Accessibility links

შეყვარებული პეტრარკა


შეყვარებული პეტრარკა
please wait

No media source currently available

0:00 0:28:51 0:00
Direct link

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს დიდ იტალიელ პოეტზე, იტალიური სონეტის მამაზე, ფრანცესკო პეტრარკაზე და მისი პოეზიის მთავარ სუბიექტზე, ლაურაზე.

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს დიდ იტალიელ პოეტზე, იტალიური სონეტის მამაზე, ფრანცესკო პეტრარკაზე და მისი პოეზიის მთავარ სუბიექტზე, ლაურაზე. ამბობენ, რომ ეს იყო ე.წ. პლატონური სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, ჩვენ ზუსტად ვიცით დრო – 1327 წლის 6 აპრილის დილა, წითელი პარასკევი, ასევე ჩვენ ვიცით ადგილი – ავინიონი, წმინდა კლარას ტაძარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი პეტრარკამ თავისი სათაყვანო ვერგილიუსის „ენეიდის“ გრაგნილის მეორე მხარეს ჩაწერა, მიუხედავად იმისა, რომ პეტრარკას შემოქმედება სავსეა ლაურასადმი მიძღვნილი უდახვეწილესი და გენიალური სონეტებით, მეცნიერებაში დღემდე მაინც კამათობდნენ, საერთოდ, იყო თუ არა ისტორიაში ეს ქალი. და მაინც, როგორც ჩანს, იყო ლაურა, არსებობდა ლაურა დე ნოვი (1310-1348), შემდგომში გრაფ დე სადის მეუღლე, სკანდალურად ცნობილი რევოლუციონერის, ფილოსოფოსისა და მწერლის, მარკიზ დე სადის პირდაპირი წინაპარი. ოცდაორი წლის პეტრარკამ იგი, როგორც ვთქვით, პირველივე დანახვისთანავე შეიყვარა და თუმცა ლაურა ერთგული მეუღლე და 11 შვილის დედა იყო, პეტრარკას მასზე ფიქრი არ შეუწყვეტია მას შემდეგაც კი, როდესაც 38 წლის ახალგაზრდა ქალი მათი გაცნობიდან 21 წლის შემდეგ იმავე 6 აპრილს გარდაიცვალა (ვარაუდობენ, რომ იგი მაშინ მძვინვარე შავმა ჭირმა იმსხვერპლა). სიკვდილის შემდეგაც დიდი პოეტი მას გაუთავებლად უძღვნიდა სონეტებს, ხოლო ერთი დღე, სწორედ 6 აპრილი, აუცილებელი ახალი სონეტის დღე იყო ყოველწლიურად. პეტრარკას სატრფიალო სონეტები ორ ნაწილად იყოფა: „მადონა ლაურას სიცოცხლეზე“ (263 სონეტი) და „მადონა ლაურას სიკვდილზე“ (103 სონეტი). ეს არის მსოფლიო პოეზიის 366 მარგალიტი, 366 მტკიცებულება-შედევრი მარადიული სიყვარულის არსებობის შესახებ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG