Accessibility links

შიდა ქართლი - ბოლო 4 დღეში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, ერთ ოჯახში, 4 ადამიანს დაუდასტურდა COVID 19. ინფორმაცია დაადასტურა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა. მისი თქმით, სოფელში ეპოდემიოლოგები მუშაობენ ინფიცირებულთა კონტაქტების დასადგენად და გამოკვლევის ჩასატარებლად.

მეტეხში ინფიცირების სულ 5 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი შემთხვევა 14 ივნისს გამოვლინდა. ინფიცირებული პირი რესპუბლიკური სააავადმყოფოს თანამშრომელია, დანარჩენი 4 კი მისი ოჯახის წევრები არიან. ინფიცირებულის შვილი აცხადებს, რომ 14 ივნისს ოჯახის წევრებისგან აღებულმა ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა და ინფიცირებულებს შორის ორი არასრულწლოვანია.

მეტეხში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. სოფელში 18 პირს აუღეს ნიმუში და გამოსაკვლევად ლუგარის ცენტრში გაგზავნეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, ეკა ქორჩაშვილი, აცხადებს, რომ ნიმუშების აღება გაგრძელდება და მომდევნო დღეებში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან.

მეტეხში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებას ელოდება ადგილობრივი ხელისუფლებაც. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ჯერ სოფლის საკარანტინო ზონად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მკაცრი ზომების გატარებისას ეპიდემიოლოგების რჩევის მიხედვით იმოქმედებს.

ჩაიკეტება თუ არა გორისა და კასპის მუნიციპალიტეტი? - ახლა ეს კითხვა ყველაზე აქტუალურია, რადგან ბოლო ერთ კვირაში რეგიონში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - აქედან სამი გორის, 6 კი კასპის მუნიციპალიტეტში. ბოლო შემთხვევების გამო 37 პირს მიეცა თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვევების შემდეგ გორში სწრაფად გავრცელდა ხმები რეგიონის შესაძლო ჩაკეტვის თაობაზე, ამიტომ ორშაბათს გორში უამრავი მანქანა მოძრაობდა, მომხმარებლებით სავსე იყო სასურსათო და ქსელური მაღაზიები - ადამიანები პროდუქტებს იძენდნენ, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი ღონისძიებების გატარებას ჯერ არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG