Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვები ექვს ეტაპად, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალებით მოიხსნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების გამო დაწესებული შეზღუდვები, გეგმის მიხედვით, ორკვირიანი ინტერვალებით მოიხსნება.

შეზღუდვების შემსუბუქება 27 აპრილიდან დაიწყება. ორშაბათიდან, დაშვებული იქნება ონლაინვაჭრობა, ავტომანქანებით გადაადგილება, ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა:

„შეზღუდვების მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, იქნება ორი კვირის შემდეგ, თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით“, - აცხადებს გიორგი გახარია.

  • მეორე ეტაპზე დაშვებული იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოების და ავტოსერვისების სრულად ამუშავება, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.
  • მესამე ეტაპი - გარდა დიდი სავაჭრო მოლებისა, იხსნება ის საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე ყველა ტიპის ღია ბაზრობა, წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა: „ეს ნიშნავს, რომ მესამე ეტაპზე ჩვენ დიდწილად ვხსნით ვაჭრობას“.
  • მეოთხე ეტაპი - იხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
  • მეხუთე ეტაპი - იხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი, კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.
  • მეექვსე ეტაპი - დაშვებულია გასართობი, სპორტული, შემოქმედებითი საქმიანობა, აზარტული თამაშების, სასტუმროების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ყველა სხვა სახის საქმიანობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მეექვსე ეტაპზე გადასვლისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ვირუსის გავრცელების დინამიკას.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის კანცელარიაში წარადგინა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ზომები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG