Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოღოები და ტკიპები ღამურებისა და ღორის ჭირის შემდეგ - რუსეთი საქართველოდან ახალ "საფრთხეს" ასახელებს


რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელი იგორ კირილოვი.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელი იგორ კირილოვი.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა ოთხშაბათს საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებების გადამტანი კოღოების და ტკიპების მომრავლების შესახებ ისაუბრა. თუ აქამდე რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებას განიხილავდნენ „ბიოლოგიურ იარაღად“, ახლა კირილოვი საუბრობს აშშ-ის მიერ შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებსაც თითქოს დაავადების გადამტანი კოღოების გასავრცელებლად იყენებენ.

კირილოვის განცხადებით: „ლუგარის ცენტრის დისლოცირების რეგიონში განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისით. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღოების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, - თქვა კირილოვმა. მანვე დაამატა რომ სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში ყირიმ-კონგოს ცხელების აფეთქების მიზეზი გახდა ტკიპების გავრცელება.

კირილოვის თქმით, გადამტანებისთვის არატიპური არეალის გაფართოების დინამიკა იძულებს ხდის, ყურადღება მიაქციოს ამერიკის სააგენტოს მიერ გაცემულ პატენტებს და სავაჭრო ნიშნებს ბიოლოგიური იარაღის მიწოდებაზე.

საუბარია ჰაერში დაავადებული მწერების გამავრცელებელი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის გაცემულ № 8967029 პატენტზე. პატენტის აღწერაში მითითებულია, რომ ამ მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელია მოწინააღმდეგის ჯარების განადგურება აშშ-ის სამხედროებისთვის რისკის გარეშე“, - მბობს კრილოვი და დაასკვნის, რომ საუბარია ქიმიური და ბიოლოგიური რეცეპტურისთვის საჭირო მასალის მიწოდებაზე, რაც მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის უკონტაქტო განადგურების საშუალებას იძლევა და რაც, მისი სიტყვებით, ამერიკის „უკონტაქტო ომის“ კონცეფციას ემთხვევა. კირილოვის განცხადებით, ამგვარი მასალის მიწოდებით შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს მე-4 კონვენციას არღვევს, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ.

იგორ კირილოვმა პრეზენტაციაც წარმოადგინა და ის ზარალი დათვალა, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებით მიადგა. მისი სიტყვებით, რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული პირდაპირი ზარალი 100 მლნ დოლარზე მეტია, ირიბი ზარალი კი 500 მლნ დოლარს აღწევს.

კირილოვის თქმით, ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში 2007 წლიდან ფიქსირდება.

რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის თაობაზე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 23 მარტს ისაუბრა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

"ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე დეზინფორმაციის გამოყენებას რუსეთი წლებია ცდილობს საქართველოში. ვფიქრობ, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ არის მართალი. [რუსეთი] თავდასხმებს ახორციელებს ლუგარის ცენტრზე, რომელიც არის კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც ფლობს საქართველო და იმართება საქართველოს მთავრობის მიერ... ასე რომ, ნარატივი, რომელსაც რუსეთი აქ იყენებს და ცდილობს სხვაგანაც გამოიყენოს, უბრალოდ არ არის მართალი. ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ისინი კვლავაც იყენებენ იმას, რამაც ვერასდროს მოიპოვა პოპულარობა", - თქვა კელი დეგნანმა.

ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეებზე ხშირად საუბრობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა 21 მარტს საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა და მოუწოდა, ამ ლაბორატორიების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მათ მიაწოდონ.

2020 წელს ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ე.წ. საზღვარი გადაკვეთა ღამურების დასაჭერად, რომლებიც თბილისში 5 000-10 000 აშშ დოლარად უნდა გაეყიდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მაშინ განაცხადა: "ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არცერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს”.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაშინ ამბობდა, რომ საქართველო მზად იყო, აღსდგომოდა ნებისმიერ მცდელობას, რომელიც “ფეიკ ნიუსებითა” თუ შეტევებით ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ აშშ ხარკოვის ლაბორატორიაში მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა საიდუმლო პროექტს ღამურებიდან ადამიანებისთვის დაავადებების გადაცემის გზების შესასწავლად.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააქტიურეს პროპაგანდისტული კამპანია უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებში საიდუმლო ცდებსა და ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესახებ. რუსეთის განცხადებებს სრულ სიყალბეს უწოდებენ როგორც უკრაინა, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ასევე, თავად რუსი მეცნიერების ნაწილი.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა რუსეთის პროსახელისუფლებო მედიას მიმართეს, შეწყვიტონ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება ლაბორატორიების შესახებ, რომლებშიც თითქოსდა რუსეთის საწინააღმდეგო ბაქტერიოლოგიურ იარაღს ამზადებენ.

„ეს სრული ბოდვაა ყველასთვის, ვინც ბიოლოგიის სასკოლო კურსს მაინც იცნობს“, - ნათქვამია მიმართვაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ბიოლაბორატორიები აშშ-ის მიერ გამოიყენებოდეს ისეთი ბიომასალების შესაქმნელად, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის დასაავადებლად.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში რუსული პროპაგანდის ქრესტომათიას უწოდებენ მოსკოვის განცხადებებს, რომ ვაშინგტონი უკრაინაში ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს ქმნიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითქოს უკრაინის მიერ მასობრივი განადგურების აკრძალული იარაღის გამოყენების თემის წამოწევა რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ამზადებს პროვოკაციებს ქიმიური თავდასხმის გასამართლებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG