Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუძლია თუ არა ოპოზიციას საარჩევნო სიის გაუქმება, და თუ კი - როგორ


8-ვე ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან დღემდე აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას და არც მეორე ტურში მონაწილეობას.

საარჩევნო კოდექსით, პარტიებს საარჩევნო სიის გაუქმება ყველაზე გვიან არჩევნების გამართვამდე 12 დღით ადრე შეუძლიათ, მეორე ტურში კი კანდიდატის მოხსნა შეუძლებელია. ამ მოცემულობით, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უფლებამოსილება მოიხსნან, ისინი ჯერ პარლამენტის დეპუტატები უნდა გახდნენ.

საქართველოს კანონმდებლობით, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის დეპუტატი ხდება ამავე პარტიის ან ბლოკის სიით წარდგენილი ის პირი, რომელიც ე.წ. სათადარიგო სიაში (პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები) იყო. პარტიას ან ბლოკს ე.წ. სათადარიგო სიის გაუქმება კი მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც მას უფლებამოსილება ახალი პარლამენტის წევრები მიანიჭებენ, ანუ პირველი სხდომის გამართვის შემდეგ. საარჩევნო სუბიექტს არ აქვს უფლება ეს სია გააუქმოს, თუ პარლამენტის დეპუტატობაზე უარი თქვა მოქმედმა დეპუტატმა და მისი ადგილმონაცვლე ჯერ არ შესულა საკანონმდებლო ორგანოში.

ე.წ. სათადარიგო სიის გასაუქმებლად პარტიის ან ბლოკის უფლებამოსილმა პირმა უნდა დაწეროს განცხადება ცესკოს თავმჯდომარის სახელზე. ეს სია უქმდება მიმართვიდან 3 დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით. ამ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარეს ფორმალური ფუნქცია აქვს, ვადის გასვლის შემდეგ მიმართვა ავტომატურად იწყებს მოქმედებას.

გამოდის, რომ ოპოზიციურ პარტიებს ბოიკოტის პირობებშიც კი მოუწევთ დაელოდონ ახალი პარლამენტის შეკრებას და მხოლოდ ამის შემდეგ ინდივიდუალურად მიმართონ ცესკოს "სათადარიგო სიის" გაუქმების შესახებ და უფლებამოსილების შეჩერებების მოთხოვნის განაცხადები დაწერონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG