რომლებსაც შესაძლოა შიპილოვასთან კონტაქტი ჰქონოდათ, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ან იზოლაციაში მოათავსეს, ხოლო რეგიონის საავადმყოფოებში შეზღუდვები დაწესდა.

ამ ზომებმა სპეკულაციები გამოიწვია, რადგან რუსეთის ოფიციალური პირები თავდაპირველად თავს იკავებდნენ ჭირის შესახებ საჯაროდ საუბრისგან, მაშინ როცა ადგილობრივი და დამოუკიდებელი წყაროები იუწყებოდნენ შესაძლო ლაბორატორიული ავარიის შესახებ, რომელიც ჭირის გამომწვევ ბაქტერიას - Yersinia pestis-ს - უკავშირდებოდა.

„როსპოტრებნადზორმა“ ირკუტსკსა და მეზობელ ქალაქ შელეხოვში ეპიდემიოლოგიური ვითარება „სტაბილურად“ შეაფასა.

რა არის ფილტვის შავი ჭირი - ჭირს იწვევს ბაქტერია Yersinia pestis-ი, რომელიც, როგორც წესი, გარეულ მღრღნელებსა და რწყილებში ცირკულირებს. მისი ფილტვის ფორმა ფილტვებს აზიანებს და ახლო კონტაქტის დროს ჰაერ-წვეთოვანი გზით ადამიანიდან ადამიანს შეიძლება გადაეცეს. დაავადება სწრაფად შეიძლება პროგრესირდეს, თუმცა თანამედროვე ანტიბიოტიკები შესაძლოა საკმაოდ ეფექტიანი იყოს, თუ მკურნალობა დროულად დაიწყება. ფილტვის ჭირის შესაძლებლობა გარკვეულწილად ახსნიდა იმ ადამიანების გამოვლენისა და მეთვალყურეობის ქვეშ მოქცევის გადაწყვეტილებას, რომლებსაც შიპილოვასთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ. თუმცა საკარანტინო და მონიტორინგის ღონისძიებები არ ადასტურებს, რომ მას ჭირი ჰქონდა ან დაავადების აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დადასტურებული მტკიცებულებები ირკუტსკის მოსახლეობაში ინფექციის უფრო ფართოდ გავრცელების შესახებ.

4 ოქტომბერს ირკუტსკის გამოცემა „ლიუდი ბაიკალა“ წერდა, რომ ირკუტსკის რამდენიმე საავადმყოფოში სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, დაიხურა ქალაქის N1, N3 და N10 კლინიკური საავადმყოფოები, ასევე ივანო-მატრენინის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო. კარანტინი დაწესდა ირკუტსკის ერთ-ერთ სამშობიაროშიც.

გამოცემას ჯანდაცვის სფეროს ინკოგნიტო წარმომადგენელმა უთხრა, რომ ირკუტსკელი ექიმები „უკვე ღიად საუბრობენ ჭირზე“, თუმცა საავადმყოფოებში შემოსულ დოკუმენტებში ეს დიაგნოზი არ ფიგურირებს.

„ფილტვის ჭირის დროს შერჩევითი კარანტინი არ გამოიყენება - შეზღუდვები ერთდროულად წესდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში“, - ციტირებს „ლიუდი ბაიკალა“ თავის წყაროს ჯანდაცვის სფეროდან.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უწყების („როსპოტრებნადზორი“) მტკიცებით, „ირკუტსკის ოლქში, ქალაქ ირკუტსკსა და ქალაქ შელეხოვში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია“. უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ტარდება „სპეციალურ ღონისძიებათა კომპლექსი“.

ამის მიზეზად კი დასახელდა ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევა. „როსპოტრებნადზორმა“ ცალკე ხაზი გაუსვა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში „მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები“ არ აღმოუჩენიათ.

3 ოქტომბერს შელეხოვში, ირკუტსკის ალუმინის ქარხანაში, პირბადის ტარების რეჟიმი შემოიღეს, რაც ქარხნის დირექტორმა არტიომ ფომინიხმა პრევენციულ ღონისძიებად შეაფასა. „სიფრთხილეს თავი არ სტკივა - დაიცავით უსაფრთხოების ზომები“, - დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

სწორედ შელეხოვოს (ირკუტსკის სატელიტური ქალაქი) საავადმყოფოში გარდაიცვალა 28 წლის პაციენტი - როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი დარია შიპილოვა, რომელიც საავადმყოფოში 29 სექტემბერს გადაიყვანეს და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მედიაში მომხდარის ორი ვერსია გავრცელდა.

ერთ-ერთი ვერსიით, შიპილოვას ფილტვის ჭირი დაუდგინდა მას შემდეგ, რაც ტაილანდიდან დაბრუნდა. მეორე ვერსიით კი, მან ლაბორატორიაში შემთხვევით გატეხა სინჯარა, რომელშიც ჭირის გამომწვევი ბაქტერია იყო. „როსპოტრებნადზორი“ აცხადებს, რომ ინსტიტუტში პათოგენურ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული ავარიული შემთხვევა არ მომხდარა.

ირკუტსკის ოლქის ხელისუფლებას პაციენტის გარდაცვალებისა და შავი ჭირით შესაძლო დაავადების შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გაუვრცელებია. გუბერნატორმა იგორ კობზევმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ თათბირი გამართა რუსეთის მთავარ სანიტარიულ ექიმთან, ანა პოპოვასთან, რომელიც თავად ესტუმრა ირკუტსკს. კობზევმა შეხვედრის მიზეზად დაასახელა „რეგიონის მცხოვრების განსაკუთრებით საშიში ინფექციით დაავადების საეჭვო შემთხვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია“.

გამოცემა „ლიუდი ბაიკალა“ ასევე წერდა, რომ ქალაქის მცხოვრებლებმა ქუჩებში შენიშნეს დამცავ კოსტიუმებში, ნიღბებსა და ხელთათმანებში გამოწყობილი ადამიანები. გამოცემის წყაროების ცნობით, 1 ოქტომბრის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანები, რომლებითაც შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები გამოკვლევებზე გადაიყვანეს, ФСБ-ის თანამშრომლების მომეტებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდნენ.

აცრა ასპროცენტიან დაცვას არ უზრუნველყოფს

რუსეთში შავი ჭირის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ცოცხალი ვაქცინა, რომელიც Yersinia pestis EV-ის დასუსტებულ შტამზეა დამზადებული და ნ.ფ. გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ არის შემუშავებული. ეს ვაქცინა, მათ შორის, განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჭირის გამომწვევ ცოცხალ კულტურებთან მუშაობენ. ინსტრუქციის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ერთ წლამდე ნარჩუნდება.

თუმცა ვაქცინაცია აბსოლუტურ დაცვას არ ნიშნავს. სამეცნიერო მიმოხილვები აჩვენებს, რომ რუსეთში გამოყენებული ცოცხალი ვაქცინა კარგად არის შესწავლილი, როგორც ბუბონური ჭირის პროფილაქტიკის საშუალება და არსებული მონაცემებით, შესაძლოა ფილტვის ჭირისგანაც იცავდეს, თუმცა ადამიანებში ასეთი დაცვის ზუსტი ეფექტიანობა თანამედროვე კონტროლირებად კვლევებში დადგენილი არ არის. სამეცნიერო ლიტერატურაში მისი ეფექტიანობა ფასდება ნაწილობრივ დაცვად.

ამიტომ თავად ვაქცინაცია არ გამორიცხავს არც სამედიცინო მეთვალყურეობის და არც შესაძლო ინფიცირების შემდეგ გადაუდებელი პროფილაქტიკის საჭიროებას. მოქმედი მეთოდური მითითებები ითვალისწინებს პროფილაქტიკურ მკურნალობას როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჭირით დაავადებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ, ასევე ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის (ავარიის შემთხვევაში) - მაგალითად, თუ დაავადების გამომწვევი კულტურა კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვდა ან ინდივიდუალური დაცვის საშუალებები დაზიანდა.

რამდენ ხანს გრძელდება ინკუბაციური პერიოდი?

რუსეთში მოქმედი მეთოდური რეკომენდაციების თანახმად, ჭირის ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე საათიდან ექვს დღემდე და უფრო მეტხანს გრძელდება, საშუალოდ კი - ორიდან ოთხ დღემდე. ვაქცინირებულ ადამიანებში ან მათში, ვინც პროფილაქტიკურ პრეპარატებს იღებდა, ის შესაძლოა რვა-ათ დღემდე გახანგრძლივდეს.

პირველადი ფილტვის ფორმის შემთხვევაში პერიოდი, როგორც წესი, უფრო ხანმოკლეა: აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) უთითებს ერთიდან სამ დღემდე პერიოდს. სწორედ ინკუბაციური პერიოდის მაქსიმალურ ხანგრძლივობას უკავშირდება ჭირზე ეჭვის შემთხვევაში სამედიცინო მეთვალყურეობის გავრცელებული, ექვსდღიანი ვადა: სანიტარიული წესები ითვალისწინებს კონტაქტში მყოფი პირების ექვსი დღის განმავლობაში დაკვირვებას.

გადაუდებელი პროფილაქტიკა ანტიბიოტიკებით

სპეციალისტების განმარტებით, თუ დაავადების გამომწვევთან კონტაქტი ნამდვილად მოხდა, მხოლოდ პაციენტის იზოლაცია საკმარისი არ არის. წესები კონტაქტში მყოფი პირებისთვის გადაუდებელ პროფილაქტიკას - ანტიბაქტერიული პრეპარატებით პრევენციულ მკურნალობას - ითვალისწინებს. პრევენციული მკურნალობა ტარდება იმ ადამიანებშიც, რომლებიც ჭირით დაავადებულთან ან ინფიცირებულ მასალასთან კონტაქტის შემდეგ იზოლაციაში იმყოფებიან. ფილტვის ჭირის შესაძლო შემთხვევის დროს ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია კერის ლოკალიზაციის პირველ დღეებში.

მსგავსი მიდგომა გამოიყენება ბევრ ქვეყანაში: CDC რეკომენდაციას უწევს ფილტვის ჭირის ფორმით დაავადებულთან ან ინფიცირებულ მასალასთან მნიშვნელოვანი კონტაქტის შემდეგ ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკური მკურნალობის შვიდდღიან კურსს.

როგორც რუსული მედია წერს, უცნობია, იღებენ თუ არა ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკურ მკურნალობას დარია შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტის იზოლირებული თანამშრომლები, ექიმები და საავადმყოფოების პაციენტები.

„როსპოტრებნადზორის“ 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია სამედიცინო მეთვალყურეობასა და ყოველდღიურ ლაბორატორიულ კვლევებზე, თუმცა კონტაქტში მყოფი პირების პრევენციულ მკურნალობაზე ინფორმაცია არ არის.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG